logo_geo
ნინო ლაბარტყავა: მეშინია ძალიან მისი დაკარგვის... ის ხომ ჩემი ცხოვრების ტკბილი ნაწილია...
- +

8 ოქტომბერი. 2018. 20:13

 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:

 

,,უმორჩილესად გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ ეს პოსტი...

 

ბოლო დღეებში ორი ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებამ ყველა დაგვამწუხრა... ვინც არ ვიცნობდით მათ - ისინიც...

 

და შემეშინდა...

 

ბევრმა თქვენგანმა კარგი მეგობარი დაკარგა ამ გოგონების სახით...

 

და მეც შემეშინდა...

 

თითქოს, რეალობას არ ვუსწორებდი თვალს ეს ბოლო პერიოდი; თითქოს, არ ვგრძნობდი მოახლოებული ბოროტების სუნს...

 

მაგრამ...

 

პირველ ფოტოზე ჩემი მეგობარია, ნინო ნაკვეთაური. დანარჩენ ორ ფოტოზე - მისი სულის ნაწილი, მისი ნახატებია...

 

ნინო კი ჩემი ცხოვრების ნაწილია...

 

მე მას 15 წლიდან ვიცნობ და ყოველ წამს მიყვარს... ყოველთვის ვამაყობ, რომ მისი მეგობარი ვარ და ყოველთვის მაოცებს მისი უტეხი, მებრძოლი სული...

 

ნინოს, ჩემს მეგობარს, ჩემი ცხოვრების ნაწილს, დაახლოებით 4 წლის წინ მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მეორე სტადია...

 

არ მოვყვები იმაზე, როგორ შოკში ჩაგვაგდო ამ ამბავმა მისი ახლობლები და მეგობრები... აღარ მოვყვები იმის შესახებ, რამხელა შიშში ვიცხოვრეთ ყველამ იმ პერიოდში... ნინოს ყოველი ქიმია ჩვენთვის თან მძიმე იყო, თან სასიხარულო: მძიმე იმიტომ, რომ რთული პროცედურაა... სასიხარულო კი იმიტომ იყო, რომ ყოველი ქიმიის გაკეთების დროს, უფრო და უფრო დიდი იმედი გვესახებოდა, რომ ჩემი მეგობარი გადარჩებოდა, გამოკეთდებოდა და ორ ულამაზეს შვილს დედის გარეშე არ დატოვებდა...

 

და მართლაც - ნინომ მაშინ მკერდის კიბო დაამარცხა. ჩემმა ლამაზმა, ჭკვიანმა და კეთილმა მეგობარმა სიკვდილზე გაიმარჯვა! ახლაც ხანდახან მგონია, რომ ის პერიოდი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო... და რომ ჩემს მეგობარს არ ღრღნიდა საძაგელი დაავადება... რომ უბრალოდ კოშმარში მქონდა ნანახი, მისი მკურნალობის რთული გზა...

 

ცხოვრება ისევ გაგრძელდა და ისევ ნინოსავით და მისი ნახატებივით ლამაზად... მაგრამ...

 

რამდენიმე დღის წინ, ვიგებთ, რომ ჩემს მეგობარს ისევ ჩაეჭიდა სიკვდილი თავისი საშინელი კლანჭებით... რამდენიმე დღის წინ, ნინოს უხასიათობა შევატყვე... რა ხდება-მეთქი? ვკითხე... ქუჩაში ვიდექით, შემთხვევით შევხვდით იმ დღეს და რა ხდება-მეთქი? სამჯერ ვკითხე...

 

- ნინ, ჩემო კარგო, ექიმმა მითხრა, რომ ახლა მელანომა მაქვს, მესამე სტადია, ესეც კიბო, ოღონდ - კანის... მიპასუხა ჩემმა მეგობარმა...

 

რამდენიმე წამი არაფერი მახსოვს რა ვთქვი... ნინოს ჩავეხუტე და შუა ქუჩაში ტირილი დავიწყე... რაღაც უაზრო ხმებს გამოვცემდი... არ მჯეროდა, რაც ჩემმა ლამაზმა, კეთილმა მეგობარმა მითხრა... მაგრამ...

 

მოკლედ, დავიწყეთ გარკვევა, გარჩევა - რა ჯობია და როგორ? მელანომას მესამე სტადია არაა მარტივი ამბავი... მარტო  ანალიზები ათასობით ლარი დაჯდა, ადგილობრივმა ერთ-ერთმა ონკოლოგმა კი ნინოს უთხრა - აჰჰჰ, მე ვერ მოვკიდებ ხელს ამ ამბავს... სასწრაფოდ თურქეთში, ან გერმანიაში უნდა გადაფრინდე, რომ "მოასწრო"...

 

ჯერ მკურნალობის რა გზას უნდა დავადგომოდით, ესაც არ ვიცოდით, ამიტომ ანალიზების პასუხები და კანის ფრაგმენტი სასწრაფოდ გადავგზავნეთ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში. პასუხი სამ კვირაში ჩამოვაო, გვითხრეს... აქ კი ყველა დღე მნიშვნელოვანია, ყველა დღე ძვირფასია, "მოსწრებაზეა"...

 

სხვა ექიმთან მივიდა ნინო და მან უთხრა - სანამ გერმანიიდან ჩამოვა პასუხები, მანამდე იმუნიტეტის გასაძლიერებელი 15 ნემსი გაიკეთეო, გავძლოთ იქამდე უნდაო... ერთი ნემსი დაახლოებით, 100 ლარი ღირს...

 

არ მინდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი დავკარგო...

 

არ მინდა, ჩემი ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი მეგობარი სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხდეს...

 

მან ერთხელ უკვე აჯობა სიკვდილს, ის მებრძოლი ქალია, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და უნდა იცოცხლოს! ახლაც უნდა დაამარცხოს ეს საშინელება... უნდა...

 

არ ვიცი, რა იქნება... ყველა ფინანსური რესურსი ამოწურულია უკვე, რამდენიმე ათასი ლარი მხოლოდ ანალიზებსა და ნემსებში დაიხარჯა - მეტი არ გვაქვს, ვეღარ გვაქვს...

 

მეშინია ძალიან მისი დაკარგვის... ის ხომ ჩემი ცხოვრების ტკბილი ნაწილია...

 

ნეტა, ყველას გყავდეთ გვერდით ასეთი უღალატო, სამართლიანი, კეთილი და გვერდში მდგომი ადამიანები...

 

ნეტა, იცოდეთ, რა კარგ ადამიანს ებრძვის ახლა სიკვდილი...

 

გთხოვთ, მთელი გულით და სულით - დამეხმარეთ ჩემი მეგობრის გადარჩენაში...

 

გთხოვთ, ერთი დღე ნუ იყიდით ერთ კოლოფ სიგარეტს და ნინოს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გაიმეტეთ ეგ თანხა...

 

გთხოვთ, მხოლოდ ერთი დღე ნუ იყიდით გაზიან სასმელს, ან ფინჯან ყავას და დაეხმარეთ ჩემს მეგობარს...

 

ის თქვენი მეგობარიცაა, მას მართლა ყველაზე შესტკივა გული და ის ყოველთვის დახმარებია სხვას, როცა ეს შეეძლო...

 

წლების წინ, ქიმიებზე მყოფი, მაინც და ისევ ხატავდა, რომ ნახატები გაეყიდა და ემკურნალა... ახლაც ცდილობს, ხატოს, რომ რამე თანხა მოაგროვოს და გული მიკვდება...

 

ძალიან გთხოვთ, გადაარჩინეთ ჩემი მეგობარი... ის თქვენი ნაწილიცაა, თქვენი კეთილისმსურველია... მას ისევ  უჭირს, უკვე მეორედ, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო რთულადაა... მელანომა ჰქვია მის მტერს... მესამე სტადია...

 

უნდა გაძლოს, სანამ გერმანიიდან პასუხები ჩამოვა - მკურნალობის რა მეთოდი იქნება ეფექტური და დროული... უნდა გაძლოს...

 

და მერე უცხოეთში წასვლა უნდა მოახერხოს როგორმე... ჩემი, თქვენი, ყველას დახმარებით... თქვენი კეთილი ნების, თანადგომის დახმარებით...

 

ფინჯანი ყავა, ან ერთი კოლოფი სიგარეტი... და ჩნდება დიდი შანსები ჩემი მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად...

 

ვაქვეყნებ ანგარიშის ნომერს:

 

GE92BG0000000101474152

 

ნინო ნაკვეთაური.

 

გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი...

 

გთხოვთ...

 

უნდა გადარჩეს ეს ლამაზი, კეთილი ადამიანი...

 

იქნებ, დაეხმაროთ მას სიკვდილის დამარცხებაში“, - წერს ლაბარტყავა.

 

 

big_banner
არქივი