logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: დიახ, არსებობს გამონაკლისები...
- +

16 მაისი. 2018. 16:50

 

მანუჩარ კაჭახიძე: ენის და სხვა დაუწერელ კანონებს ენათმეცნიერები კი არ ადგენენ, მასზე მოსაუბრე ხალხი!

 

 

ამერიკაში გამომავალი ქართული გამოცემის „მამული“ გამომცემელი, ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ზარი მივიღე ამ რამდენიმე წუთის წინ - ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება ფილოლოგობას მიწუნებდა, - ქრისტე აღდგაო, და არა აღსდგაო!

 

ვერ დავეთანხმები და იმას გაგიზიარებთ, რასაც უკვე წლებია ვაკვირდები. მახსენდება, ეს კამათი 1993 წლის აღდგომიდან მოდის, როცა დასასტამბად დავაგვიანე გაზეთის გაშვება, რომ თავადაც დავრწმუნებულიყავი გაზეთის თავში გამოტანილი სათაურის სისწორეში.

 

ძველი სკოლა აღდგა, სამართლიანობა აღდგა (რაშიც, იმ 9 წლის შემდეგაც, ეჭვი მეპარება), ტრადიცია აღდგა, დანგრეული ხიდი აღდგა, მივიწყებული საგნის სწავლება სკოლაში აღადგინეს, მაგრამ… ეს ჩვენი დალოცვილი ღმერთი არც ამდგარა სასთუმალიდან და არც აღმდგარა…

თუ რამე აღმატებული არსებობს, იმ აღმატებით ხარისხში - ის აღსდგა! და დამეთანხმებით, ჭეშმარიტად აღსდგა!

 

საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას აძლევს ამ მოვლენას!

 

ამიტომაც, მისი საკრალურობაა ის მიზეზი, რატომაც სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. „აღსდგა“ მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ.

 

იქნებ ეს ფორმა ქრისტეს ორბუნებოვნების გამოხატულებაცაა და ამიტომ არ იხმარება ერთპირიანი ზმნა? ყოველთვის ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ქრისტე ღმერთი ორბუნოვანი იყოო, თუმცა ერთპირიან ზმნას ვუსადაგებთ.

 

მე და ქრისტე ღმერთს ერთი კითხვა უნდა დაგვესმოდეს?

 

საერთოდ, ზმნის ფორმა „აღდგა“ არ საჭიროებს „ს“ პირის ნიშანს, თუკი სხვა, არარელიგიურ კონტექსტში გამოვიყენებთ მას. მაგრამ, სად ჩანს აღმატება და უნიკალურობა იმისა, რომ ღმერთის მკვდრეთით აღდგომაზე, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველად აღდგომაზე ვსაუბრობთ?

 

და სად ჩანს ამაღლებულობა, განსხვავებულობა ამ ფაქტის? რომ ქრისტეს აღდგომა პირდაპირპროპორციული არაა ჩემს აღდგენაში თუნდაც სტუდენტად.

 

„ამაღლებულობის“ ლოგიკით, სხვა ზმნისწინების გამოყენების შემთხვევაშიც („აღ“ არის „ა“ ზმნისწინის ძველი ფორმა) უნდა დავწეროთ და წარმოვთქვათ ეს „ს“, ანუ: მავანმა ფეხი გადა(ს)დგა... ახალმა წელმა ფეხი შემო(ს)დგა და ასე შემდეგ.

 

მაშინ რით ამიხსნით, მადამ, ერთპირიან ზმნებში „სცივა“, „სწყურია“ და სხვა ზმნებში „ს“-ს არსებობას? დიახ, არსებობს გამონაკლისები.

 

გეთანხმებით, ერთპირიან ზმნას არ უნდა ჰქონდეს მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი, მაგრამ ხომ მოგვეპოვება ისეთი ზმნები, რომლებსაც ირიბი ობიექტური პირი არ ახლავთ, მაგრამ მისი ნიშანი კი აქვს. მაგ: გასტანს, გასწევს, გამოსცემს, დასძენს და ა.შ.

 

წესით, ამ ზმნებს ეს ნიშანი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამონაკლისია და დასაშვებია. ასეთი ჭრელი ფორმები ქართულ ენაში ხშირად გვხვდება, რომელთაც ზოგადი კანონი არ აქვთ. აი, თუნდაც, გრამატიკული წესებით არასწორი ფორმებია: ვაღიარებ, დაღმართი, წავიდნენ, დარჩნენ და სხვა ასეთი, თუმცა საყოველთაო გამოყენება უკვე აკანონებს მათ.

 

ერთ წესს შეიძლება ჰქონდეს უამრავი გამონაკლისი. ამ შემთხვევაში „აღსდგა“ და ზემოთ მოცემული ზმნები არის გამონაკლისი.

მე ყოველთვის ერთი კანონით ვუდგებოდი ასეთ აბრუნდებს ენაშიც და ცხოვრებაშიც: ენის და სხვა დაუწერელ კანონებს ენათმეცნიერები კი არ ადგენენ, მასზე მოსაუბრე ხალხი! თუ მეტყველებაში გავრცელებული და დამკვიდრებულია, ეს უკვე კანონია.

 

მოდი, ახლა გვერდით გადავდოთ ღვინჯილია და მისთანები, თუნდაც კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე შანიძე და სხვები... და ძველ წიგნებში ჩავიხედოთ:

 

მესმის, რომ სახარება ძველქართულიდანაა ნათარგმნი, და სხვათაშორის, არაფილოლოგთა მიერ (მთაწმინდელი, ოქროპირი), და ამიტომაც თანამედროვე ქართული გრამატიკით ვერ განვსჯით.

 

მაგრამ მრწამსში რატომ ვკითხულობთ „და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა“.

ან ძილად მისვლის ლოცვებში და ფსალმუნნის მეცხრე კანონში, ყოველღამე რატომ ვკითხულობთ: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი“…

თუ ამას სხვანაირად კითხულობს აღდგომის ტიპიკონში მედავითნე?

 

მთავარია, იმ დალოცვილი ღმერთის მკვდრეთით აღდგომაში არ შეგეპაროთ ეჭვი, თორემ მისი ეს სასწაული, თუნდაც მუნჯურად მივულოცოთ ერთმანეთს!

 

ჭეშმარიტად აღსდგა, მეგობრებო!“ - წერს კაჭახიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი