logo_geo
ელისო ჯანაშია: გმირობა ალბათ ერთეულების ხვედრია
- +

12 ივლისი. 2018. 15:08

 

 

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში თავს გადახდენილ ისტორიას იხსენებს.

 

„დაახლოებით 7-8 წლის წინ, გრიგოლეთის პლაჟზე, სანდრო (12-13 წლის იქნებოდა) ზღვამ ძალიან შორს გაიტაცა. ინტუიციით თუ ზღვასთან ჩემი გამოცდილებით, საფრთხეს იმ წამსვე მივხვდი და მოვასწარი სამაშველო რგოლის გადაგდება, რომელიც ჩემმა ძმამ ადრე გემიდან ჩამოიტანა და იმ დღეს შემთხვევით ჩავაგდე მანქანაში, სხვა დღეებში არასოდეს წამიღია.

სანდრომ რგოლისთვის ხელის ჩავლება მოასწრო და მიქცევამ ისე სწრაფად წაიღო, ნაპირზე საშველად დასაძახებლად გამოსული უკვე ძლივს ვხედავდი სანდროს და მამამისს, რომელიც ბავშვს გამოსაყვანად მიჰყვა.

მერე უკვე ბუნდოვნად ვიხსენებ იმ მომენტს - ჯერ ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, მერე ხმაც ჩამივარდა... ყველაფერი გაჩერდა, ტვინიც გაითიშა, თითქოს შიგნიდან დავტოვე სხეული და ამ ყველაფერს გარედან ვუყურებდი. ის მე არ ვიყავი... ეგ რომ მცოდნოდა, რომ მე ვიყავი და ეს ჩემს თავს ხდებოდა, წესით, გული უნდა გამჩერებოდა...

მაშველებიც არ ჩანდნენ. კადრებად მახსოვს, უკვე წერტილებად როგორ მოჩანდა ორი თავი და მთელი სანაპირო წელამდე წყალში როგორ იდგა, იდგა და უყურებდა ...

უცებ მაშველი გამოჩნდა ჟილეტით და კამერით, რაღაც განათდა თავში, გონზე მოსვლა დავიწყე და იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ გადავრჩი, მაგრამ მაშველი გაშეშდა! აღარ მიდის! იქ ძალიან ღრმაა უკვე და ვერ გავრისკავო! ეს იყო ბოლო იმედი და ისიც დასრულდა...

იმ წამში გონებამ დაიწყო თვითმკვლელობაზე ფიქრი...

და იცით, რა მოხდა?!

ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოეყო იმ ადამიანებს, რომელთაც ჰორიზონტალური ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული წელამდე წყალში და ხელით შუბლს იჩრდილავდნენ, დანანებით აქნევდნენ თავს, მოთქვამდნენ, წუხდნენ და დაიწყო ცურვა მათი მიმართულებით...

 

 

ქარს ფრაგმენტებად მოქონდა ჩემს ყურამდე: „ვაიმე, რას აკეთებს?!“, „ვაიმე, იქამდე ვერ მიაღწევს“, „4 მეტრი მაინც იქნება სიღრმე!“, „მიქცევაა, აქეთ როგორ გამოვა?“, „ესეც დაიხრჩობა“...

ის კიდევ მიცურავდა და მიცურავდა...

შეგრძნება არ მიბრუნდებოდა, თვალები მქონდა მხოლოდ ღია და ხედავდა ამ ყველაფერს, როგორც კინოს ცალკეულ კადრებს...

დროის შეგრძნება არ მქონდა, ამიტომ არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა... მაგრამ საკმაოდ დიდხანს, ალბათ საუკუნე...

და მერე გამოსულები ასე ჰყვებოდნენ: ამ კაცმა რომ მიცურა, სრულიად გაფითრებული და თეთრი იყოო. კამერას დაჰკიდებია. ეგ კამერა 4-5 კაცის სიმძიმეს თავისუფლად იტანს. დაისვენა და აზრზე მოვიდაო. რგოლის შუაში სანდრო იწვა თურმე, რომელმაც ცურვა არ იცოდა. აქეთ-იქიდან იმ კაცს და სანდროს მამას მოუსვამთ ხელები და ასე ნელ-ნელა გამოსულან.

რომ გამოვიდნენ, მთვარე იყო ამოსული და ზღვა ისე დაწყნარებულიყო, ოდნავაც არ ღელავდა. აღარც მიქცევა, აღარც ტალღები... მშვიდად ლივლივებდა ნაპირი და რამდენიმე წუთში ნავიანმა მაშველმაც ჩამოიარა...

ნელ-ნელა გრძნობა დაიბრუნა სხეულმა... გადავრჩით!

ამ ტაილანდელი მაშველების ფოტოებმა გამახსენა ეგ ამბავი. მახსოვს, როგორ მიეგდო ის ჩემი მშველელი კაცი ნაპირზე. სანდროც, მამამისიც ჩვრებივით იყვნენ...

ის კაცი ოზურგეთელი ზვიად სირაძე იყო, სრულიად უცნობი ადამიანი, რომელმაც ეს სასწაული ჩაიდინა. „ორი შვილი მყავს და ისინი წარმოვიდგინეო“. შვილები ბევრს ჰყავს, მაგრამ გმირობა ალბათ ერთეულების ხვედრია. გმირობა საკუთარი სიცოცხლის ფასად გაკეთებულის სიკეთეა.

მე იმ უცნობმა გმირმა იმ დროს ქმარ-შვილი გადამირჩინა.

მანამდეც მქონია ეგ განცდა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს ადამიანების დახმარების და გადარჩენის, ჩემი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ოდესმე იქნებ მეც შევძლო და ჩავიდინო მსგავსი რამ. ასე მგონია, გადახდილი მექნება ის მადლი და ვალი, რომელიც ვიღაც უცხო ადამიანმა ჩემი ოჯახის გადასარჩენად გაიღო!“ - წერს ჯანაშია.

 

 

big_banner
არქივი