logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ჩემი „დაუმწვარი“ ოპერის თეატრი...
- +

2 აგვისტო. 2018. 17:45

 

„ჩემი „დაუმწვარი“ ოპერის თეატრი...“ - აღნიშნული სათაურით ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ჩანახატს ავრცელებს:

 

„პირველად ოპერის თეატრში ჯემალიკომ რომ მიმიყვანა (მიმიტანა), რეპეტიცია ჰქონდა და უმშვენიერესმა ცისანა ტატიშვილმა თავის შუბაში გამახვია და... „პატივი ვეცი“ შუბას.

 

სამსახურეობრივი სტაჟი მე რომ მაქვს, არავინ დაიტრაბახოს... ოპერის დირექტორმა დიმიტრი მჭედლიძემ ღრმა ბავშვობიდან ოფიციალურად გამაფორმა (ბრძანებით) ოპერის საპატიო მუშაკად და დამინიშნა ხელფასი (10 მანეთი)... თვეში ერთხელ მქონდა პატივი პირველ სართულზე სალაროსთან რიგში დგომის... თანაც რა რიგი იყო... ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, რეზო კაკაბაძე, ქალბატონი ცისანა, მედიკო ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია... საოცარი იცით, რა არის, ადამიანობა...მთელი ოპერის თეატრი ჩაბმული იყო ამ თამაშში და სერიოზულად ვიღებდი ამ ხელფასს და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ბატონი დიმიტრი მიხდიდა საკუთარი ჯიბიდან.

 

ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა დავხმარებოდი ულამაზესი ნანი  ბრეგვაძის ისეთივე ლამაზ დეიდის, რომელიც სალაროში მუშაობდა და ნანისავით ირმისნაირი თვალები ჰქონდა... გადმომიღებდა ხოლმე ბილეთების დასტას და მე ვურტყამდი ბეჭედს.

 

როცა რეპეტიციები მთავრდებოდა, ჩუმად ვიპარებოდი სცენაზე და ვმღეროდი... ზურიკოდან გამომდინარე... სულ ტენორების არიებს, სიკვდილის წინ.

 

მერე ავდიოდი ბალერინების „კლასებში“... სადაც იყო დიდი სარკეები და ჩუმად ვცეკვავდი „გედების ტბას“... თანაც ცოტა მსუქანი ვიყავი და... (დიდი დათიკო გამრეკელის თქმის არ იყოს, ჩემი „უმირაიუშჩი ლებედი“ უფრო მეტად „უმირაიუშჩი სლონიონოკს“ გავდა).

 

მერე ჩავდიოდი ორკესტრის გავლით, სადაც სხვანაირი სურნელი იყო (ალბათ, ინსტრუმენტების) ბუფეტში... იქ იკრიბებოდნენ ულამაზესი ბალერინები (ფეხზე ჩამოჩოჩილი გეტრებით)... ორკესტრანტები (რატომღაც ყველა შოპენს მაგონებდა... თხელები და გრძელთმიანები...

 

თვალებს რომ ვხუჭავ... შემიძლია გავიხსენო ის ტილოებიც კი, მილებზე რომ იყო შემოხვეული, წყალი რომ არ გასულიყო... ის ხვეული კიბეებიც, ჯემალიკოს ოთახში რომ მიმაქროლებდნენ, ის კულისებიც, საიდანაც ყოველი სპექტაკლის ანტრაქტში ზურიკოსთან შევრბოდი... და მეწაღე სერგო, რომელიც, საოპერო ფეხსაცმლის გარდა, ყველას „გვირემონტებდა“ პირად ფეხსაცმელს... და რეკვიზიტის დედოფალი ქალბატონი ეთერი, ჩუმად რომ მაძლევდა უფლებას პრიმადონების კაბები ჩამეცვა...

 

ოპერას ჰქონდა 2 „პოსტი“ (საგუშაგო) მერვე და მეშვიდე... ორივეს ქალაქის ტელეფონები ედგა... არცერთი არ ჩერდებოდა მთელი დღის განმავლობაში... დედიკო ხომ სულ ჯემალის ეძებდა.

 

 

 

(ეს ჯემალის და ჩემი სურათი მე-8 პოსტთან არის გადაღებული)

 

და კიდევ ერთი მოგონება...

მარჯვენა მხარეს დიდი „დირექტორის“ ლოჟა... მე და გალიჩკას 2 წინა ადგილი „დაბრონილი“ გვქონდა... სავარძლები იყო დიდი და მძიმე... უკან კიდევ 2 რიგი იყო... მახსოვს, სპექტაკლის დაწყების წინ, გალიჩკა მეკითხებოდა, „ტუალეტში ხომ არ გინდაო“... მე უარყვოფდი... ვსხდებოდით...

ფანტასტიური ლუსტრა ქრებოდა (უცნაურად... თანდათან)...

სერგო ქობულაძის ფარდა იწევდა მძიმედ...

უვერტიურა სრულდებოდა და...

დედას ვთხოვდი, „ტუალეტში მინდა თქო“...

 

იწყებოდა ამ მძიმე სავარძლკების გახოხება, უკანა რიგების შეწუხება და ეს მეორდებოდა ყოველ სპექტაკლზე და ყოველი აქტის დროს...

 

ოპერა რომ დაიწვა... ალბათ, მაშინ დამთავრდა ჩემი ძალიან ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა...“ - წერს ლელა ანჯაფარიძე.

 

 

 

big_banner
არქივი