logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მენატრება ის სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთი უყვარდათ ადამიანებს!
- +

20 ივნისი. 2018. 11:28

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ დილით, ასე, ათ საათზე, კორპუსის ეზოში მანქანა შემოვიდა, იქიდან მზისგან გარუჯული კაცი გადმოვიდა, საბარგული გააღო, სასწორი მიწაზე დადგა, ხელები პირზე საყვირივით მოიმრგვალა და კორპუსს შეჰყვირა - ახალი ვაშლატამა, კახური, ახალი ხილი, ერთი ლარი!!!

 

ქალებმა თითო-ორი კილო ააწონინეს. მერე მზისგან გარუჯულმა კაცმა დაღრეცილი თითები ისევ პირთან მოიმრგვალა და ისევ კორპუსს შეჰყვირა - ახალი ვაშლატამა, კახური, იაფად!!! ფანჯრიდან წელს ზევით შიშველი კაცი გადმოდგა, ახალგაზრდა კაცი , პირთან ხელები არ დაუმრგვალებია, ისე დაუყვირა ვაშლატამას გამყიდველს – გადი რაა, გადი, შენს სოფელში იღრიალე, რა ტვინი წაიღე.

 

მზისგან გარუჯულმა კაცმა კორპუსი შეათვალიერა, თითქოს ფანჯრებში ნაცნობს ეძებსო, მერე საბარგული დახურა, კარი მიიჯახუნა და წავიდა…

 

გული დამწყდა და პლეხანოვის ეზო გამახსენდა, დილაუთენია ულვაშიანი ჯასო „კალიასკას“ რომ შემოაგორებდა ეზოში და „ხლებ, ხლებ“ შემოგვძახებდა, თუმცა, „ხლებთან“ ერთად პოვიდლოიანი და შაქარმოყრილი „ბულკებიც“ მოჰქონდა, მერე წყნეთელი ვალიკო თავისი „ვოლგით“ მაწონს და რძეს მოიტანდა, მერე მარნეულელი ბაჯი ხურჯინს შუაგულ ეზოში დააგდებდა და გაჰყვიროდა „ზელენ, ზელენ“. აბა, ზაფხულში „ლუდისტი“ კაცების ხორხოცი გვიან ღამემდე არ მთავრდებოდა, მაღლა, აივანზე თუ ძალიან მაგარი, ქალაქური სიმღერები ისმოდა, ეს თემო კლდიაშვილის და ნანა კეთილაძის ქეიფი იყო და არასოდეს, არავის გაუპროტესტებია ეს ხმები, ეს ბუნებრივი, თბილისური სიცოცხლის ხმები იყო, ახლა ასე რომ გაქრა და ახალმა დროებამ გადაყლაპა. როგორ მენატრება ის სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთი უყვარდათ ადამიანებს!!!

 

P.S. ეჰ, ახლა მაინც იმ კახელ გლეხზე ვდარდობ...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

big_banner
არქივი