logo_geo
25 ივლისს ვასილ შუკშინის დაბადების დღეა
- +

25 ივლისი. 2018. 12:18

 

 

„ცხოვრებაში „კალენდარულად“ რამდენიმე დღე განსაკუთრებით მიყვარს... ხოდა, დღევანდელი დღე ერთერთი მათგანია... სწორედ ამ დღეს, 1929 წლის 25 ივლისს, ციმბირის მხარის ბიისკის რაიონის დაბა სროსტკიში, გლეხის ოჯახში დაიბადა კაცი, რომელსაც ბავშვობიდან და უიმედოდ ვეტრფი და ვინც ჩემთვის იმ რუსეთის განსახიერებაა, რომელიც გულში მიყვარს... ეს გახლავთ რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მწერალი და რაც მთავარია. კაცი, ამ სიტყვის სრული გაგებით - ვასილ მაკარის ძე შუკშინი („მაკარიჩი“)“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კარგად მახსოვს, რომ ზურიკო, რომელმაც თავის დროზე უამრავი ქვეყანა მოიარა გასტროლებით, ისეთი აღფრთოვანებული, როგორც ციმბირიდან არსაიდან არ ჩამოსულა... ერთი კვირა გვიყვებოდა მე და ალე ბებიას იქაურ ამბებს... შემდგომშიც ყოველთვის ამბობდა, რომ ციმბირი არის განსაკუთრებული ადგილი და ხალხიც სულ სხვანაირი ცხოვრობს...

 

შუკშინის მერე, მჯერა...

 

შუკშინმა ურთულესი ბავშვობა გაიარა... 4 წლის ასაკში დაუხვრიტეს მამა და სრულწლოვან ასაკამდე ატარებდა დედის გვარს- პოპოვი. 7 კლასის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა დაიწყო ტექნიკუმში, მაგრამ ვერ დაამთავრა, რადგანაც დედას და პატარა დას უნდა მიხმარებოდა...გამოიცვალა რამდენიმე სამუშაო ადგილი... შემდეგ ის ჯარში გაიწვიეს, ფლოტში მსახურობდა, მაგრამ აღმოაჩნდა კუჭის წყლული და სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს...

 

ვასილი დაბრუნდა სოფელში, ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და დაიწყო მუშაობა ადგილობრივ სკოლაში, რუსული ენის მასწავლებლად და შეთავსებით, დირექტორად...

 

შუკშინი ყოველთვის ოცნებობდა ჩაებარებინა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სცენარისტის სპეციალობაზე...

 

ერთხელაც. მიიღო გადაწყვეტილება...

 

მოსკოვში წასვლა რომ შეძლებოდა, დედამ გაყიდა ძროხა და ამ ფულით ვასილი გაემგზავრა დედაქალაქში...

 

წარმოიდგინეთ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (ВГИК)...

 

გამოპრანჭული მოსკოველი აბიტურიენტები, ე.წ. „ოქროს ახალგაზრდობა“ და ამ დროს, დაბა ბიისკიდან, „ძროხის ფულით“ ჩამოსული „პროვინციელი“, ჩექმებში გალიფეჩატანებული და „ტელნიაშკიაზე“ კოსტუმმოცმული ვასილ შუკშინი...

 

სიტყვა პროვინციელი ბრჭყალებში ჩავსვი, რადგანაც ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პროვინციალიზმი - გეოგრაფიული მცნება არ არის...

 

ვასილ შუკშინი იყო ყოველთვის დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი და პირდაპირი... კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კომისიის ბოჰემურ წევრებს ეს ძაბავდა და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ გამოცდებს ვერ ჩააბარებდა...

 

მაგრამ... კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ლეგენდარული რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი, 5-გზის სტალინის პრემიის ლაურეატი, მიხეილ რომი... სხვათაშორის, დაბადებული ასევე ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში...

 

გამოცდაზე ის შეეკითხა შუკშინს - „მომიყევით გეთაყვა, როგორ გრძნობდა თავს პიერ ბეზუხოვი ბოროდინოს ბრძოლაში“...

 

შუკშინმა უპასუხა, რომ „ომი და მშვიდობის“ წაკითხვა ვერ მოახერხა, რადგანაც ძალიან სქელი წიგნია...

 

რომმა წარბები შეკრა

- ახალგაზრდავ, თქვენ რა, სქელ წიგნებს საერთოდ არ კითხულობთ?

შუკშინმა წყნარად უპასუხა -

- არა, ერთი წავიკითხე - „მარტინ იდენი“ და ძალიან მომეწონაო...

რომი საბოლოოდ გაბრაზდა და დაუწყო შუკშინს ყვირილი -

- თქვენ იცით, რას ნიშნავს სკოლის დირექტორი? თქვენ ხართ უკულტურო კაცი და ვერასდროს ვერ გახდებით რეჟისიორი...

და უცებ, შუკშინმა საპასუხოდ უყვირა -

- თქვენ თუ იცით, რას ნიშნავს იყო სკოლის დირექტორი? უნდა იშოვო შეშა, დახერხო,რომ ბავშვებს არ ციოდეთ, იშოვო მერხები, ნავთი... მანქანას კი 4 ფეხი და ერთი კუდი აქვს... სად მცალია წიგნების წასაკითხადო?

 

კომისიის წევრები ბედნიერები იყვნენ - აბიტურიენტი, რომელმაც გაბედა ეყვირა რომისთვის... უკეთეს შემთხვევაში ინსტიტუტში ვერ მოხდება...

 

მიხეილ რომმა კი განაცხადა -„მხოლოდ ძალიან ნიჭიერ ადამიანს შეუძლია ქონდეს ასეთი არატრადიციული ხედვა. მე მას ვუწერ „5“-იანს“...

 

არა, მართლა სხვანაირი ხალხი იყო და ურთიერთობებიც... იმ საღამოს, ვასილ შუკშინს ღამის გასათენებელი არ ჰქონდა - საერთო სასწავლებელში ოთახის გაფორმება ვერ მოასწრო... წამოწვა პარკში სკამზე და უცებ, მასთან მივიდა მაღალი, თხელი მამაკაცი, ყავარჯნით ხელში... შეეცოდა ვასილი და სახლში წაიყვანა... იქ გემრიელი ჩაიც დაალევინა...როდესაც შუკშინი გახდა სტუდენტი, მას აღფრთოვანებულმა კურსელმა თითით ანიშნა კაცზე - „შეხედე, ეს დიდი რეჟისორი პირიევიაო“... ვასილიმ იცნო კაცი, ვინს ის ქუჩიდან სახლში შეუშვა...

 

როდესაც შუკშინი ცნობილი გახდა, გაბედა და შეეკითხა პირიევს - „გახსოვთ, თქვენთან ღამე რომ გამათენებინეთ?; პირიევმა კი გაიღიმა და უპასუხა - „არა, არ მახსოვს... ჩემთან იმდენს გაუთენებია ღამეო“...

 

შუკშინი ყოველთვის ძალიან სერიოზული იყო... ბავშვობაშიც კი ითხოვდა, რომ მისთვის დაეძახათ „ვასილი“ და არა „ვასია“... მაგრამ გულში ბავშვივით სუფთა და გულუბრყვილო დარჩა...

 

მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ გიორგი (ჟორა) ბურკოვი, ანდრეი ტარკოვსკი, ლეონიდ კურავლიოვი, იური ნიკულინი,..

 

ისინი ხშირად ატარებდნენ ერთად დროს და იცით, როდესაც შუკშინი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ ეს სერიოზული და პირველი შეხედვით უხეში კაცი ყოფილა მათი სამეგობროს ბურჯი... მაშინ გიორგი ბურკოვმა თქვა - „მე მეგობრები არა მყავსო“...

 

ვასილ შუკშინში იგრძნობოდა საოცარი მამაკაცური საწყისი... ის ყოველთვის მანდილოსნების ყურადღების ცენტრში იყო... წარმოიდგინეთ, რომ სერიოზული ურთიერთობები აკავშირებდა საოცრად არაამქვეყნიურ, დახვეწილ ბელა ახმადულინასთან... შუკშინს ყავდა 4 მეუღლე... პირველი მისი თანასოფლელი იყო და არაფრით არ დათანხმდა შუკშინთან დაცილებაზე... ასე რომ, მეორე მეუღლის მოყვანამდე, შუკშინმა პასპორტი „დაკარგა“...

 

26 წლის ლიდია ფედოსეევა ვასილიმ გაიცნო მატარებელში, როდესაც ისინი მიდიოდნენ გადაღებებზე, სადაც მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ...

 

ლიდია იყო ნამტირალევი, რადგანაც ძალიან არ უნდოდა შუკშინთან ერთად ფილმში მონაწილეობა... როგორც მერე თქვა - ბევრი ცუდი რამ სმენია მის რომანებზე და სმაზე და ეშინოდა...

 

გადამღები ჯგუდი შეიკრიბა ერთერთ კუპეში და ტიპიური „მატარებლის სუფრა“ გაიშალა... მოხარშული კვერცხებით და ცელოფნიდან ამოღებული დედლით...

 

ვიღაცამ ლიდიას თხოვა, იმღერეო და მან წამოიწყო სიმღერა „წითელი ძახველი“... ვასილიც აყვა... ლიდია იხსენებდა, რომ სწორედ მაშინ შეამჩნია რა მწვანე თვალები ჰქონია შუკშინს - თანაც სიღრმეში მხიარული და ხულიგნური...

 

სტუმრები დაიშალენ... გვიან ღამე ვასილიმ დააკაკუნა ლიდიას კუპეს კარზე... ლიდია მოემზადა იერიშისთვის... ვასილი კი მიუჯდა გვერდით, ჩახედა თვალებში და უთხრა - „მომიყევი ყველაფერიო’... დილამდე საუბრობდნენ...

 

ასე დაიწყო მათი 10 წლიანი სიყვარულის ისტორია... ის სულაც არ იყო უღრუბლო... შუკშინი იყო საშინლად ეჭვიანი, თანაც ბევრს სვამდა...როდესაც ზედიზედ გაუჩნდათ 2 გოგო, დაპირდა ლიდიას, რომ სმას თავს დაანებებდა, მაგრამ ვერ შეძლო...

 

1969 წელს, შუკშინმა უმცროსი ქალიშვილი მაშა სასეირნოდ წაიყვანა... გზაში შეხვდა მეგობარი და დასალევად მოიპატიჟა იქცე, კაფეში... ვასილი გაყვა და ბავშვი ქუჩაში დაავიწყდა. როდესაც გაახსენდა, გარეთ გავარდა და ვერ იპოვა... მოირბინა მთელი რაიონი... აღმოჩნდა, რომ მაშა მეზობელმა სახლში მიიყვანა...

 

იმ საღამოს, ვასილ შუკშინმა დაიფიცა, რომ არასდროს არ დალევდა არცერთ წვეთს და სიცოცხლის ბოლომდე არ დაულევია...

 

ზოგჯერ ლიდიაც კი თხოვდა, ახალ წელს ერთი ბოკალი შამპანიური ან ლუდი გაესინჯა, მაგრამ ვერავინ ვერ შეაცდინა...ასეთი კაცი იყო - ნამდვილი «Мужик»...

 

თუ არ გამაჩერებთ, თვითონ ვერ ვჩერდები, ხომ ხედავთ...

 

ერთს ვიტყვი... მისი ფილმი „წითელი ძახველი“ იმდენად ჩემიც არის, რომ როდესაც ვუყურებ, მასთან ერთად ვვდები და ვეცემი არყის ხეებთან...

 

განსაკუთრებით მიყვარს ეს ფილმი, რადგანაც მამასთან ერთად ვუყურე პირველად... როდესაც დამთავრდა, ხალხი დარბაზიდან გავიდა, ფეხზე ვერ ავდექი და შევხედე ჯემალიკოს და მივხვდი, რომ ისიც ვერ დგებოდა...

 

კიდევ მივხვდი, რამდენად ვგავართ ერთმანეთს და როგორ განსაკუთრებით მიყვარს...

 

ვასილ შუკშინი გარდაიცვალა 1074 წლის 2 ოქტომბერს, გადაღებებზე...45 წლის ასაკში... ის ღამე გიორგი ბურკოვს ესაუბრებოდა, ხუმრობდა და ეწეოდა... მერე დაემშვიდობა... თურმე ამ ქვეყანაზე ლამაზად სიარულის მხოლოდ 15 წუთი ჰქონდა დარჩენილი...

 

ვასილ შუკშინი ამბობდა - „თუ ვინმე იტყვის კეთილ და მართალ სიტყვებს და ამ სიტყვებს ვერ გაიგონებენ, ესე იგი, საერთოდ არ უთქვამს“...

 

ვასილ შუკშინმა ნამდვილად თქვა...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და შუკშინივით გულწრფელ დღეს!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი