logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: რა უნდა გააკეთოს სკოლამ ასეთ ფონზე, მითხარით ვინმემ!
- +

25 ივნისი. 2018. 11:36

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არაპოპულარული სტატუსი:

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, ორი თუ სამი კვირის წინ, კონკრეტულად, 8 ივნისს, 51-ე საჯარო სკოლა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. ისევ ბავშვები და ისევ ე.წ. ქუჩური გარჩევა. როგორც წესადაა მიღებული, ატყდა დავიდარაბა, დაიწერა კომენტარები და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად „გაილახა“ სკოლა.

 

მთელი 16 დღის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, გავარკვიე ამ ე.წ. საქმის დეტალები, რომელსაც თქვენც გიზიარებთ და მხოლოდ იმ კომენტარებს დავტოვებ, სადაც ჩემი facebook-მეგობრები ლოგიკურად და სამართლიანად იმსჯელებენ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ არადემოკრატად და ფაშისტადაც ჩამთვალოთ, თუ ძალიან „მიაჭერთ ტვინს წიხლს“ შეგიძლიათ თქვათ, რომ დაინტერესებული პირიც ვარ (ამას რომ ვწერ, მეცინება).

 

მოკლედ, რაც გინდათ თქვით, მე გაწვდით რეალურ ამბავს: ასე ვთქვათ „საქმის გარჩევას“ წინ უძღოდა facebook-ში, ე.წ. ჩატში, ერთი გოგონასთვის მიწერილი შეტყობინება, სადაც მას მისი მეგობარი ბიჭი სწერდა თანასკოლელზე, რომ ის გინების ღირსი იყო... ამ გოგონამ მეორე გოგონას აჩვენა ეს მიმოწერა. მეორე გოგონამ კი იმ ბიჭს, ვიზედაც იყო მიმოწერაში საუბარი.

 

საქმე ისაა, რომ ამ ორი გოგონადან ერთი, ორ ბიჭს უყვარს. თავად ამ გოგონას ხან ერთი უყვარს, ხან მეორე (ბავშვები არიან და ეს ყველას გამოგვიცდია). მოკლედ, „შეგინებულმა“ (რომელიც იმ დღეს სკოლაში არ მისულა) დაიბარა „შემგინებელი“ და „საქმის გასარჩევად“ ერთმანეთს გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. არავინ იცის, ეს ამბავი რა შედეგით დასრულდებოდა, სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს ამ ქუჩაზე საქმე რომ არ ჰქონოდა. მასწავლებელმა დაინახა ბავშვები და ეგრევე პოლიციაში დარეკა. როგორც გაირკვა, მასწავლებლამდე პოლიციაში ერთ-ერთ მოსახლეს დაურეკავს. მოკლედ, ბავშვები დაკითხვაზე წაიყვანეს, დაჰკითხეს, ტელევიზიამაც გააშუქა ამბავი, მასწავლებლებმა კომენტარში აღნიშნეს, რომ „არაფერი ხდებოდა“, რასაც, რატომღაც საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა - როგორ ბედავენ და კიდევ ხმას იღებენ!

 

რატომ დავწერე სიტყვა „რატომღაც“: საქმე ისაა, რომ გარედან ყველაფერი არ ჩანს, ამიტომ, როგორც წესი, ჩვენ, გარეთ მყოფნი მოვლენებს ნაჩქარევად და მხოლოდ ხელისგულზე რაც დევს, ამის მიხედვით ვაფასებთ. ჩვენ დავინახეთ „საქმის გარჩევის“ ფაქტი და გვქონდა რეაქცია, სკოლაში კი ამ დროს მეტად საინტერესო და მე ვიტყოდი, შემაშფოთებელი ამბავი დატრიალდა: მშობლებმა, ვისი შვილებიც ამ ამბავში იყვნენ გახვეულნი, სკოლაში „სპექტაკლი“ დადგეს, ტექსტებით: „როგორ ბედავთ და ჩვენს შვილებს ურღვევთ პირად სივრცეს“; „როგორ ბედავთ და ამისთვის გვაწუხებთ, მეორედ არ გაბედოთ და ასეთი ამბის გამო არ დაგვიბაროთ“; „თქვენ ვინ გეკითხებათ ჩემი შვილი ვის რას მიწერს“;

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, 51-ე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა საბურთალოზე „მაკდონალდსთან“ დაიწყეს „საქმის გარჩევა“. ეს ამბავი სკოლამ შემთხევით გაიგო და იმავე დღეს დაიბარეს ამ ბავშვების მშობლები. საინტერესოა ერთი დედის „მოსაზრება“: „აბა, ვისთვის უნდა ეთქვა ჩემს შვილს ეს ამბავი, პოლიციისთვის? ვისაც ეხებოდა, იმას უთხრა, თქვენ ვინ გეკითხებათ, ვის რას ეტყვის“.

 

სკოლის გარეთ მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, მშობელმა (მამამ) ოფიციალური განცხადება დაწერა: „არასდროს დამირეკოთ ჩემი შვილის გამო ასეთ საქმეებზე, გარდა სასწავლო პროცესისა“.

 

კითხვა: რა უნდა გააკეთოს სკოლამ ასეთ ფონზე? აქეთ ცელქი ბავშვები, რომელთაც რატომღაც სულ ჩხუბისკენ „გაურბით თვალი“, ასევე მშობლები, რომლებიც მასწავლებლებს კატეგორიული ტონით უკრძალავენ მოქმედებას და საზოგადოება, რომელიც ხედავს მხოლოდ იმას, რასაც უნდა, რომ შეხედოს, რაც ხელისგულზე დევს და შორს აღარ იყურება? აი, რა გააკეთოს სკოლამ, მითხარით ვინმემ?

 

სამართლიანები, ობიექტურები და მიუკერძოებლები თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს 51-ე სკოლა წნეხის ქვეშაა! კარგით, მასწავლებლები და დირექტორი არ გვეცოდება, იმ სკოლაში ხომ სწავლობენ ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლის და არა ჩხუბის გამო დადიან? ვიღაცას და რაღაცას ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში?

 

P.S. პარასკევს, რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან დაჭრეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში გაუკეთეს. „ამოვაბრუნე“ ინტერნეტსივრცე და არსად წერია, რომელი სკოლის მოსწავლეა ეს ბავშვი. როგორ გგონიათ, შემთხვევით გამორჩათ თუ უბრალოდ მხოლოდ 51-ე სკოლაა დღის წესრიგში?! აი, სწორედ ამიტომ გამოვითხოვე 51-ე საჯარო სკოლიდან ოფიციალური ინფორმაცია, რომლის შესახებაც მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც მივიღებ კითხვებზე ოფიციალურ პასუხებს!

 

P.P.S. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, აცა-ბაცა კომენტარები არ დაწეროთ! რაც ხდება მოსწავლეებს შორის, მეც მაწუხებს, ისევე როგორც თქვენ და მეც მინდა მივიღო კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები! აქვე არ დაგავიწყდეთ კანონი, რომელიც ხელ-ფეხს უკრავს მასწავლებელს“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი