logo_geo
გიორგი თარგამაძე: მამაჩემი, „მაკარიჩი“ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ...
- +

31 დეკემბერი. 2016. 02:20



„ქრისტიან დემოკრატიული" პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს და პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს მამაჩემია... როგორც ტელეოპერატორმა მთელი ცხოვრება კამერის მიღმა გაატარა... ზღაპარივით მახსოვს ბავშვობაში მისი მონაყოლი ისტორიები ქართული ტელევიზიის პირველ დღეებსა და წლებზე: როგორ გადიოდნენ ფუნიკულიორის ანძის სადგურიდან ეთერში, როგორ სწავლობდნენ ყველასთვის ახალ პროფესიებს, როგორი ერთი ოჯახი იყვნენ: დიქტორები, ოპერატორები, რედაქტორები, გამნათებლები, რეჟისორები, ხმის ოპერატორები, ინჟინრები, მძღოლები, დირექტორები... ყველა მათგანის დამსახურებაა, რომ მიუხედავად პროპაგანდისტული მარწუხებისა, ქართული ტელევიზია იყო გამორჩეულად თვითმყოფადი, საინტერესო და კეთილი... ჩვენც იქიდან მოვდივართ... მამაჩემი („მაკარიჩი", როგორც მეგობრულად ეძახდნენ) ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მრავალი წლის შემდეგ, ტელევიზიის ახალი დროების თაობა, „იბერვიზიის" პირველი გადაცემების ღია ეთერს კვლავ ფუნიკლიორიდან წავიყვანდით, მე ვიჯდებოდი ეთერში და მისი დიდი ხნის მეგობრები ტელეკამერასთან, სარეჟისორო პულტთან თუ უბრალოდ სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით მოულოდნელად გაჩენილ არხზე დაინახავდნენ პირტიტველა ბიჭს და თვალცრემლიანი იტყოდნენ: ეს ჩვენი „მაკარიჩის" ბიჭიაო... თუმცა მანამდე ჩემი პირველი სატელევიზიო ნათლობა მაინც პირველ არხზე შედგა „თვალსაწიერში"... ამდენად ორმაგი საბაბი მაქვს დღევანდელი დღე, ქართული ტელევიზიის 60 წელი მოგილოცოთ, განსაკუთრებით მივულოცო მამაჩემის თაობას, რომლებმაც ისიც არ იცოდნენ ვისგან უნდა ესწავლათ თავისი ახალი პროფესია. ჩვენ მათგან განსხვავებით ეს პრივილეგია გვქონდა",- წერს თარგამაძე.


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი