logo_geo
მამა პეტრე კოლხი: უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი რუსთაველზე?! კი, უნდა მდგარიყო...
- +

14 მაისი. 2018. 11:56

„ჩემი შვილი, შენი შვილი და სხვისი შვილი სანამ არ დამთავრდება, მანამდე შეუძლებელია, გამოსავალი მოვნახოთ...“ - წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გადავწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ სასულიერო პირის შვილიც ამ საზოგადოების, ამ გარემოს, ამ რეალობის ნაწილია... დიახ, ნაწილია და ეს ძალიან კარგია, რადგან იზოლაციაში მოქცეული ადამიანი პიროვნებად ვერასდროს, მითუმეტეს ვერც მოაზროვნედ ჩამოყალიბდება...

 

რაც შეეხება კითხვას - უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი გუშინ რუსთაველზე?!

 

სანამ ვიტყოდე კი ან არას, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ აკრძალვამ არასდროს გამოიღო შედეგი...

 

იქ, რუსთაველზე მომხმარებლების გარდა აბსოლუტურად ჯანსაღი მხარეც იდგა...

 

იდგა იმიტომ, რომ ისინი თვლიდნენ, მათი კლასელი, მეზობელი, მეგობარი ძალადობით და მუქარით დააშანტაჟეს!..

 

ეს ის თაობაა, ის ნაწილია, რომელმაც თავის დროზე და ამ დღეებშიც არასრულწლოვანთა კლუბში შესვლაც გააპროტესტა, აპროტესტებდა „თეთრ სიკვდილსაც“, აპროტესტებდა უზნეობას, ამორალიზმს, მაგრამ საკამათო ის აღმოჩნდა, რატომ იდგნენ „დაბოლილების“ გვერდით...

 

ისინი გმობდნენ ძალადობას... დიახ, თავის დროზე ძალადობის, აგრესიის, სიძულვილის გამო წავიდნენ სახლიდან, ხელიდან და ჯოჯოხეთს მოაწერეს ხელი...

 

თაობებს შორის ჩატეხილი ხიდი თუ ოდნავ მაინც გამთელდება, ხელი არ უნდა შევუშალოთ... მათ მხარეს დავდგეთ და ბოლო წერტილამდე შევეცადოთ გადარჩენას...

 

მე მაქვს კითხვა მათთან, ვინც ეს დღეები რუსთაველზე იდგა და ძალადობას აპროტესტებდა...

 

თუ ყოფილან ოდესმე ისეთი ერთსულოვანი ტატუნაშვილის გამო?! ან იმის გამო, როგორ გვიღებს ბოლოს მცოცავი აგრესია?! ან იმისთვის, გაუნათლებლობამ და უწიგნურობამ ბოლო რომ მოგვიღო?!

 

რატომ მაყენებს შეურაცხყოფას ჩემი რელიგიის, მრწამსისა და აღმსარებლობისთვის?! რატომ არ უნდა გაიგოს, ამ თაობის ქმედებები ხშირად ძალადობას ემსგავსება, როდესაც თავი ყოველთვის მართალი ჰგონია...

 

ჩვენი ბრალია, ჩვენს შვილებში თუ ბევრი ხარვეზია... ყველა სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი ჩვენზე უკეთესები მაინც გაიზრდებიან... ჩვენ შეზღუდვების თაობა ვარ, რამაც გონებრივადაც ნეგატიურად იმოქმედა...

 

კანონი და რელიგია ყველას შიგნით უნდა გვქონდეს გამჯდარი, თავად უნდა ვიცოდეთ, სად მთავრდება თავისუფლება და სად იწყება უზნეობა...

 

უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი რუსთაველზე?! კი, უნდა მდგარიყო... თავისი თვალით დაენახა, რა დილემის, უბედურების წინაშე დგას ჩვენი მომავალი... უნდა გაეაზრებინა, როგორი უნდა იყო, ან არ იყო...

 

პროტესტი კარგია, აუცილებელიც... ოღონდ, პირველ რიგში საკუთარი თავის, შეცდომების და ხარვეზების მიმართ უნდა გამოვხატოთ პროტესტი...“ - წერს მამა პეტრე კოლხი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი