logo_geo
„არც უგულავას გუშინდელი გარეთ გამოფენა, არც გვარამიას დღევანდელობა არავითარ ემოციებს არ იწვევს ჩემში“
- +

10 იანვარი. 2017. 11:11



„არც უგულავას გუშინდელი გარეთ გამოფენა, არც გვარამიას დღევანდელობა, არც ლარის უფსკრულში ცოცვა, არც გაჭიანურებული ზამთარი, არც მუწუკი ცხვირზე არავითარ ემოციებს არ იწვევს ჩემში",  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით კალანდია წერს.

 

„გადავშალე კინგი „ინსომნია", არ მეკითხება.

ჩავრთე „ტანჰეიზერის" შესავალი, არ მესმინება.

გავედი ერთჯერად ქალბატონებში, არ ვღელდები.

ჩავკბიჩე ელარჯი, არ მეამა.

გადავხტი მტკვარში, ტალღამ ნაპირთან მიმატივტივა და ფრთხილად ბეტონის კიდესთან დამტოვა.

ჩიტი არ მასკინტლავს, ძაღლი არ მიყეფს, მათხოვარი არ მთხოვს მოწყალებას, წვიმა მარიდებს წვეთებს.

იქნებ უკვე აღარც ვარ?

ხომ არ შეგხვედრივართ ამ ბოლო დღეებში ვინმეს სადმე?

ხომ არ იცით ჩემი ამბავი?

თუმცა, ვინ რა უნდა იცოდეს, ყველას თავისი გასჭირვებია.

საკუთარი პერანგის გარდა, არავის არაფერი აინტერესებს.

სახლი, სად არის ჩემი სახლი, აღარ მახსოვს.

რა დროა, რა რიცხვია, რომელი საუკუნეა, რა მქვია, რა სქესი მაბია, რა ქვეყანაა ეს, რა პლანეტაა?

და საერთოდ, არის რო რამე, თუ ეს ყველაფერი დამესიზმრა?

და უცებ:

ტყლაშ ლოყაზე:

- ადე შე უქნარა, ჩამოდი პეჩიდან, ვედრო აიღე, წადი მდინარეზე..

მოვედი აზრზე, გამიხარდა, ზმანება იყო ეს ყველაფერი, ცოცხალი ვარ, ვტაცე ავზს ხელი და გავიქეცი მდინარეზე.

მივრბივარ, და ვფიქრობ, რატომ მივრბივარ?

სახლში ხომ მოქმედი ონკანი გვაქვს?

რაღაც სხვა ამბავში ვარ და ვერ ვხვდები რა ხდება.

აი მდინარეც, წყლის მაგივრად ქვიშა მოჩუხჩუხებს. მაგრამ ალბათ ასეა საჭირო. ავავსე ავზი და გავუყევი უკანა გზას. გზად ორფეხა ქვეწარმავლები მხვდებიან და თავაზიან სალამს მეუბნებიან.

რომელ ქვეყანაში ესალმებიან უცხოები ერთანეთს?

არა, ნამდვილად რაღაც სხვა ამბავში ვარ.

სადღაც გადავკვეთე ზღვარი, მაგრამ სად და როდის?

არაუშავს, მივეჩვევი. მე ყველაფერს ვეჩვევი. ძალიან მჩვეველი ადამიანი ვარ.

ადამიანი.

ადამიანი ვარ?

სახლში სარკეში ჩავიხედავ.

(ციკლიდან "მოკითხვა რობერტ შეკლის")" - წერს კალანდია.




 

big_banner
არქივი