logo_geo
ოთარ კახიძე: ეს არის გზა თვითლიკვიდაციისკენ, რაზეც მიგვითითებენ პოლიტიკური მტრები ან გულუბრყვილო მომხრეები
- +

4 იანვარი. 2017. 15:55



„ისმება ხოლმე კითხვა - რა უნდა გააკეთოთ პარლამენტში? რისთვის შედიხართ? მინდა ამ თემაზე განმარტება გავაკეთო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციოინალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე წერს.


„პარლამენტში იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ხელისუფლება და უმცირესობა, ანუ ოპოზიცია. საკანონმდებლო პროცესის ბერკეტები, ბუნებრივია, ხელში აქვს უმრავლესობას. ასეა საქართველოშიც და ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც არსებობს პარლამენტი.

 

ოპოზიციის ხელში არსებობს შემდეგი მექანიზმები:

 

ა) საპარლამენტო კომიტეტისა და პლენარული სხდომები, ტრიბუნა, სადაც გამოდიხარ და ესაუბრები ამომრჩეველს;

 

ბ) კითხვის დასმის უფლება მთავრობისთვის, რომელიც ვალდებულია გაგცეს პასუხი;

 

გ) დაუბრკოლებლად შესვლის უფლება სახელმწიფო დაწესებულებებში, რათა გაუწიო მათ კონტროლი;

 

დ) უფლება, არ გაამჟღავნო ინფორმაცია, რომელსაც მამხილებლები გაგანდობენ, როგორც დეპუტატს, რაც არის უკანონობის მხილებისთვის საჭირო ინსტრუმენტი;

 

ე) მონაწილეობა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში, რათა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გქონდეს ინფორმაცია და ხელი შეუშალო მავნებლური ნაბიჯების გადადგმაში;

 

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უფლება, ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსთან, ევროკავშირსა და ევროსაბჭოს სტრუქტურებთან და პარტიებთან.

 

ოპოზიციის ფუნქციაა, რომ წარმოადგინოს ამომრჩეველთა ინტერესები პარლამენტში, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, მიუთითოს მას შეცდომებზე, შესთავაზოს საზოგადოებას უკეთესი ალტერნატივა, დაანახოს საკუთარი უპირატესობა, აჩვენოს, რომ ხელისუფლებაზე ჭკვიანი, კომპეტენტური, პრინციპული და წესიერია, რათა შემდგომ არჩევნებზე მიიღოს უფრო მეტი მოქალაქის ხმა.

 

„თუ არჩევნები წააგე, მაშინ პარლამენტში რა გინდა, კანონებს ხომ ხელისუფლება მიიღებს" - არის საკითხში ჩაუხედავი, უსაგნო მსჯელობა, მაგ ლოგიკით არცერთი ოპოზიცია არ უნდა შედიოდეს პარლამენტში. ეს არის გზა თვითლიკვიდაციისა და ქუჩის ოპოზიციად ქცევისკენ, რაზეც მიგვითითებენ პოლიტიკური მტრები ან გულუბრყვილო მომხრეები", - წერს ოთარ კახიძე.






 

big_banner
არქივი