logo_geo
კაცები მასში მეგობარს ხედავდნენ, ბიჭები საკუთარ თავს მომავალში, ქალები იდეალურ მამაკაცს, ქმარს, საყვარელს...
- +

5 ნოემბერი. 2018. 23:59

 

 

 

ბლოგერი, გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გუჯა შვანგირაძე, რომელსაც „ფეისბუკის“ მომხმარებლები გუჯა ბიძიას სახელით იცნობენ, სოციალურ ქსელში წერს:

 

„არა, დღეს არ არის ამ კაცის, არც ქვეყანაზე მოსვლის და არც მისი წასვლის დღე.

 

უბრალოდ, ვიხსენებ და თუ რატომ, ვიტყვი, ბოლოს.

 

 

გახსენებთ ადამიანს, რომელსაც არასოდეს უვლია თეატრალურ სასწავლებელში , მაგრამ ვისი როლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა.

არც კოტე მარჯანიშვილი შემცდარა არჩევანში, როცა სრულიად შემთხვევით, ქუთაისში, თეთრი ხიდიდან რიონში გადამხტარი კი არა, გადაფრენილი ბიჭი ნახა და ვისგანაც მერე მილიონების კერპი შექმნა. თუმცა არც ძალიან გასჭირვებია დიდ რეჟისორს, უკვე ბუნებრივად დიდი მსახიობიდან უფრო დიდი რომ შეექმნა.

 

 

მისი თანამედროვეები განებივრებულები იყვნენ გამორჩეული მსახიობებით, მაგრამ ის მართლა რეალური და ხელშესახები კერპი იყო ყველასთვის. კაცები მასში ნაღდ მეგობარს ხედავდნენ, ბიჭები საკუთარ თავს მომავალში, მოხუცები თავის თავს წარსულში. ქალები იდეალურ მამაკაცს, ქმარს, საყვარელს..უულამაზეს ქალებს უყვარდათ, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ქალი უყვარდა, და მასთან ერთად ცხოვრობდა გამხმარ პურზე და ისეთ ოთახში, თაგვი რო კუდს ვერ მოიქნევდა და ეს მაშინაც , როცა უკვე ყველასაგან აღიარებული მსახიობი იყო.

 

 

გიორგი შავგულიძე , ადამიანი, კაცობით ,უდიდესი იუმორით, ნატიფი მანერებით, ალალი , პირდაპირი და ბავშვურობამდე მიამიტი, და ერთგული, უერთგულესი.

უდიდესი პასუხისმგებლობის მქონეც იყო და ბარეორ მაშინდელ თეატრალზე მეტად ესმოდა , თუ რა დანიშნულება ჰქონდა ადამიანებისთვის ზოგადად თეატრს და კერძოდ , მსახიობს.

 

 

მე არ ვიცი, რა უდევთ ახლანდელ მსახიობებს სამგზავრო ჩანთაში, მაგრამ შავგულიძეს ყოველთვის და ყველგან სადაც არ უნდა წასულიყო, სავარჯიშო გირები და წიგნი "კოსტუმის ისტორია" .დაჰქონდა.

 

 

და ალბათ იმ დღესაც, 49 წლის მსახიობს, პლეხანოვზე მანქანა რომ დაეჯახა. ის მანქანა, რომლის მძღოლსაც კაბინაში მისი, ჟორა შავგულიძის ფოტოები რომ ჰქონდა გაკრული.

 

 

ზღვა ხალხიო , ალბათ იმ რაოდენობაზე ითქმის, შავგულიძეს რომ აცილებდა ბოლო გზაზე. ადამიანები ქუჩებში, სახლის სახურავებზე, ხეებზე იყვნენ გასული.

ეკუთვნოდა მართლაც ეს დატირება ამ ადამიანს. ის "დატირება" ძეგლიც, მის საფლავზე რომ დგას დიდუბის პანთეონში და ის სიტყვებიც , მიხეილ ქვლივიძემ რო თქვა ,სწორედ მასზე..

 

 

"რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც,

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს",

 

და რატომ გახსენებთ?

შავგულიძის სახელობის თეატრი ანახლებს თეატრალურ დასს და თავის სცენაზე იწვევს პროფესიონალ , თუ მოყვარულ , დამწყებ მსახიობებს.

ვისაც უყვარს თეატრი ისე, როგორც გიორგი შავგულიძეს უყვარდა, და ვინც ფიქრობს, რომ სულ ცოტა მაინც ისეთი ნაპერწკალი აქვს , რაც მას ჰქონდა.

სულ ცოტა მაინც აქვს , ჰო, დანარჩენს ჩვენი თეატრის სცენაზე შეიძენს.

დაგვიკავშირდნენ, ველოდებით.გუჯა ბიძია.

შავგულიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.“

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი