logo_geo
გია მურღულია: დამამახსოვრდა ჩემი მოსწავლის სიტყვები - „როცა ალუბლის ფოთლები გაწვიმს, ქოლგას არასდროს ეძებო...“
- +

21 აგვისტო. 2018. 23:35

 

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა გადავიკითხე ხუთი წლის წინ ჩემი მოსწავლეებისთვის დაწერილი ეს ტექსტი. დამამახსოვრდა, რაც მაშინ ერთმა მათგანმა მითხრა: როცა ალუბლის ფოთლები გაწვიმს, ქოლგას არასდროს ეძებო...“ - წერს მურღულია და ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

მშვენიერი სიგიჟე

 

ხანდახან ამბობენ, რომ პოეზია გონებისთვის მოუხელთებელია და მის ცალკეულ გამოვლინებას სახელს ვერ დაარქმევ. ალბათ, ასეც არის. თუმცა, ზოგჯერ კაცმა შეიძლება იფიქროს, რაღაც არსებითს მივაგენიო. თუ მართლაც მიაგნო, ხომ კარგი, თუ არადა - ეგონოს, არც ამით დაშავდება რამე სამუდამოდ.

 

შესანიშნავი მეცნიერი და კარგი კაცი რეზო სირაძე ამბობდა: „ხოხბობას გნახე“ პოეზიაა, გინდა ლექსში ეწეროს და გინდაც მოთხრობაშიო. საქმეც ეს არის - პოეტურობა ფიქრის მდგომარეობაა და არა რითმა ან თუნდაც რიტმი.

 

პოეზია ყოველთვის სინათლესთან და დახვეწილობასთან არის დაკავშირებული. არავის მოუვა აზრად, თქვას: „უხეში პოეზია“ ან „საძაგელი პოეზია“. არც „მახინჯი პოეზიაა“ მაინცდამაინც მიმზიდველი წყვილი. როდესაც ნამდვილად პოეტურ რაღაცას კითხულობ, სულში ყოველთვის სინათლე შემოდის. უნდა ვაღიარო, რომ საწინააღმდეგო აზრიც არსებობს, რომელიც გვამცნობს, რომ პოეზია არაფრით იზღუდება - არც სიკეთითა და არც ბოროტებით, არც მშვენიერებითა და არც სიმახინჯით. მომხიბვლელი აზრია, მაგრამ მე მას არ ვიზიარებ - მეუშნოება რაღაც. არა - ლოგიკა მასში ნამდვილად არის! თუნდაც ასეთი: ადამიანი არ არის ანგელოზი - მასში ყველაფერია ცისა და მიწისაც. პოეზიამ კი ნამდვილი ადამიანი უნდა გამოხატოს და არა „შელამაზებული“, არაბუნებრივი.  ჰო, ასეა, მაგრამ რამის აკრძალვაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ გამოხატვის ბუნებაზე - ყველაფერზე შეიძლება წერო, მაგრამ ნამდვილი პოეტურობა იმაში და იმით გამოიხატება, თუ როგორ წერ - სიტყვებიდან მხოლოდ ენერგია მოდის, თუ ნათელი ენერგია. ხედვის კუთხე და ფიქრის ფინალური ვექტორი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს „ფიქრის ფინალური ვექტორი“ რაღაა?  ეს ის არის, რაც ფაქტისა თუ მოვლენის სანთელს ანთებს ან ჩამქრალს ტოვებს. ჩამქრალ სანთელზეც ვერ იტყვი, რომ სანთელი არ არის, მაგრამ მისი ნამდვილი ბუნება მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ის ანთებულია.

 

მაინც რა არის ეს „ხოხბობას გნახე“ - რამ დააწერინა გიორგი ლეონიძეს „ყივჩაღის პაემანში“? არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი იფიქრა - ასეთი დიდებული წამი უცბათ დგება ხოლმე. მოვა და გაანათებს ფიქრსა და დღეს. სიტყვებს ერთმანეთთან მრავალმხრივი ურთიერთობა აქვთ: მოსწონთ, უბღვერენ, ეფერებიან, ესულერთებიან, ემადლიერებიან და ათასი სხვა ე...

 

საყვარელი ქალის ნახვა ყოველთვის ბედნიერებაა. „ხოხბობას“ ნახვა კი ბედნიერების ბედნიერებაა! „ხოხბობა“ აფერადებული სულია და ანათებს „გნახეს“.ეს  ისეთი ფერადოვნებაა, რომლის შექმნაც ოდენ ბუნებას ხელეწიფება. მერე ეს ნახელავი საკუთარ არსებაში შესასვლელ კარს უღებს ყველას და ყველაფერს. კარი ღიაა, მაგრამ მასში შესვლა მთლად ასე ადვილი არ არის - ანთებულ სანთელთან მისვლა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ეს სანთელი საკუთარ სულშიც ანთებული აქვს - „მსგავსი მსგავსს შეიმეცნებს“.

 

ჩვენ თვალწინ იბადება ორი სიტყვის სიყვარულის სიმფონია - არა ერთი, არამედ უამრავი მიმართებითა და გამოვლინებით - სიტყვები მხოლოდ ჩვენ კი არა, ერთმანეთსაც ელაპარაკებიან. ერთმანეთს - უფრო მეტად.

 

ტონინო გუერას აქვს მშვენიერი ფიქრის კონა - მშვიდი ღამის ისტორიები. ამ დილას სწორედ მისი კითხვისას გამიჩნდა ამ მცირე ტექსტის დაწერის სურვილი. ამ ისტორიებში ერთ-ერთს ჰქვია „აყვავებული ალუბალი“ (რას უშვრება ეს ალუბალი პოეტურად განწყობილ ადამიანებს იაპონიიდან ესპანეთამდე!). მცირე ფორმაა, მაგრამ ნახეთ, როგორ უყვართ მის სიტყვებს ერთმანეთი:

 

„ერთი გლეხი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ალუბლის ხეს ისე მიეჩვია, რომ შეუყვარდა. ყოველ დილას მის სანახავად მიდიოდა, ხის ტანს ხელით ეხებოდა. ერთხელაც ალუბლის ხე დაავადდა და ეს სწორედ იმ თვეს დაემთხვა, როცა გლეხი ფილტვების ანთებით საწოლში იყო ჩავარდნილი. გამოკეთების შემდეგ გლეხი ალუბალთან მივიდა, შეეხო, დაელაპარაკა და ალუბალმაც მალევე ტოტებზე ათასობით ფოთოლი გამოისხა.

 

ერთ დღეს გლეხი ბაზარში ნამგლის საყიდლად წავიდა, მაგრამ უეცრად რაღაც გაუსაძლისი სურვილი იგრძნო და თავის მიწებთან დაბრუნება მოუნდა. მოეჩვენა, რომ ალუბალს სჭირდებოდა. ალუბალი სრულიად გადაფურჩქნულიყო, აყვავებულიყო და თითქოს მას უღიმოდა.

 

გლეხი ალუბლის ქვეშ დაჯდა, მხრებით ხის ტანს მიეყრდნო და უეცრად მთელ სხეულზე აყვავებული ალუბლის ფურცლები დააწვიმდა“. 

 

(მთარგმნელი - ქეთევან ჩარკვიანი)

 

 

ადამიანი ეხება, ელაპარაკება და ეფერება ალუბლის ხეს და მისი ფურცლები აწვიმს. რა თქმა უნდა, სიგიჟეა, თუმცა კი მშვენიერი. ნიჭიერი ადამიანების ხელში სიგიჟეც მშვენიერდება ხოლმე. აი, სწორედ  ეს არის „ხოხბობა“ - სანთლის ანთება სულში.

 

ასეთ დროს კარი ღიაა.

 

გინდათ შესვლა?

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი