logo_geo
მალხაზ თოფურია: გრიშა მაჭავარიანი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო...
- +

17 ივნისი. 2018. 15:59

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია გრიგოლ მაჭავარიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოგვიანებით გადმოვიდა ჩვენს ეზოში გრიშა მაჭავარიანი, თავიდან ცოტა უცნაური გვეჩვენა ყველას - ორმეტრიანი, გამხდარი, იმ დროისთვის არამოდური გრძელი წვერით, მისი ფანჯრებიდან სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ყველასთვის უცნაური მუსიკა ისმოდა მუდმივად, არ გაჭირვებია ურთიერთობაში შემოსვლა ეზოსთან...

 

მუსიკა ისლანდიური ყოფილა, სახლშიც დიდი ისლანდიის დროშა ეკიდა, მოსკოვიდან გამოწერილ რუსულ-ისლანდიურ ლექსიკონსა და გამოცემებს ჩაჰკირკიტებდა მუდმივად, ცოტას ვაშაყირებდით, ხანდახან ისლანდიასაც ვეძახდით მეტსახელად... კაცმა არ იცოდა, ალბათ, არც თვითონ, რაში სჭირდებოდა ჩაკეტილ საბჭოეთში ასე შორეული, ყინულოვანი ქვეყნის ენა.

 

„პერესტროიკამ“ მოგვისწრო, გამოჩდნენ დასავლეთევროპელი ტურისტებიც სასტუმრო აჭარაში (ჩვენი სახლის მახლობლად).. ერთ საღამოსაც „ვაბირჟავებთ“ უბანში... სამმა წვერიანმა, ორმეტრიანმა ვიკინგმა ჩაგვიარა უმეტყველო სახეებით. გრიშები, გაიხუმრა ვიღაცამ... ყველამ გავიცინეთ, გრიშას არ გაცინებია, რაღაც უცნაური სიტყვა მიაძახა უცხოელებს, გაოცებულები შემობრუნდნენ სამივე, ისლანდიელები აღმოჩნდნენ... ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ საუბარმა სუფრაზე გადაინაცვლა. ერთ თვეში პირადად ისლანდიის პრემიერ-მინისტრისგან, უცნაურ კავკასიელს, რომელმაც მათი ენა იცოდა, ვიზა და სამგზავრო ხარჯებისთვის თანხა მოუვიდა... გაემგზავრა გრიშა მისთვის აღთქმულ ქვეყანაში, პირადად პრემიერთან, შეთავაზება მიიღო, იმ დროისთვის ახლადგამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლობა გახსნილიყო ისლანდიაში, რომელსაც გრიშა ჩაუდგებოდა სათავეშე, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ (ანალოგიური ლეგენდა აქვთ მათაც) და ნოდარ დუმბაძის „ძაღლიც“ ათარგმნინეს, რომლებიც დღემდე სასწავლო პროგრამაში აქვთ ისლანდიაში. თითქოს ყველაფერი იდეალურად აეწყო, ჩამოვიდა, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უნდა გაფრენილიყო მეორე დღეს, იმ საღამოს დავლიეთ გაცილების, გავისეირნებო... უმუხთლა ბედმა, მანქანამ დაარტყა სახლთან და ადგილზე გარდაიცვალა გრიშა... გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო, ბავშვობის ოცნება ასრულებული... დღეს „მხეცმა“ ისლანდიელებმა შემახსენეს გრიშა...“ - წერს თოფურია.

 

 

 

 

big_banner
არქივი