logo_geo
გიორგი უძილაური: მომეწონა ჩვენი საგარეოს და შსს-ს ოპერატიული რეაგირება ირანის საპროტესტო ნოტაზე!
- +

18 აგვისტო. 2018. 01:24

 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მომეწონა ჩვენი საგარეოს და შსს-ს ოპერატიული რეაგირება ირანის საპროტესტო ნოტაზე.

 

ირანს არ მოეწონა, როცა თბილისის აეროპორტში, საზღვარზე გადმოსვლისას ირანელ ტურისტებს ჰიჯაბის მოხსნა სთხოვეს მესაზღვრეებმა. საგარეომ და შსს-მ მოკვლევა ჩაატარეს და ვერ აღმოაჩინეს ვერც მართლსაწინააღმდეგო და ვერც რელიგიის შემბღალავი ქმედება, რაც აცნობეს კიდეც ირანს.

 

მიხარია, ასეთ მომენტებში იმის შეგრძნება რომ საქართველოს აქვს ღირსება და იცავს არა მხოლოდ საკუთარ მესაზღვრეებს, არამედ კონსტიტუციას, კანონს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტსაც.

 

ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, მაშინ როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს ირანში ყოფნის განმავლობაში, თავსაბურავით იარონ.

 

ვისაც არ მოსწონს ეს ირანული კანონი ნუ ჩავა ირანში ხომ? ხოდა, საქართველოს თავისი კანონები აქვს და აქ საჭიროა საქართველოს კანონების პატივისცემა ყველას მხრიდან“- წერს უძილაური.

 

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა“, – ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

უწყების ინფორმაციით, ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

 

„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.

 

პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩთან დანიშნულია შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

 

ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. როგორც სააგენტო წერს, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა.

big_banner
არქივი