logo_geo
ირმა ინაშვილი: მივმართავ შესაბამის ორგანოებს - დაიწყონ დავით ქაცარავას საქმიანობის შესწავლა!
- +

11 მაისი. 2018. 13:55

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვფიქრობ, არავინ კამათობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია. არა მგონია, საკამათო იყოს, რომ ჩვენ სოხუმსა და ცხინვალს საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ. ალბათ, არც ის უნდა იყოს სადავო, რომ აფხაზებისა და ოსების უმრავლესობას არ სურს ერთიან საქართველოში ცხოვრება და ეს არა მხოლოდ სამწუხარო, არამედ ტრაგიკული ფაქტია. მაშინ რისი იმედი გვაქვს? ჯერ ერთი, იმავე აფხაზეთში 60 000 ქართველი, 70 000 აფხაზი, 80 000 სომეხი ცხოვრობს და ჩვენ ამ 60 000 ქართველის იმედი გვაქვს. ზუსტად აღარ ვიცი, რამდენი ქართველი ცხოვრობს ცხინვალში, მაგრამ ჯერ კიდევ ცხოვრობენ და ჩვენ, პირველ რიგში, ამ ქართველების იმედი გვაქვს. მეორეც- არ ვიცი, პროცენტულად როგორ გამოიხატება, მაგრამ ნამდვილად ვიცნობ აფხაზებსა და ოსებსაც, რომლებსაც საქართველო უნდათ. სამწუხაროდ, ეს უფროსი თაობაა და ისინი უმრავლესობა არ არიან, რაც, ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ახალი თაობა საქართველოს არ იცნობს... მეორე მხრივ, ისინი არიან! და ჩვენ მათი იმედიც უნდა გვქონდეს! აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ სომხეთის ხელისუფლებასთან, რომ მან აფხაზეთში სომხურ დიასპორაზე ჩვენთვის სასიკეთო გავლენა მოახდინოს. მოკლედ, აქ უამრავი, დიდი და პატარა პრობლემაა და ძალიან გონივრული ტაქტიკა და მოქმედებებია საჭირო... მაგრამ მე ორ მომენტს გამოვყოფდი:

 

დაუშვებელია იზოლაცია. მათ შორის, თვითიზოლაცია, რისკენაც ბოკერიას ჯგუფი გვიბიძგებს. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის ერისა და ქვეყნის ღალატი!

 

საპროტექსტო აქციები და კამპანია ზოგჯერ აუცილებელიცაა, მაგრამ დიდი სიფრთხილე დ გონიერებაა საჭირო, რომ არავის მივცეთ საბაბი,- კვლავ შეიცვალოს საზღვრები, კვლავ მოხდეს ქართული მიწების მიტაცება და საბოლოოდ, ღმერთმა ნუ ქნას, კვლავ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები.

 

სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში რამდენჯერმე საჯაროდ განვაცხადე, რომ ბატონი დავით ქაცარავას ქმედებები, ჩემი აზრით, გონივრულობის ფარგლებში არ ჯდება. ერთი მხრივ, თითქოს საპროტესტო აქციებში ცუდი რა არის?! პირიქით, კარგია! ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის დანაწევრებას და ამას მხარს უნდა ვუჭერდეთ, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით და დაკვირვებით, ბატონი ქაცარავა ამ ყველაფერს ისე ასხამს ხორცს, რომ სწორედაც გამოიწვიოს უმართავი პროცესები, რაც სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება. ჩნდება კითხვა: ბატონ დავით ქაცარავას გულუბრყვილო აღტკინება და სამშობლოსადმი სიყვარული ამოძრავებს, თუ ბოკერიას მსგავსად, მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში უმართავი პროცესების გამოწვევა?! ჩემი აზრი საჯაროდ რამდენჯერმე გამოვთქვი და ახლაც იმავეს ვიმეორებ: ბატონი ქაცარავა ამას სრულიად გააზრებულად აკეთებს და კარგად ესმის, რომ მსგავს ქმედებებს, რასაც თავად ანტისაოკუპაციო მოძრაობას უწოდებს (საბოლოო ჯამში), მოსდევს პროვოკაციის აფეთქება დ სამხედრო დაპირისპირება. ის, ჩემი აზრით, ცდილობს ამ დაპირისპირების გამოწვევას, რაც ჩვენთვის მორიგი ტრაგედიით დასრულდება! ახლა მინდა, ჩემი აზრით, ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

 

2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ( სწორედ დავით ქაცარავას ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში) საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა რუსული ბანკის „Alfa Bank“ თანამშრომელთა ჯგუფი. პროექტი ექსკურსიების, წვეულებების ორგანიზებას ითვალისწინებდა, რაც, ცხადია, დაფინანსებული იყო რუსული ბანკის სათაო ოფისის მიერ, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ბატონმა ქაცარავამ და მასთან დაკავშირებულმა პირთა წრემ (ორგანიზატორთა სახით) უარი არ თქვა რუსული ფულის აღებაზე ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც თავად გახლდათ. პროექტის დეტალებს დავით ქაცარავა „Alfa Bank“-ის თანამშრომელთან ვინმე ანგელინა ულიანნიკოვასთან ათანხმებდა. ანტირუსული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მგზნებარე ლიდერი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს (მისი ორგანიზაციის წევრებისაგან ფარულად) რუსული ბანკის თანამშრომლებს რესტორან „მეტეხის ჩრდილშიც“ მასპინძლობდა.

 

მორიგჯერ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,- დაიწყოს დავით ქაცარავას საქმიანობის შესწავლა, დაიწყოს იმ ეპიზოდის გამოძიება, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მზად ვარ,- ჩემს ხელთ არსებული მასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომაწოდეს, გადავცე სათანადო ორგანოებს. გამოძიებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ ვინ, როდის და როგორ გადმომცა ეს მასალა“, - წერს ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი