logo_geo
გია მურღულია: სალამი ყველას, ვინც აქ ხართ - ბოლო ორ სტრიქონში...
- +

20 ივნისი. 2018. 02:30

 

ექსპერტი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ის, ვინც ცოტა მაინც აზროვნებს, ადვილად ხვდება, რომ ადამიანთა საზოგადოებაში ძალიან ბევრი ბოროტება და უსამართლობაა. კიდევ უფრო მეტად მოაზროვნენი იმასაც აცნობიერებენ, რომ სულის ნამდვილი სიმაღლე სწორედ ამ ბოროტებისა და უსამართლობისგან გათავისუფლებული შემოქმედებაა, რომელიც ერთადერთია „სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი“ (გალაკტიონი).

 

რომელიღაც ბნელი ბუნება (ხშირად მას „ეშმაკს“ უწოდებენ) ძალადობს ჩვენზე და საკუთარ არსებას („ღვთის ხატებას“ რომ უწოდებენ ხოლმე) მხოლოდ ის ადამიანი შეინარჩუნებს (და განავითარებს!), რომელიც „სარგებლის მისატყუებლით“ ვაგლახად არ იხიბლება და სხვათა ხარჯზე საკუთარის მიღწევას არ ლამობს მუდმივად თუ ერთ აღებულ შემთხვევაში. სწორედ ამ აზრით არის სიმართლე „რასაცა გასცემ, შენია“.

 

ჩვენ ყოველთვის ვიცით, რა არის კარგი საქციელი, მაგრამ ამ ცოდნის შესაბამისი ცხოვრება უკიდურესად ძნელია. მავანნი ამბობენ, რომ ეს შეუძლებელიც კი არის, თუმცა ის, რასაც დიდი ფილოსოფია ან დიდი ლიტერატურა ჰქვია, სწორედ ამას ესწრაფვის. იშვიათად, მაგრამ მაინც ამასვე ესწრაფვის ისტორიაც, თუმცა - ნაკლები წარმატებით.

 

ყველაფერი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი სარგებლისთვის ვიცხოვროთ - გავისარჯოთ და ვიბრძოლოთ და მხოლოდ ორი რამ გვეუბნება დაუზარებლად, რომ ვიცხოვროთ და გავისარჯოთ სხვებისთვის - სიყვარული და ღირსება. ღირსებაა სიყვარულისა და სიკეთის მთავარი დამცველი. ღირსება ჩვენი ნათელი ბუნების (ღმერთს რომ ვუწოდებთ) მუდმივი ხმაა ჩვენში. სიყვარული და ღირსება არ გვანებებს უგვანობის ჭაობში დანთქმას. თუმცა ძალიან ბევრი მაინც ახერხებს ამას. ჟამითი-ჟამად იქნებ - ყველანი. აკი ამბობენ, არავინ არის ისეთი, ვინც დაიბადა და არ შესცოდაო.

 

ერთიც არის - ადამიანთა გაერთმნიშვნელიანება არ შეიძლება. ბოროტ კაცებს მოსწონთ თავშესაფარი: „ყველანი ასეთები არიან“. არა, ყველა ასეთი არ არის! არიან ადამიანები, რომლებიც შექსპირის 66-ე სონეტის ბოლო ორ სტრიქონში ცხოვრობენ:

 

„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

 

ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

 

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს“. (რ.თაბუკაშვილის თარგმანი)

 

სალამი ყველას, ვინც აქ ხართ - ბოლო ორ სტრიქონში“, - წერს მურღულია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი