logo_geo
ირაკლი გოგავა: ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა
- +

10 იანვარი. 2017. 11:33



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ წერს:


„უგულავას გათავისუფლება „ოცნების" და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დაიდო. სწორედ ეს გაახმოვანა პრემიერის მეგობარმა დავით კოღუაშვილმა მაისში, როცა განაცხადა, რომ უგულავა მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ციხის გარეთო. კოღუაშვილმა მაშინ იჩქარა და კარტები გახსნა, რისთვისაც „გარიყეს" კიდეც პარტიიდან. უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა „რევოლუციური სცენარი" ჩაუშალა სააკაშვილს და ახალაიას დაჯგუფებას. „ნაციონალური მოძრაობის" ეს ფრთა გადატრიალებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ მქონდა ინფორმაცია უკრაინიდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არჩევანი შეზღუდული იყო: თუ უგულავას ციხიდან გამოსვლაზე უარს იტყოდა, მინიმუმ ორთვიან არეულობას მიიღებდა ქვეყანაში თავისი მიტინგებით, შეტაკებებით, ცემა-ტყეპით, ხაბაზის „ავტომაიდანით" და მოლოტოვის კოქტეილებით „თავისუფალი ზონისგან". ეს პროცესი დააქცევდა ქართულ ეკონომიკას. უგულავას გარეთ გამოსვლა აშკარაა, რომ გააძლიერებს ბოკერიას ფრთას ნაციონალური მოძრაობის შიდა დავაში. ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა: უგულავას განთავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და გახლიჩა „ნაციონალური მოძრაობა". ერთი კი უნდა ითქვას: თუ კანონი "შემსუბუქდა" უგულავასთვის, აუცილებელია ყველა იმ ადამიანის ამნისტირება, ვინც მსგავს ან ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე იხდის სასჯელს!

 

P.S. ჩემს პოსტს გამოაქვეყნებს მედია. „ოცნება" (სატელიტი „ექსპერტების" აკომპანიმენტით) და ნაციონალური მოძრაობის ნაწილიც კატეგორიულად უარყოფს ასეთ შეთანხმებას, მაგრამ არ დაიჯეროთ! ზუსტად ისეა, როგორც მე აღვწერე. მე მგონი ამ პოსტკრიპტუმით „ექსპერტები" ჩამოვიშორე - აღარავინ მოინდომებს თავისი თავის გაშიფრვას. პოლიტიკოსები კი აუცილებლად იუარებენ - სხვა სვლა არ აქვთ", - წერს გოგავა.




 

big_banner
არქივი