logo_geo
„სინდისი „რუსთავი 2“-ში უფრო ძნელი საპოვნელია, ვიდრე საროსკიპოში!“
- +

13 იანვარი. 2017. 01:39


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამას წინათ ვუყურე წინა კვირის „პოსტსკრიპტუმს" "რუსთავი 2"-ზე, სადაც ზვიად გამსახურდიას აღსასრულის შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულ ფილმზე - „ხიბულაზე" იყო საუბარი.

 

მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ნიუანსი რეჟისორის დამოკიდებულებისა, დიახაც, მომეწონა. მაგალითად, როდესაც ოვაშვილი ამბობს, რომ არ მოკიდა ხელი გადაღებას, სანამ სიტუაციიდან დისტანცირება არ შეძლო. მძიმე, მაგრამ იმედი მაქვს, საინტერესო იქნება მის მიერ დანახული შინაგანი ადამიანური კონფლიქტი. თუმცა აქვე მინდა შევახსენო რეჟისორს, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ზვიად გამსახურდიამ კონფლიქტი ხელისუფლების მპყრობელისა და დევნილი, განწირული ადამიანის რეალობებს შორის მისი ცხოვრების ბოლო პერიოდზე კარგა ხნით ადრე გააცნობიერა. თითქმის ორი წლით ადრე გააცნობიერა იდეალისტური წარმოდგენა და იმედგაცრუება ქართული საზოგადოებით, და ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს, თუმც ამ საკითხზე ვრცლად ლაპარაკის უფლება თავისთვის არ მიუცია... შევნიშნავ ასევე, რომ ზვიად გამსახურდიასთვის ეს ფინალური ბრძოლა არ ყოფილა ძალაუფლების, არამედ ქვეყნის დასაბრუნებლად, რომელიც უფსკრულისაკენ მიექანებოდა თავქვე: სწორედ ისე, როგორც თავად მან სახელმწიფო გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა...

 

ამ ფონზე, ცოტა არ იყოს, თავის დაზღვევას ჰგავს ფილმის მესვეურების განცხადება, რომ მათ ფაქტოლოგიურ სიზუსტესა და მოვლენების რეკონსტრუქციაზე პრეტენზია არა აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატება მინდა ვუსურვო ფილმსა და რეჟისორს, და განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელს, ცნობილ ირანელ მსახიობს, ჰოსეინ მაჯუბს, რომელმაც, ჩემის აზრით, ყველაზე სრულად და ადეკვატურად გაიაზრა ზვიად გამსახურდიას პიროვნება...

 

მაგრამ „ერორი" რის „ერორი" იქნებოდა, სიცრუე და თხლე რომ არ შეერია რეპორტაჟში? „პრეზიდენტმა მთავრობის სახლი მიწისქვეშა გასასვლელით დატოვა", „საიდუმლო ბუნკერში იმალებოდა", „ხალხმა აირჩია და ხალხმა მოკლა", - ეს ფრაზები ამ ჟურნალისტების სინდისზე იყოს. მაგრამ სინდისი... იქ უფრო ძნელი საპოვნელია, ვიდრე საროსკიპოში.

 

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მკვლელობას, ის ხელისუფლებას გამოძიებული და ფინალურ სტადიამდე აქვს მიყვანილი. მე აქვე მინდა ვკითხო პრემიერ კვირიკაშვილს: რატომ არ აწყობთ და არ უნდათ საქმის დასრულება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა?!

 

ალბათ კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მაინც...", - წერს გამსახურდია. 


 

big_banner
არქივი