logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: იქნებ ვინმე შეწუხებულიყო ამ ფაქტით?!
- +

16 მაისი. 2018. 17:00

 

ამერიკაში გამომავალი ქართული გამოცემის „მამული“ გამომცემელი, ჟურნალისტი, მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„რეზო ჩხეიძე იგონებდა:

„37-ში მამაჩემი ღამით წაიყვანეს ჩეკისტებმა.

დავრჩით სტუდენტი დედაჩემი და სამი შვილი.

გათენდა. დედამ - სკოლაში წადით, არავის ეგონოს, დავგლახავდითო.

მივედი სკოლაში და ველოდები, ახლა გამკიცხავენ, კრებას მომიწყობენ, როგორც ხალხის მტრის შვილს. ვზივარ გატრუნული, შეშინებული პატარა ბიჭი.

შემოდის დირექტორის მდივანი:

რეზო ჩხეიძე არის? დირექტორი იბარებს!

წავყევი და შიში მიპყრობს. შევედი თუ არა კაბინეტში, ჩემი დირექტორი წამოდგა ადგილიდან, გამოიქცა, გულში ჩამიკრა და მეუბნება:

„რეზო, შენ როგორც სწავლობდი, ისე გააგრძელე სწავლა. ნურაფრის გეშინია. შენ ვერავინ გაწყენინებს და დაგჩაგრავს, სანამ მე აქ ვარ... ოღონდ კარგად ისწავლე!“

გავიმართე წელში და გამოვედი ისე კაბინეტიდან.

ეს ქალი თამარ დახუნდარიძე იყო, მესამე სკოლის დირექტორი.

სამი წლის წინ ვიყავი ქუთაისში მის საფლავზე. წარწერას რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მაშინ, 37-ში, ჩემი დირექტორი მხოლოდ 26 წლის იყო...“

 

შარშან, სექტემბერში ვინახულე თამარ დახუნდარიძის განსასვენარი. მზერით მივხვდი, თორემ ამის აღმნიშვნელი არც სახელ-გვარი ეწერა და არც წლები - ჩამოსხმული სტრიქონები ჯართად მოეპარათ.

 

ორმაისობას წმინდა ნინოს გიმნაზიელები მის საფლავზე რომ ხვდებოდნენ, იქნებ ვინმე შეწუხებულიყო ამ ფაქტით?“ - წერს კაჭახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი