logo_geo
„ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლას ისე ამადლით, თითქოს, ის ამაზე ოცნებობდა!“
- +

1 ნოემბერი. 2018. 23:09

 

 

მაკატერინა.კატერინა (https://www.facebook.com/makaterina.katerina) სოციალურ ქსელში წერს:

 

„ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ, მთლად ერს არა, მაგრამ ბარე ორს უნდა წამოვცხო!

 

მამაჩემი, წლების განმავლობაში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სხვათა შორის, კომუნისტების დროს უპარტიო იყო. გაგიკვირდებათ, ეგ როგორო? მე კი გეტყვით, რომ არის ეგეთი ტყეებიც, უხეო. ასაკში რომ შევიდა და სამსახურს თავი დაანება, იფიქრა, შვილებს ტვირთად არ დავაწვეო და რაიონში, მიწაზე გამწყრალი მეზობლებისგან ცოტაოდენი მიწა იყიდა, თხილის ბაღი გააშენა და დედასთან ერთად, დღემდე ამ ბაღისა და შინამეურნეობის შემოსავლით ცხოვრობს. ჩვენგან დახმარებას არ იღებს. იმიტომ კი არა, რომ ცუდი შვილები ვართ?! ასეა მიჩვეული და ამიტომ. მოულოდნელად, 20-30 კაცით რომ მიადგე, არ შეგარცხვენს. ახლა უკვე 82 წლისაა, დედა 72-ის.

6 შვილის მამამ პენსიაზე უარი თქვა, სახელმწიფოს უჭირს და მე არაო. პენსიის გაუქმებაზე უარი რომ უთხრეს, გაბრაზდა.

 

იქაურ უბანში 40-მდე ოჯახია, თითო დესპანი ყველას მივლენილი ჰყავს საზღვარგარეთ, დღემდე პურის ტალონად რომ არიან ქცეული, მაგრამ ამ ორმოცი ოჯახის სრული უმრავლესობა სოციალურ დახმარებაზე ზის. ბოსტანი არ აქვთ საკარმიდამოში და ქინძი-ნიახურისთვის 82 წლის მამაჩემის ბოსტანში დაბოდიალობენ. ეს პატარა უბანი ნამდვილი ლაბორატორიაა, როგორც ახლა მოდურად ამბობენ, რესპექტაბელური კვლევისთვის შესანიშნავი ველია და მეტიც, საერთო სურათია, რომლის განზოგადებაც მთელ ქვეყანაზე შეიძლება, რადგან ყველგან ასეა.

 

მამიდაჩემი 77 წლისაა. ის ქალაქად ცხოვრობს, თბილისში. თვითონ ბუღალტერი იყო, ბიძაჩემი ელექტრიკოსი. შემოსავალს გონივრულად გაუძღვა და თბილისში 6 ქოხი იყიდა, რომელიც თანამედროვე მშენებლობის ბუმის პირობებში საკმაოდ დიდ კაპიტალად იქცა. ამ ქოხებიდან ხუთი შვილებს გადაულოცა და მათი ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყო. მეექვსეში თვითონ ცხოვრობს, 180-ლარიან პენსიაზე. შვილებისგან დახმარებას ისიც არ იღებს. იმიტომ კი არა, რომ ცუდი შვილები ჰყავს?! ასეა მიჩვეული და ამიტომ. რამდენჯერაც მივალ, ორი-სამნაირი კერძით მუდმივად მიმასპინძლდება. რამეს თუ მივიტან, ბრაზობს, რატომ შეწუხდიო. და იცით რა მითხრა ქალაქად მცხოვრებმა პენსიონერმა მამიდამ?! მე გონივრულად ვანაწილებ მამიდა პენსიას, შვილებს არაფერზე ვაწუხებ, ჯანმრთელობა, ღვთის წყალობით, ხელს მიწყობს, მკმარა ეს პენსია და ღმერთმა იმ დღემდე არ მიმიყვანოს, სახელმწიფოს რაღაც დავემათხოვროო.

 

ჰოდა, მე ამ ხალხმა გამზარდა და ჩემი საქართველო აქ არის!

 

ბავშვობიდან მიმაჩვიეს იმას, რომ საკუთარ თავზე და ქვეყანაზე თავად უნდა ვიზრუნო. ჯერ, გონების სპორტით მივეჩვიე შემოსავლის მიღებას, ჭადრაკს ვთამაშობდი და საკმაო წარმატებითაც; მერე, კოოპერატივები რომ შემოვიდა, ბიძაჩემმა, თვითნასწავლმა ტექნიკოსმა, სახლში მინიფაბრიკა ააწყო, პროდუქციას აწარმოებდა და რუსეთში ყიდდა. მთელი უბანი დაასაქმა და მათ შორის, მე და ჩემი დებიც ვიყავით. სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ჩემ ფულს გამოვიმუშავებდი და ბევრს არა, მაგრამ მშობლებს ჰიგიენური საშუალებების საყიდელ ფულს მაინც არ ვთხოვდი. საერთოდ არ მახსოვს, როდესმე მეხსენებინა სიტყვა - მიყიდე! უკვე მოწიფულ ასაკში, ფული არავისგან მითხოვია, მშობლებისთვის, უახლოესი მეგობრებისთვის და თვით ბანკისთვისაც კი, არც ერთხელ! მხოლოდ ერთხელ ვითხოვე, ოპერაციისთვის კოსმიური თანხა რომ დაგვჭირდა, ჩემი ოჯახის წევრი რომ სიკვდილის მოლოდინში დღეებს ითვლიდა, მაშინ. მაშინვე სრულიად უანგაროდ მომცა ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა. მიხვდა, რომ მოვკვდი. ნახევარი გადავრჩი და დარჩენილი ცხოვრება რომ ყოველდღიურად 15-საათიან შრომაში გავატარო, იმ ვალს მაინც დავაბრუნებ. არ მთხოვენ, მაგრამ ადამიანობა და თავმოყვარეობა მთხოვს. ჩემი დებიც ასე იყვნენ, უკლებლივ ყველა, და დღემდე ასე ვართ.

 

ამდენი იმიტომ ვწერე, რომ უკვე ყელში ამოხვედით.

 

მრცხვენია ამდენი გაჭირვების ძახილის მოსმენა, ხალხს შია, ხალხს უჭირს! სინამდვილეში, თავმოყვარეობასა და ღირსებაში უჭირს უმრავლესობას და ყველანაირი უბედურების სათავეც ეს არის!

 

არავის არ უჭირს ისე, რომ წლების განმავლობაში გაჭირვებაზე იწუწუნოს. იცით ვის უჭირს?! ავადმყოფებს, ინვალიდებს, უნარშეზღუდულებს, უპატრონო ბავშვებს და წაგებული ომებით გატეხილ, ჯანმრთელობაშერყეულ ნამდვილ ვეტერანებს. მოგებული ომის ვეტერანებსაც უჭირთ, კანტი-კუნტად რომ დარჩნენ, იმათ! ჰოდა, რამდენი ხართ მათ მიმართ სოლიდარული?! რამდენმა თქვით უარი ბიუჯეტიდან მიღებულ სიკეთეებზე იმ მოტივით, მე მასე არ მიჭირს და იმათ გადაუნაწილეთო?! ბიუჯეტის წურბელებს ადამიანებად არ გთვლით, არც მთავრობაში და არც მოსახლეობაში! სიტყვა - საზოგადოებას შეგნებულად არ ვხმარობ!

 

მე, ჩემს დებს და კიდევ ერთ-ორ ჩემს მეგობარს როგორც კი რამე სახის შემოსავალი გაგვიჩნდება, მაშინვე მივდივართ და გადასახადს ვიხდით, ჩემი ჟურნალისტობის ხელფასი თავისთავადაც იბეგრება. ჯერჯერობით, განაცხადის გაკეთებისას მუზეუმის ექსპონატებივით გვათვალიერებენ მოხელეები, საიდან ჩამოვარდნენო. შეიძლება, ჯერ ცოტანი ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მთელი ქვეყანა ვიქნებით. ამ დაწესებულ გადასახადებს ვიხდით და ორი ამდენსაც გადავიხდით, ოღონდ იმათ ღირსეული ცხოვრება ეღირსოთ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე; ადამიანი თუ ხარ და სახელმწიფო დიდ ოჯახად მიგაჩნია, ეს ხალხი ღირსეულად უნდა შეინახო, მაგრამ მე და ჩემნაირებმა, მაპატიეთ და, ის უთავმოყვარეო ნაროდი რატომ უნდა ვარჩინოთ, ჩემსავით ორი ხელი, ორი ფეხი, მიწა, არგადარჩენა და ყველაფერი რომ აქვთ, ოღონდ ღირსება არა?! ზღაპარს არც მამაჩემზე და მამიდაჩემზე გიყვებით და არც ნანული შევარდნაძის, თუ სხვების ნარატივს ვიმეორებ, თავად გამაძღარი, სხვის ჯიბეში რომ გროშებს ითვლიდა. მამა შორსაა, მაგრამ მამიდა აგერ ცხოვრობს, გოგოლის 24-ში და სკეპტიკოსებს, შეგიძლიათ, მიაკითხოთ. კულინარიის და ბიუჯეტის დაგეგმარებას თუ არა, თავმოყვარედ ცხოვრებას მაინც ისწავლით მისგან და სამუდამოდ ამოიღებთ საკუთარი ლექსიკიდან სიტყვა გაჭირვებას.

 

თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ამ კრიზისამდე განვითარებული ეკონომიკების თხუთმეტეულში შედიოდა, იცით მასწავლებლის საშუალო ხელფასი რამდენია?! 750-800 ლირა. ეს იმ დროს, როცა სახლი საკუთრებაში ძალიან ცოტას აქვს, ქირა კი, საშუალოდ, 300-400 ლირაა და 1 კგ ხორცი 70 ლირა ღირს. ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც იქაური მოქალაქეა, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, მაგრამ ხორცის ყიდვის უფლებას საკუთარ თავს თვეში მხოლოდ ორჯერ ვაძლევო, მითხრა. გადასახადებზე არაფერს ვამბობ, სახლი გაქვს, იხდი, მანქანა გყავს, იხდი, თან არც თუ ცოტას და ა.შ. არც იმაზე ვამბობ რამეს, მანქანა ასაკში შესვლამდე რომ თითქმის, არავის ჰყავს, ისევე, როგორც ევროპაში.

 

ხელს რომ მუდმივად ხელისუფლებისკენ იშვერთ, ხან სამათხოვროდ და ხან საკუთარი უნიათობის გადასამისამართებლად, მათი უმეტესობა მთვარიდან ჩამოფრენილს ნამდვილად არ ჰგავს და ხომ ვერ მიმითითებთ, ეს ხალხი საიდან მოვიდა?! მე გეტყვით. მუქთაღორობა, ამორალურობა, სამარცხვინობა და მსგავსი "სიკეთეები" ხელისუფლებაშიც ზუსტად იმ პროპორციითაა წარმოდგენილი, როგორც მთლიანად ერში. როგორც ერთი მოხუცი მამაჩემი და კიდევ ორი-სამი კაცი შრომობს 40 ოჯახს შორის, დანარჩენები კი მაგათ ნაშრომს და მაგათი შვილების გადახდილს ჭამს, ხელისუფლებაც იგივენაირადაა - სამი ადამიანი დღედაღამ შრომობს, ოჯახები ჰყავთ მიყრილი და შვილების გაჩენისთვის დრო არ რჩებათ, დანარჩენი 40 კი, იმათ ხარჯზეა.

 

ნეპოტიზმზე და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე რომ მოთქვამთ, რამდენი არ ცდილობთ ნაცნობობის გამოყენებას და დედაწულიანად თავის სადმე შეყოფას, ან ახლობლის დაწინაურებას თქვენი დასაქმების პერსპექტივად რამდენი არ განიხილავთ?! დამსაქმებლის, ან სახელმწიფოს ქონება ჯერ კიდევ რამდენს არ მიგაჩნიათ კოლექტივის ქონებად და რომელ ტოტზეც ზიხართ, იმ ტოტს რამდენი უფრთხილდებით?! ბიუჯეტისთვის რამის წაცანცქვლას ყვავისთვის კაკლის გაგდებინებად რამდენი არ აღიქვამთ?! აქედან-იქედან შემოსავლის მიღებასა და გადასახადის დამალვას რამდენი არ ცდილობთ?! დამნაშავეს რამდენი ამხელთ, ან, ბიუჯეტის წურბელა მეზობლის, თუ მეგობრის შესახებ რამდენს განგიცხადებიათ, სადაც საჭიროა იქ?! ხო, ეს ჩაშვებაა და ტეხავს. იმ ქვეყნებივით აწყობილი ცხოვრება კი გინდათ, სადაც თითქმის ყველა მოქალაქე ნებაყოფლობითი პოლიციელია. გამოგიტყდებით, ამ უკანასკნელ ქმედებას მეც სულ უფრო ნაკლებად მივმართავ. მისი აღმატებულება ხალხი ჩემ მოქალაქეობრივ შეგნებასთან ალავერდს არ გადმოვიდა და ამიტომ, მაგრამ ამის გამო, მაინც მრცხვენია და ბევრისგან განსხვავებით, სხვას ისე რიხიანად ვერ ვამუნათებ, როგორც სხვა შემთხვევაში, სადაც წელგამართული ვარ!

 

ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლას ისე ამადლით, თითქოს, ის ამაზე ოცნებობდა და იმ შავი ჭირისგან გასათავისუფლებლად ლიდერების რიგი გედგათ; ან, სულაც, ის-ის იყო, მათ მოსროლას შიშველი ხელებით აპირებდით და ვინმე აჭარულის სოლისტივით ჩამოგიხტათ.

 

სხვათა შორის, იმ ცნობილმა მანიაკებმა 9 წელი ხელისუფლებაში იმიტომ გაძლეს, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ პატარა ქვეყანაში, დღესაც, აგერ ჩვენ გვერდით, ლამის, მილიონამდე მათნაირი, ან, უკეთეს შემთხვევაში, ბრიყვი ცხოვრობს და ხელისუფლებაში შპანის დაბრუნებაზე ოცნებობს; ამაზე ცოტა ნაკლები კი, ცრუ დაპირებებით იკვებება და ხმას იმას აძლევს, ვინც მეტს შეჰპირდება. საიდანო, არ კითხულობს; სხვები უბრალოდ, იბოღმებიან და არჩევნებში ამ მიზეზით არ მონაწილეობენ; სხვები წინწახტუნებულობას იჩემებენ და ყველა დანარჩენს ისე ამუნათებენ ბნელები ხართო, თითქოს, თავიანთ ცარიელ თავებში დიდი ნათება ჰქონდეთ; სხვები კი, სხედან და დღე ბედნიერის მოლოდინში იბერიის გაბრწყინებას ელოდებიან. დანარჩენ, ზონიდან გასულ ნაწილზე არაფერს ვამბობ, არ ღირს. ამ ვითარებაში სუნთქვა მხოლოდ კრიტიკულ უმცირესობას უჭირს და ყველაზე მეტად, სწორედ ეს ნაწილი იჩაგრება!

 

ჰოდა, რა გინდათ?! რით ვერ დაკმაყოფილდით და დაოკდით?! მოგხვდათ მიზანში?! ცივი წყალი დალიეთ!

 

და კიდევ, ვინც ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერთ ხელს და ათასნაირ ლაფს ესვრით, ტალახიანი ხელები დაიბანეთ, უმადური და უმწიფარი გონება აბი კლუკოზით გამოკვებეთ, საკუთარი ბუნაგების ვიწრო სარკმლიდან ნახევარი ადამიანი მაინც დაინახეთ, ქვეყანა თუ არა, სადარბაზო მაინც შეამჩნიეთ, საკუთარ ზღურბლს მიღმა არასაჭირო დროს ანთებული ნათურა მაინც ჩააქრეთ, უპატრონო ძაღლის ტკივილი მაინც იგრძენით, პური მიაწოდეთ და პირიც გამოირეცხეთ, იქნებ, ამდენი სიბინძურე არ დაგცდეთ!

 

თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ მეთქი, ვერ მოგიწოდებთ, ამ მონაცემების პირობებში გაგიჭირდებათ!

 

პირადი ნაცნობობა საერთოდ არ არის საჭირო, ისედაც მარტივად შეიძლება მიხვდე, ადამიანი ვინ არის, თუ ამის სათანადო უნარი გაქვს და თუ ადამიანობა, ამ სიტყვის ღრმა გაგებით, შენთვისაც ისეთივე შინაგანი მდგომარეობაა, როგორიც მისთვის. ზუსტად ამ ადამიანობის დეფიციტის პირობებში ეჭიდება ადამიანი შეთქმულების თეორიებს, რომ სხვა ადამიანის თვისებები და ქმედებები შეაფასოს, რაც მისთვის შეუცნობელია.

 

ჩვენ ყველას და ყველაფერს ისე ვხედავთ, როგორც ამის დანახვა საკუთარი სარკმლიდანაა შესაძლებელი, რომლის სიგრძე-სიგანეც ჩვენი ბიოლოგიური საფუძვლების, ცნობიერების, მსოფლმხედველობისა და ღირსების პირდაპირპროპორციულია.

 

მეც არასდროს მესმოდა და მესმის მაგალითად, ტრანსგენდერების, განსხვავებული ბიოლოგიური საფუძვლებისა და ცნობიერების გამო, მაგრამ ამის გამო, ისინი არასდროს გამილანძღავს და დამიმუნათებია!

 

ამას ვინც ინფანტილობად ჩამითვლით, საკუთარ უმწიფრობასა და დაკარგულ ადამიანობას დააბრალეთ, პროგრესულობის მანტიით შემოსილებმა ტვინის გაქუცულ ნახევარსფეროებს მტვერი გადააცალეთ, "სვეცკობის" მსურველებმა კი, კალოშები გამოცვალეთ, გიჩანთ!

 

მე და ჩემი დები სხვა ხალხმა გაგვზარდა, სხვა კოდექსით ვცხოვრობთ და ჩვენი საქართველო აქ არ არის!

 

პს: ვფიქრობ, კარგა დიდი გაბარიტების სარკე გადმოვკიდე და საკუთარი ნაკლის ამოცნობა წესით, არავის არ უნდა გაგვიჭირდეს. აღიარება სხვა საქმეა, მაგრამ წამკითხავი წუთით თუ მაინც დაფიქრდება, ესეც საქმეა.

 

ეს პოსტი საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისთვის არ დამიწერია. ღმერთმა დამიფაროს. მე არც არავისზე უპირატესი ვარ და რომც ვიყო, ამის ტირაჟირება მაინც სულმდაბლობა მგონია. მეც უამრავს ვცოდავ, მაგრამ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანად შედგომას ვცდილობ და საკუთარი რესურსების დიდ ნაწილს სწორედ ამ პროცესს ვახმარ, რომ შემოქმედისგან და მშობლებისგან ავანსად მოცემული ვალი როგორმე გადავიხადო!“ - წერს

 

big_banner
არქივი