logo_geo
როლანდ ხოჯანაშვილი: ყველა პედაგოგს ვუსურვებ საუკეთესო შედეგებს, არა საკუთარი მაჩვენებლებით, არამედ - მოსწავლეთა შედეგებით
- +

13 სექტემბერი. 2018. 03:05

 

„ცოტა ხნის წინ ვიკითხე, 17 წლის ადამიანმა თუ შეიძლება მასწავლებლობა დაიწყოს-მეთქი და აღმოჩნდა, რომ არაერთ ადამიანს ამ ასაკში დაუწყია პედაგოგობა. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ამ პოსტის გამო facebook-ის პირად მიმოწერაში არაჯანსაღი აზრები „წამაყარეს“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ არ ვცდები, თავად „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხელმძღვანელმა ჯგუფური მიმოწერის საშუალებით სცადა ჩემი შებრალება, ვწუხვარ, რომ გამომცხადებელმა ხუთეულის ერთ წევრზე შეცდომით გამოაცხადა 17 წელი, ნაცვლად 19-ისა და ვწუხვარ იმასაც, რომ ათეულში ვერ მოხვდიო. ვაღიარებ, სიწუწკის გამო მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში. თუმცა, რაღაცის დამატება მაინც მსურს:

 

  • პრიზის მოგების შემთხვევაში, მინდოდა ჩემი მოსწავლეების საზღვარგარეთ წაყვანა, რადგან მიმდინარე წლის მარტში ჩემს მოსწავლეებს გამარჯვება წაართვეს ქუთაისში (ორგანიზაცია „სენს“ ახლაც საქმე პროკურატურაში აქვს ამის გამო, თუმცა, არ ვიცი, რა იქნება შედეგი, გარდა იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ბევრად ნაკლები სკოლა ჩაერთო წლევანდელ მათ მიერ ორგანიზებულ კონკურსში).

 

  • 25 წლის მასწავლებლობის განმავლობაში არცერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ჩემ მიერ ნასწავლებ საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია), თუმცა, განათლების მკვლევარმა აფხაზავამ (ლადო არა, სხვა აფხაზავაა) მიმოწერაში ამიხსნა, რომ უამრავია ასეთი მასწავლებელი, რომლებიც ჩაუჭრელად ასწავლიან მოსწავლეებს, იმდენად ადვილია საგამოცდო საკითხები თურმე. ძალიან გამიხარდა, რადგან მკვლევარი ამას ამბობს! იმედია, არ ცრუობს და ათეულის გარდა, კიდევ ბევრია ჩაუჭრელთა მასწავლებლები!

 

  • მაქვს არაერთი (მათ შორის, მედიაკონკურსზე ნომინირებული) სტატია განათლების საკითხებზე. ვთანამშრომლობ არაერთ სკოლასთან, მასწავლებელთან, შშმ და სოციალურად მოწყვლად ბავშვთა ორგანიზაციებთან (ფაქტები უამრავია და არ მინდა ახლა მაგისი ჩამოთვლა).

 

  • გასულ წელს, აწ უკვე ჩემგან „შეჩვენებულმა“ სენმა წლის მასწავლებლის სტატუსი მომანიჭა (მერე კი იკვნეტდნენ თითებს ალბათ, ეს ფლუსტრირებული როგორ დავაჯილდოვეთო).

 

  • ჯერ კიდევ მიშას დროს გამოვაქვეყნე წერილი სათაურით ერთ-ერთ რეიტინგულ გამოცემაში „რამდენიმე შაშკინელება“ და ვისაც ახსოვს შაშკინის დროის განათლების სისტემა, ეცოდინება, რამდენად გაბედული უნდა ყოფილიყავი, ეს რომ დაგეწერა!

 

  • არცერთი მინისტრის დროს არ გავჩუმებულვარ და ვამბობდი სიმართლეს, მაგალითად, ჯეჯელავას შესახებ არაერთხელ კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი სოციალურ ქსელშიც, ტელე და ბეჭდურ მედიაში. ჯეჯელავა იყო პოპულისტი და ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტიანი მინისტრი ჩემს მახსოვრობაში, თუნდაც ვაშლების დარიგების დისკრიმინაციული ფორმის გამო.

 

  • ზემოთ ხსენებულმა აფხაზავამ მირჩია, რომ მეტად სოციალური და სამოქალაქო პოზიციები უნდა მქონოდა, ამით გზა გამეხსნებოდა ათეულისკენ ალბათ... აი, მანდ უკვე გამეცინა, ნამდვილად რეალიზებული ვარ სრულად, ჩემი შესაძლებლობით, სოციალურად და სამოქალაქო პოზიციებით. ჩამოთვლა ზედმეტად მიმაჩნია, რა პოზიციები მქონია! თითქმის ყოვლისშემძლე „გუგლის“ ძიებით ვნახე ამავე აფხაზავას ერთი ჩანაწერი, სადაც ის ნეტარებდა იმით, რომ ისეთ კონკურსს ჰყავდა მიწვეული, როგორსაც მიუწვევია ბილ გეიტსი თუ რომის პაპი (არასრულფასოვნების კომპლექსი დავინახე, მე საბრალომ აქ და იმედია, ვცდები).

 

  • 23 წლის ასაკში ვიყავი ერთადერთი (ასე მახსოვს) პირველი კატეგორიის მასწავლებელი საქართველოში (მაშინ ჭაღარა არ მქონდა და ტესტირების ნაწილი მაქსიმალური ქულებით დავძლიე ნახევარ საათში), ახლაც, ჭაღარამ, საგნობრივი კომპეტენციის მაქსიმალური ქულებით დაძლევა მოვახერხე მინიმალურ დროში.

 

  • მგონია, რომ პატარკაციშვილების ოჯახს ატყუებენ ამ კონკურსით და მასწავლებლების შეფასება კი არა, თავისი ფინანსური მდგომარეობა უფრო აინტერესებს ზოგ ბატონსა თუ ქალბატონს.

 

  • ჩემს ბლოგზე მინდოდა დამეწერა ამის შესახებ, მაგრამ, მერე ვიღაცეები დამწამებდნენ, ისევ ფლუსტრაციაო და ასე შემდეგ. ამიტომ, თავს ვიკავებ უფრო დაწვრილებით საკითხზე წერისაგან.

 

  • ყველა პედაგოგს ვუსურვებ საუკეთესო შედეგებს, არა საკუთარი გამოცდების მაჩვენებლებით, არამედ _ მოსწავლეთა შედეგებით, რაც, აფხაზავას აზრით, ძალიან მაღალი გვქონია და ფრიად მოხარული ვარ, თუ ეს ასეა (მსოფლიო ორგანიზაციები და გამოცდების შედეგები სხვას ღაღადებენ, მაგრამ არა უშავს, ჩვენ გვჯერა ის, რისი დაჯერებაც გვინდა).

 

  • ეროვნული ჯილდოს ხუთეულს ვუსურვებ ყველაფერ კარგს, პირად და საზოგადო სივრცეში!

 

  • კოლეგებო, მიყვარხართ, რადგან ჩვენ ბავშვების აღზრდა გვერგუნა წილად!

 

  • დაიჯერეთ, რომ თქვენი გამარჯვება ყველა პედაგოგის გამარჯვებაა!“ - წერს ხოჯანაშვილი.

 

 

big_banner
არქივი