logo_geo
„შალვა თავის „ლეკვად“ მთვლიდა, ქუჩაში ვიპოვე და ვარსკვლავად ვაქციეო, ამბობდა" - თათია სამხარაძის აღიარება
- +

6 იანვარი. 2017. 15:12


 

მსახიობი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შესახებ წერს:


„ტელევიზიაში მუშაობა, 2014 წლის ზაფხულში დავიწყე. მანამდე, სრულიად შემთხვევით, მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში მოვხვდი სტაჟიორად, სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში მინდოდა და ეს სტაჟირება ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. მარგველაშვილის შტაბში შალვა რამიშვილთან დავიწყე მუშაობა. ჩემი ძირითადი მოვალეობები ყავის მოდუღებაში და შეხვედრების ჩაწერაში გამოიხატებოდა, მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ გამიმართლა როცა სტაჟირებაზე, სრულიად შემთხვევით ყველასათვის ცნობილმა შალვა რამიშვილმა ამიყვანა. მაგისტრატურაში ჩავაბარე და ეს გამოცდილებაც ძალიან დამეხმარა სამოტივაციო წერილის მომზადებაში, მაგრამ ფინანსების არ ქონის გამო თბილისში მომიწია დარჩენა. გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც შალვა რამიშვილი ტელევიზიაში გადავიდა და მეც თან დამიძახა. ასე დაიწყო ჩემი რადიკალურად განსხვავებული ეტაპი ცხოვრებაში, მსახიობის ამპლუა მოვირგე და შევქმენი რამოდენიმე განსხვავებული პერსონაჟი. ტასო ბარნოვა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში.

 

დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებდი, ან ჩაწერა იყო ან რეპეტიცია, შალვა რამიშვილი ჩვენი, ყველას უფროსი იყო და მასთან ყოველდღიური შეხება მქონდა. თავდაპირველად შალვასთან თავს უხერხულად არასდროს ვგრძნობდი. მის სექსისტურ ხუმრობებზე ყველას ეცინებოდა, ეს მისგან ნორმად მიაჩნდათ და რაც არ უნდა გაოცებული დარჩენილიყავი შალვას საქციელეთ ან შეურაცხყოფილი შალვას ნათქვამი ასეთი ხუმრობით, ხმასაც ვერ ამოვიღებდი, იმ გარემოში სადაც შალვა რამიშვილია, სექსიზმი და "ბულინგი" კომუნიკაციის მისაღები ფორმებია. ხუმრობები შალვასგან პირადი ან სექსის თემის გარეშემო, საჯარო საუბრები სექსის ფილოსოფიაზე, მისი იმიჯის ნაწილი იყო და ნორმად მოიაზრებოდა. საკუთარ ტელე-იმიჯსა და იუმორს ამოფარებული კი ნამდვილი მოძალადე იმალება, მაგრამ ამას შემდეგ მივხვდი. ზოგადად ტელევიზია არის ადგილი, სადაც ბევრი ბევრი ბილწი ხუმრობა და არაკონსერვატიული შეხედულებებია, მაგრამ ესეც ყველა იქ მომუშავე ადამიანისთვის ნორმაა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, "ქაჯი" და "გოიმია".

 

შალვა თავის "ლეკვად" მთვლიდა, ქუჩაში ვიპოვე და ვარსკვლავად ვაქციეო, ამბობდა. არასოდეს უთქვამს რომ, მე განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით გამოვირჩეოდი, პირიქით მუდმივად ამბობდა რომ ნიჭიერი უფრო ვიყავი ვიდრე ლამაზი. ჩემს გარშემო გავლენიანი და წარმატებული თაყვანისმცემლების სიმრავლემ შალვა დააფიქრა და ერთ დღეს მითხრა; "არ ხარ ძალიან ლამაზი და ამ კაცების მიკვირს რატომ გიჟდებიან შენზე, ეტყობა მაგარ „მინეტს" აკეთებ. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვიგრძენი, რომ ეს აღარ იყო უბრალო და უწყინარი ხუმრობა, რომელიც როგორც არაქაჯს უნდა გამეტარებინა. ამ ამბიდან მალევე გავთხოვდი...

 

7 -8 თვე, სანამ ქორწინებაში ვიყავი, საერთოდ აღარ ჰქონდა შალვას მხრიდან უკმეხ ხუმრობებს ადგილი. ნერვიულობდა, ჩემს ქმარს სამსახურიდან არ წავეყვანე, თანახმა იყო სცენარებიც კი შეეთანხმებინა მასთან, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა, რამოდენიმეჯერ ვითხოვე სამსახურში იქნებ ძალიან უხამსი ხუმრობები არ დაადოთ ჩემი

გადაცემის ქუდს, ჩემი ქმარი განიცდის და ვერ იგებს-მეთქი, მაგრამ მუდმივად "ეპარებოდათ." ჩემი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რასაც გარკვეულწილად ჩემმა სატელევიზიო კარიერამაც შეუწყო ხელი. მე ვერ ვთმობდი ჩემს კარიერას, არ მინდოდა ქმარზე დამოკიდებული ვყოფილიყავი და მომწონდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე.

 

ქმართან გაშორების შემდეგ დეპრესია დამეწყო. 3 კვირა ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. შალვამ მძღოლი გამომიგზავნა, კმარა ლოგინში წოლა და დაუბრუნდი სამსახურსო. მეც დავბრუნდი და ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე გავარძელე მუშაობა. ვფიქრობდი სამსახური დამეხმარებოდა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, თანაც ფინანსურად მე მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვიყავი დამოკიდებული.

 

როცა სამსახურს დავუბრუბნდი, „ცეკვავენ ვარსკვლევების" ახალი სეზონი იწყებოდა. შალვამ იცოდა, რომ მე მინდოდა ამ შოუში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ბავშვობაში საკმაოდ კარგად ვცეკვავდი. ამ დროს შემოთავაზება მივიღე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" და ტანგო, რომელიც ილო ბეროშვილის შოუში ვიცეკვე, ერთგვარი ანონსი იყო იმისა, რომ მალე ცეკვავენ ვარსკვლავების სცენაზე გავიდოდი.

 

ერთ დღეს მოდის შალვა და მეუბნება, არ გამოდის, იმედის დირექტორს არ უნდა შენი ამ შოუში მონაწილეობა და მე ვიბრძოლებ, რომ გამოვიდესო. ძალიან მეწყინა. შალვამ დაამატა, აი ხომ ხედავ, ამდენი ხანი მე ყველაფერს ვაკეთებ შენთვის და შენ ჩემთვის არაფერსო. გულწრფელად ვამბობ, რომ იმ მომენტში ვიფიქრე, რომ შალვა ფულს მთხოვდა. შალვა, სად მაქვს ფული-მეთქი, ვუთხარი. ფული არც მე მიგულისხმიაო, მიპასუხა. ეს იყო პირველი დეკლარირებული განცხადება, რომ მას ჩემგან რაღაც უნდოდა. ამ პერიოდში შალვა სულ სვამდა, სულ ვისკის ჭიქა ეჭირა ხელში. აგრესიული იყო და ძალიან ადვილად გამოდიოდა, წყობიდან. რამოდენიმეჯერ სამსახურში დაგვიანების გამო, საშინლი სიტყვებით გაგვლანძღა მე და ჩემი თანამშრომელი, შეურაცხყოფები მოგვაყენა და მერე ცალ-ცალკე დაგვიბარა კაბინეტში. არ ვიცი, მას რა უთხრა, მაგრამ მე მითხრა რომ როცა მეჩხუბებოდა თურმე თვალები არ დავხარე, ამაზე უფრო გამწარებული იყო ვიდრე სამ წუთიან დაგვიანებაზე, პატივისცემას ვერ გრძნობდა ჩემგან და ეს აგიჟებდა, მე კი საკმარისი მიზეზი მქონდა დაგროვილი მასთან მუშაობის პერიოდში რომ, მისი პატივისცემა დამეკარგა. მისი მხრიდან სექსუალური შევიწროვება არ იყო, ის რომ მამაკაცი ქალის მოხიბვლას ცდილობს და გადაამლაშებს. შალვას მგონია რომ ჩემი დამცირება უფრო უნდოდა და თვლიდა, რომ ჩემთან სექსით ამას მიაღწევდა.

 

სულ 3-ჯერ შედგა მსგავსი მინიშნებებით საუბარი და სამივეჯერ ჩხუბით დასრულდა. მერე მოხდა ისე რომ ხელფასზე ფული დამაკლეს, ესეც მესიჯი იყო მიმანიშნებდა, ძალაუფლებას ფლობდა და შეეძლო გავენადგურებინე.

 

ამბის კულმინაცია ის იყო, რომ მთხოვა მოლში წამეყვანა ჩემი მანქანით, მეორე დღის გადაღებისთვის, რეკვიზიტები იყო საყიდელი. უკვე ადგილზე მითხრა რომ ერთ-ერთი მსახიობისთვის გადაღებისთვის ჩულქი მეყიდა, მე "მიტყდებაო". მომცა თავისი საკრედიტო ბარათი, მე შევედი "კალცედონიაში", შევარჩიე ჩულქი, თვითონ კი ვისკი და წვენები იყიდა კარფურში. უკან როცა დავბრუნდით, მე ნაყიდი ჩულქი მაგიდაზე დავუდე. ისევ დაიწყო თავისი მოთხოვნები. ისევ ვიჩხუბეთ. ბოლოს, ძალიან მკაცრი ტონით მითხრა, მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხვალ 6 საათზე მოდი და მოგ*ნავო და ხელით მომიგდო ის ჩემი ნაყიდი ჩულქი. ჩემს ტვინში ყველაფერი დავლეწე ოთახში, დანა დავარტყი, რომელიც არ მქონდა, ვიყვირე, ვიტირე, მუხლებზე დავვარდი... აღმოჩნდა, რომ ჩუმად ვიდექი. რაღაც რომ გინდა თქვა და ვერაფერს ამბობ, ის დამემართა. ჩულქებს ხელი მოვკიდე, კარგი მოვიხურე ძალიან წყნარად და წამოვედი სახლში. ჩიხში მიმიმწყვდია, ან სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ან ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მას უნდოდა. გადასარევი მომენტი ჰქონდა შერჩეული, დასუსტებული, დეპრესიით, ქმარს ახალი გაშორებული, ისედაც მეგონა რომ მთელი სამყარო თავზე მემხობოდა, ვიცოდი რომ ვერასდროს გადავხარშავდი ამ ამბავს.

 

მეორე დღეს სამსახურში არ მივედი და 2 საათზე შალვამ რეკვა დაიწყო, რომ მიხვდა რა დონეზე გაბრაზებული ვიყავი ბოდიში მომიხადა, მოდი დავილაპარაკოთო, გააგრძელე მუშაობა და აღარაფერს აღარ გეტყვიო. შალვასთვისაც ძნელი იყო ტასო ბარნოვას დათმობა. გავიფიქრე, კაი წამოვედი, მაგრამ რას ვამბობ ოჯახში, მეგობრებთან, 3 წლიანი კარიერას ხაზი რატომ გადავუსვი, ან ვინ დამიჯერებდა, რომ მომეყოლა, ასე მოხდა თქო?! მაშინ გადავწყვიტე, რომ მეცადა და ჩამეწერა შალვას ნალაპარაკევი. მივედი სამსახურში, ჩავრთე ტელეფონი, თან მეშინია, რომ მიხვდეს, რომ ვიწერ, თავზე გადამამტვრევდა ტელეფონს. წყნარი საუბარი დავიწყე, რომ დიალოგში გამომეწვია. დაიწყო აღიარებით. 32 წუთიან აუდიო ჩანაწერში ის ყველაფერზე საუბრობს. წამოვედი სამსახურიდან და მას მერე უკან აღარც მივბრუნებულვარ, არც ტელეფონის ზარებისთვის მიპასუხია.

 

ოჯახის დანგრევით და კარიერის დასრულებით მიღებული სტრესის გამო, ხშირად მიფიქრია, ახლა, ავტვირთავ ამ ჩანაწერს იუთუბზე და მერე ძილის წამლებს დავლევ-მეთქი. ასეთი უსუსურობის განცდა არასდროს მქონია. ჩემი სამსახურიდან წამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა. ცხადია, შიგნიდან წამოსვლის მიზეზმაც გაჟონა. ამავდროულად გადავწყვიტე, ჩემი მეგობრების და ოჯახის რჩევით, რომ საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობა მიმეცა. როგორც კი შალვამ გაიგო, რომ ჩანაწერი მქონდა გაკეთებული, დამასწრო და სარჩელი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ ფარული ჩანაწერის გაკეთებაზე. ორი დღის შემდეგ, ჩემს ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გავაკეთე და სარჩელი შევიტანე. ეს მოხდა აპრილის თვეში და სასამართლო ჯერ კიდევ არ არის ჩანიშნული.

 

შალვა რამიშვილი ძალიან გავლენიანი ტიპია. როცა მასთან ვმუშაობდი სულ მეუბნებოდა, მე ოდიოზური ტიპი ვარ, ყველა პატივს მცემს და მიცნობს, კარგად მოიქეცი თორემ გაგაგდებ და არსად ვეღარ იმუშავებ ვერც GDS-ზე, ვერც მაესტროზე, რუსთავი 2-ზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია, რაც შენ ნიკა გვარამიას გაუკეთეო, აღარც ქმარი გყავს და დარჩები ასე უფულოდო. მახსოვს, როდესაც რამიშვილის შეტანილი სარჩელის იყო ძიებაში მაშინდელი პროკურორი, შოთაძე გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ მთელ ამ პროცესებს თვალს ადევნებდა. მივხვდი, რომ მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ასეთი რამ არც წარმომედგინა, მარტო ფილმებში მქონდა ნანახი. შალვა მითვლიდა იმისთვის ვიცხოვრებ რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოო, პროკურატურაში სირბილით ამოგხდი სულსო.

 

თანამშრომელი თუ ახლობელი კაცების უმეტესობა ამბობდა ჩვენთან რატომ არ მოვიდა, კაცურად დაველაპარაკებოდით და მოვუგვარებდით ამ ამბავსო, რატომ ჩაიგდო თავი ამ დღეში და სასამართლოთი რატომ გაასაჯაროვა ეს ამბავიო. ბევრი ადამიანის სახე დავინახე ამ კრიტიკულ დროს. ნახევარი საქართველო მლანძღავდა, ინტრიგანს მეძახდა, ვერ გაიგეს რა მოხდა. ძალიან ბევრი მითი შექმნეს ამ ამბის გარეშემო. ვერავინ დაუშვა, რომ ერთი მიცემა-არ მიცემის გამო ასეთ დღეში შეიძლებოდა თავი ჩამეგდო, რომ სამსახურიც დამეკარგა, კარიერისთვის ხაზი გადამესვა და ქვეყნის სალანძღავი გავმხდარიყავი. ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ არ ღირდა, იქნებ ჩუმად უნდა წამოვსულიყავი, იქნებ მიჯობდა ამდენი ფურთხი ამეცილებინა...მაგრამ ალბათ არ ვნანობ, ალბათ ამასაც გადავიტან, იმიტომ რომ ვიცი სწორად მოვიქეცი. ღირსების ამბავია, მეტი არაფერი.

 

ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა, საზოგადოებაში აზრი სუფევდა რომ ინტრიგანი ვარ. კაცს ერთი "წაჩალიჩების" გამო, ცხოვრება დავუნგრიე. ეს სტიგმა ალბათ სულ გამყვება, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრებაც შემიძლია, იმიტომ რომ მე საკუთარ თავთან ვარ მართალი.

 

მიჭირს რომ ვუთხრა ქალებს, არ გაჩუმდნენ, იმიტომ რომ ამ საზოგადოებისგან ათასჯერ მეტი შეურაცხყოფის მოსმენა მოუწევთ, როდესაც დახმარებას ითხოვენ და თავიანთ პრობლემას გააცხადებენ. მე დიდი ხანია ვცდილობ აღარ ვიარო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

 

ამ პერიოდში ამერიკელ შავკანიან ქალზე, ანიტა ჰილიზე გადაღებული ფილმი გამოვიდა. 1991 წელს სამართლის პროფესორი ქალი პრეზიდენტის დანიშნული უზენაესი სასამართლოს წევრს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ანიტამ სისტემას ვერ მოუგო, მაგრამ შეიქმნა პრეცენდენტი, რის შემდეგაც სტატისტიკა საგრძნობლად შეიცვალა და ადამიანებმაც უკეთ გაიაზრეს, რომ სამსახურეობრივი მდგომარეობის და თანამდებობის გამოყენება იმისთავის რომ, სექსუალური კავშირი მოითხოვო, დანაშაულია!

 

იმასაც ვუშვებ რომ, შეიძლება მეც წავაგო სასამართლო. სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ გვაქვს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი, ამიტომ საქმე სამსახურში გენდერულ დისკრიმინაციაზეა აღძრული. დიდი იმედი მაქვს რომ, ქვეყანა ჩალით არ არის გადახურული და მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს".

 

 


 

big_banner
არქივი