logo_geo
ანა ნაცვლიშვილი: ყველა ბნელია, ვინც ამართლებს ძალადობას, ან ივიწყებს ძალადობას
- +

9 იანვარი. 2017. 03:16



არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„1.ადამიანის ცემა (ნიკა გვარამია იქნება ეს თუ სხვა) არის დანაშაული. წერტილი! ვინც იმას განიხილავთ, როგორ და რანაირად ცემა, კაიბიჭურად თუ ძველბიჭურად, ეს კიდეც ცალკე პრობლემაა. რა, პირდაპირ რომ მიჭროდა და ეცემა, გაამართლებდით? ამ განხილვებში შესვლით, რატომ გგონიათ, რომ თქვენ ძალიან შორს დგახართ ამ ქურდულ-ქუჩური მენტალიტეტისგან? ცივილიზებული სამყაროს (კანონის) ენაზე ცემა ცემაა და მორჩა.

 

2. თავად დანაშაულის ფაქტიდან აქცენტის გადატანა იმაზე, ვინ ცემეს და ვინ სცემა, არასწორია („აბა ეგ რას იზამდა კარგს", ისეთივე მარაზმია, როგორც „საცემი იყო და სცემეს"). მსხვერპლის ან მდევნელის დემონიზება, ირონიზება და ა.შ. არის პრობლემიდან გაქცევა და არა პრობლემისთვის თვალის გასწორება და სახელის დარქმევა, პრობლემა კი აქ ცემაა.

 

3. ძალადობა პრობლემას ვერ მოაგვარებს, მითუფრო ისეთ დიდ და კომპლექსურ პრობლემას, რომელსაც არაღდგენილი სამართლიანობა ქვია, ისევე, როგორც არაღდგენილი სამართლიანობა ვერ გაამართლებს ახალ დანაშაულს (დანაშაულებს), თუმცა - გამოიწვევს და ამაზე გვმართებს დაფიქრება!

 

4. ასე ისტერიულად რატომ გეშინიათ, მეგობრებო, ამ დაფიქრების და ამ ტერმინის (სამართლიანობის აღდეგნა)? ან სიმართლის კომისიის იდეა რატომ იწვევს ასეთ მყისიერ და უარყოფით განწყობებს? სიმართლის გვეშინია თუ კომისიის ?  თუ კონტექსტი არ მოგწონთ, რა კონტექსტშიც ეს იდეა ამოტივტივდება ხოლმე, თქვენ შემოგვთავაზეთ ნეიტრალური კონტექსტი და წამოგყვებით დისკუსიაში. არ გვინდა ეს ქილიკი და ერთმანეთის დაცინვა და დაბულინგება - ვინ „პროდვინუტია" და ვინ „ბნელი", ვინ - „მძიმე შემთხვევაა" და ვინ -„ჰუმანისტი." (facebook-ბულინგიც ძალადობაა, ისე, სხვათაშორის).

 

ყველა ბნელია და ძალადობის გამპრავებელი, ვინც 1) ამართლებს ძალადობას 2) ივიწყებს ძალადობას 3) შერჩევითად გმობს ძალადობას (იმის მიხედვით, მოძალადე უფრო მისაღებია მისი გემოვნებისთვის თუ - მსხვერპლი) 4) აქტიურად არ ითხოვს ყველა(!) ძალადობის გამოძიებას (ე.ი., სიმართლის დადგენას) და დასჯას. პ.ს. ვიცი, ამ პოსტს მოწინააღმდეგეებიც ეყოლებიან (ღია და ფარული) ყველა მხრიდან, განსხვავებული აზრი ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ამჯერად - იმან მესროლეთ ქვა, ვინც ძალადობის არგამპრავებლის ზემოთ მოცემულ ოთხივე ტესტს პირნათლად ჩააბარებთ! მადლობთ ყურადღებისთვის", -წერს  ნაცვლიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. „რუსთავი 2" -ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.


ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სოციალურ ქსელში აღიარა ყოფილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე.


 

big_banner
არქივი