logo_geo
გიორგი უძილაური: იდიოტების რასა ვართ ადამიანები...
- +

10 იანვარი. 2017. 15:49



 

„იდიოტების რასა ვართ ადამიანები. გუშინ დედამიწას ჩაუფრინა 35 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა (AG13). ამ ასტეროიდის შესახებ პლანეტაზე შეიტყვეს მხოლოდ 48 საათით ადრე!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.

 

„ყველასთვის ცნობილი ფილმი არმაგედონი 1998 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იმ ფილმში NASA-ს შეეძლო 18 დღით ადრე შეეტყო ასტეროიდის მოახლოების შესახებ. ფილმის გამოსვლიდან თითქმის 20 წელი გავიდა და ვხედავთ მწარე რეალობას - პლანეტა ფაქტობრივად დაუცველია, მისი მოსახლეობა კი სრულიად უსუსური, მინდობილი არმაგედონის მსგავს ფილმებში წარმოჩენილ ვიღაც ჭკვიან ინსტიტუტებს, რომლებიც ზრუნავენ ამ საკითხზე. პლანეტის დაცვაზე (უფრო სწორად, წინასწარ გაფრთხილებაზე) ზრუნვის რეალობა კი ასეთია:

 

დღეისთვის არსებობს მხოლოდ ერთი ინფრაწითელი ტელესკოპი NeoWise რომელმაც ფაქტობრივად ამოწურა საკუთარი რესურსი და ამასთანავე მას აკრიტიკებდნენ არასიზუსტისთვის (30-300%-მდე). მან ვერ აღმოაჩინა ჩელიაბინკის ასტეროიდიც. სხვათაშორის, სწორედ ჩელიაბინსკის ასტეროიდმა გააღვიძა NASA-რომელმაც, 2016 წელს $50 მლნ.-მდე გაზარდა პლანეტისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების აღმომჩენი პროგრამის ბიუჯეტი. ახალი ტელესკოპი (NeoCam) ორბიტაზე გავა მხოლოდ 2021 წელს...

 

 

2017 წელი გავიდა ქრისტეშობიდან, ადამიანების რასა ისევ შუღლში, ომებში, ნივთების გადანაწილებასა და ნივთების მონობაშია ჩაფლული, მაშინ როცა მთავარი საზრუნავი - რასის სახლი, პლანეტა დაუცველია. ეს მორალის, სიკეთისა და ბოროტების თემაც არაა. ეს ადამიანთა რასაში პრიორიტეტების აღრევის, ელემენტარული ლოგიკისა და უმარტივესი პრაგმატიზმის არარსებობის მაჩვენებელია. რა მნიშვნელობა აქვს ომებს და სიმდიდრეს, საზღვრებსა და ჰეგემონობას, როცა ყველაფერს, ყველა ქვეყანას, ყველა ერს, ყველა ფულს, კულტურასა და ტრადიციებს, მიზნებსა და ამოცანებს ერთ წუთში დაასრულებს კოსმოსიდან შემოფრენილი ერთი ქვა? ხოდა, ამიტომაც ვართ იდიოტების რასა", - წერს უძილაური.




 

big_banner
არქივი