logo_geo
„დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და მოთქვამდა, გადამირჩინეთო...“ - სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარული
- +

10 იანვარი. 2017. 13:34


სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Facebook გვერდი „Statusebi" ემოციურ ფოტოსა და ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარულის არსებობის არ მწამდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში, სახეწაშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა, ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯდა, დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები, ამერიკიდან მოდისო...

 

სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო, მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან, რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული.

 

მე მინახავს თვალები, უიმედობით გაჟღენთილი, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია.

 

გამოსვლისას, დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა: კაცი არ ხარ?! რა გატირებსო.

 

მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება:

 

- ჩემ გამო კი არა, მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქვს.

 

ჰო... სიყვარული არსებობს! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები...

 

„ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ"... დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ."





 

big_banner
არქივი