logo_geo
რატი ბრეგაძე: არასოდეს მითქვამს საჯაროდ ის, რაც დიდი ხანი მაწუხებდა, მაგრამ...
- +

2 ნოემბერი. 2018. 12:38

 

 

„დღეს გარკვეულწილად სიმბოლური თარიღია ჩემთვის, არასოდეს მითქვამს საჯაროდ ის, რაც დიდი ხანი მაწუხებდა, მაგრამ ვფიქრობ, გავიდა ხანდაზმულობის ვადა და ამიტომ მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელიც ობიექტურად მაიძულებს, ამ ქვეყანაში არ დაბრუნდეს ის, რაც წარსულის კუთვნილებაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზუსტად 7 წლის წინ, 1 ნოემბერს გერმანიაში თითქმის 7-წლიანი ცხოვრებისა და სამართალმცოდნეობაში სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდგომ დავბრუნდი თბილისში. 26 ოქტომბერს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მქონდა დისერტაციის დაცვა და 5 დღეში ძლიერი მონატრებით შთაგონებული დავუბრუნდი საქართველოს.

 

2011 წელი იყო და 28 წლის ასაკში ახალგაზრდული ენერგიით შევუდექი სამსახურის ძიებას, რასაც შედეგი მალევე მოჰყვა ვიქტორ ყიფიანის დახმარებით და წილად მხვდა პატივი, „გალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის“ იურიდიულ კომპანიაში დამეწყო მუშაობა არაჩვეულებრივ გუნდში, რაც ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და თბილ მოგონებად დარჩება.

 

მქონდა პოლიტიკური შეხედულებები, ბევრი მიზეზის გამო ვხედავდი რა ცვლილებების საჭიროებებს, გადავწყვიტე, არ ვყოფილიყავი მოვლენების დამკვირვებელი, დავიწყე მოქმედება და ახალი პოლიტიკური მოძრაობის გარიჟრაჟზე შევუერთდი იმ გუნდს, რომელმაც 1 წლის შემდგომ გაიმარჯვა.

 

2011 წლის ნოემბერში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გამოცხადდა კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. ძალიან დიდი სიხარულით მივიღე მონაწილეობის შემოთავაზება და შევიტანე საბუთები. მქონდა 10 პუბლიკაცია, მათ შორის ერთი გერმანიაში გამოქვეყნებული მონოგრაფიაც. იყო 3 ვაკანტური ადგილი, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ სამართლის დოქტორის ადგილი არცერთ მათგანზე არ იყო... არადა, სულ მალე გამოჩნდა, რომ ყველა ადგილი დაიკავეს პირებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სამეცნიერო ხარისხი. მაშინვე გავიგე, რომ რეალური მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება იყო, რაც შემდგომში კიდევ დადასტურდა. უნივერსიტეტში, რომელშიც სტუდენტობის დროს ფაქტობრივად ვცხოვრობდი, მეგობრებთან ერთად ბიბლიოთეკა აღვადგინეთ, კრიმინალისტიკის ლაბორატორია ხელახლა შევქმენით, სომხებისა და აზერბაიჯანელების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი და მშვიდობის ფესტივალი გავმართეთ, სტუდენტების ცხოვრების გაუმჯობესებით ვიყავით დაკავებული და საკუთარ სახლად მიმაჩნდა. ყველა ობიექტური წინაპირობის დაკმაყოფილების მიუხედავად ჩემთვის ადგილი მაინც არ მოიძებნა. ეს იყო პოლიტიკური წნეხის შედეგი, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღებმა ვერ გაუძლო. მე არ შევუდგები მის განკითხვასა და სითამამის ხარისხის შეფასებას, თუმცა 28 წლის ასაკში ასეთმა მწარე უსამართლობამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია და გული დამწყვიტა. ხელით შევეხე კომუნისტურ ფილოსოფიას, რომელიც გვეუბნება, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია. განათლების სფეროდან პოლიტიკური ნიშნით პროფესორებისა და მასწავლებლების დევნას მე-20 საუკუნეში რომელი რეჟიმების დროს ეწეოდნენ, ეს ყველამ კარგად იცის. ამ პრაქტიკის აღმდგენების ნამუსზე იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს. მსგავს უსამართლობასა და ახალგაზრდებისათვის მოტივაციის ჩახშობის მცდელობებს ქართულმა საზოგადოებამ უთხრა უარი 6 წლის წინ. ერთი რამე ცხოვრებამ ნათლად დამანახა, რომ ადამიანები ძალიან რთულად იცვლებიან და რეჟიმი, რომელიც უსამართლობას ნებსით თუ უნებლიეთ ნერგავდა, ძირგამომპალია. შესაბამისად არ მჯერა, არც მათი აპოლოგეტების და არც პოლიტიკური ქამელეონების, რომლებიც დღეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე სისტემის სათავესთან ახლოს მყოფნი, მონანიებულ კრავებად და ვარცხნილობაშეცვლილ ფსევდოპროფესიონალებად გვევლინებიან. არჩევანი თავისუფალია და ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს. ჩემი არჩევანია არა უსამართლობას და მასთან ვითომდა არავითარი კავშირის მქონე სერგო ორჯონიკიძეებსაც“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი