logo_geo
გურამ როგავა: თუ გინდა მომკალით, მაგრამ ეს უნდა ვთქვა!
- +

3 ივნისი. 2018. 22:18

 

ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ გინდა #მომკალით, მაგრამ ეს უნდა ვთქვა!

 

ზვიად კუპრავა მატყუარაა!

 

არაერთხელ გამოვიჭირეთ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში, ტყუილებში, რომელსაც ის სიტუაციის ესკალაციის მიზნით თხზავს. ჯერ თქვა, ზაზა სარალიძე სუსმა გაიტაცაო და პანიკა ატეხა, რამდენიმე წუთში სარალიძე პარლამენტთან მობრუნდა და ჟურნალისტებს გვითხრა, დამშვიდდით, ცოტა ხნით გავედი, მეგობარს შევხვდიო, გაეღიმა.

 

მოგვიანებით, კუპრავამ ტრიბუნიდან განაცხადა, თბილისის მეტრომ მუშაობა შეაჩერა, რომ ხალხი აქციაზე ვერ მოვიდესო, დამაინტერესა და თავისუფლების მეტროსადგურამდე ჩავისეირნე, ჰოი, საოცრებავ, მატარებლები ჩემთვის გასაკვირი სიხშირით მიდი-მოდიან.

 

კიდევ ერთი ტყუილი, რომლითაც კუპრავამ სამსახიობო ნიჭიც გამოავლინა, ეხებოდა ინფორმაციას, თითქოს აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილ, საკვებით დატვირთულ მანქანას არ უშვებდნენ პარლამენტთან (ამ დროს ვითომ მანქანის მძღოლს ელაპარაკებოდა ტელეფონით, რომლის ეკრანზეც კარგად ჩანდა, რომ ზარი არ განხორციელებულა, ეს ვიდეო ბევრმა გააზიარეთ და ალბათ თავადაც დარწმუნდით, როგორი ტალანტი დაკარგა ქართულმა თეატრმა).

 

კუპრავას ტყუილების ჩამონათვალი რომ გავაგრძელო, შორს წავალთ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად ვიტყვი, გუშინდელი მისი მცდელობა და მორიგი ტყუილი რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შანტაჟში დაედანაშაულებინა, კრახით დასრულდა და ეს ამ ვიდეოშიც ჩანს. კუპრავას გაკეთებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ზაზა სარალიძე გაემიჯნა.

 

მე არ მაქვს კითხვები, რა მიზანს ემსახურება ზვიად კუპრავა, ერთადერთი რაც გულს მწყვეტს არის ის, რომ გაუბედურებული მამის სამართლიან და გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი რევანშისთვის, პროვოკაციების მოწყობისთვის და არეულობებისთვის იყენებენ.

 

იმედს არ ვკარგავ, რომ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, ჯანსაღი პროტესტის გასაგრძელებლად გამოინახება რესურსი და სამოქალაქო საზოგადოება ეტყვის ვაჭრუკანა პოლიტიკოსებს“, - წერს როგავა.

 

 

big_banner
არქივი