logo_geo
„ასეთი პრობლემის ბავშვები 1000-მდე მაინც ყოფილა საქართველოში და ყველას ეხმარება ბატონი ბიძინა...“
- +

9 ივნისი. 2018. 22:21

 

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვაპროტესტებ კოჰაბიტაციას - ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ვგმობ „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივ მიდგომებსა და გაუფრთხილებლობას - უპასუხისმგებლობას, 2012 წლის თანამებრძოლების უმადურად იგნორირებასა და მმართველ პარტიასა, თუ - სახელისუფლო შტოებში ნაციონალთა ჭარბად გადმოპორტირებას და, საერთოდ - იმ ყველაფერს, რაც საქართველოში დღეს ხდება და პარალიზდება, თუმცა, არ შემიძლია დავფარო და სიმართლე არ ვთქვა, მიუხედავად იმისა, ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ, არც მომითხოვია, თუმცა, უმადურება მაინც ვიგრძენი და, ჩემის მხრივ, არ მიმაჩნია მართებულად, უმადურებას უმადურებით ვუპასუხო და არც თქვენ გირჩევთ, მეგობრებო!..

 

დღეს, სრულიად შემთხვევით, 50-მდე წლოვანების, მშენებელი კაცი, გიორგი ჯოლოგავა გავიცანი; საუბარში გაირკვა, გვიან დაოჯახებულა (სხვათა შორის, ნემო ბურჭულაძის დისშვილი შეურთავს), ქალ-ვაჟი მყავსო, გოგონას, 5 წლის ბარბარეს, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია, გერმანიაში წავიყვანე და იქ დაუდგინეს, ზრდის დისტროფია - ფუნქცია დაკარგული აქვსო... თურმე, ცნობილ ფეხბურთელს, მესისაც ასეთი პრობლემა ჰქონია და ათ წლამდე ვერ იზრდებოდა, უსახსრობის გამო, ღარიბი მშობლები ვერ უზრუნველყოფდნენ, სიძვირის გამო, სამკურნალო წამლების შეძენას; მოკლედ, ცოცხალ-მკვდარი დავბრუნდიო გერმანიიდან, ჩუმად ვტიროდით ცოლ-ქმარი, ბარბარე გვებრალებოდა, წელიწადში 50-დან 70-მდე ათასი დოლარი იყო საჭირო, რა წყალში გადავარდნილიყავით, არ ვიცოდითო; ბოლოს, ვიღაც მადლიანს ურჩევია, მიდი ივანიშვილის ფონდში, იქნებ დაგეხმაროსო; მისულა გიორგი, საკუთარი გასაჭირი შეუჩივლია ფონდის წარმომადგენლებისთვის და განცხადებაც დაუტოვებია სათანადო ჯანმრთელობის შემაფასებელი დასკვნებით თანდართული; მოკლედ, ჩემდა მოულოდნელად, რეცეპტის მიხედვით დაუნიშნეს ჩემს ბარბარეს ძვირადღირებული წამალი და შესაძენ თანხას თავად აღნიშნული ფონდი რიცხავს და 16-დან 18- წლამდე მილიონზე მეტი დაერიცხება ბარბარეს, სრულყოფილად რომ გაიზარდოს და ლილიპუტად არ დარჩესო.

 

მერე, ზრდის შედეგი არის?.. - ყელი გამიშრა, ისე ვიკითხე.

 

- ექვსი სანტიმეტრი მოიმატა ჩემმა ბარბარიკამ ბოლო რვა თვის განმავლობაში, თვალები აუწყლიანდა გიორგის და დასძინა: ასეთი პრობლემის ბავშვები 1000-მდე მაინც ყოფილა საქართველოში და ყველას ეხმარება ბატონი ბიძინა... როგორ უნდა ვიყო უმადური და ამ კაცის მიმართ მადლიერება არ გამოვხატო?... - მორიდებით თქვა და, ამ დროს სკვერში შემოსული დედა და პატარა ქალიშვილი ჩვენკენ დაიძრა; - აი, ესაა ბარბარე!.. - მახარა გიორგიმ და ცოლ-შვილს შეეგება.

 

დიახ, არ უნდა ვიყოთ უმადურები, სიმართლე უნდა ვთქვათ და, ერთმანეთს სიკეთე დავუფასოთ მადლიერების გამოხატვით, უფალს უყვარს მადლიერების გამომხატველნი, რადგან, უმადურება, სხვა ცოდვათა მჩატე ცოდვა არ არის!..

 

დიახ, რატომ დუმხართ ათასობითა და ათიათასობით სიკეთენაწყალობები მშობლები და ოჯახის მამამთავრები, ასეთი საყოველთაო დუმილი ხომ საზოგადოების უმადურებაზე მეტყველებს?...

 

მე, გიორგი ჯოლოგავასთან ერთად გავინაწილებ იმ ბედნიერებას, როცა ბარბარე ჯოლოგავა დიდი გოგო, მაღალი და ტანსრული, გონსრული და სიკეთით სავსე გაიზრდება და ქართველ ერს თავისი წილი სიცოცხლით გაამრავლებს!..“ - წერს შათირიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი