logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: გივი თარგამაძეს ბოდიში ჯერ არ მოუხდია ამ კონკრეტული ფაქტის გამო...
- +

8 ნოემბერი. 2018. 13:49

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„7 ნოემბერი:

 

მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ „იმედისთვის“ იარლიყის მოწებებას, რომ „იმედი“ მოუწოდებდა დამხობისკენ.

 

მაგალითები: მარტო 7 ნოემბერზეა საუბარი.

 

ბატონი გივი თარგამაძის განცხადებით, „იმედის“ სიცრუის მანქანამ, პრეზიდენტი ამ მანქანას სიცრუის ფაბრიკას უწოდებს -დილიდან დაიწყო მოწოდე,ბა ხალხო, გამოდით ქუჩაშიო (საუბარია მოშიმშილეების დარბევაზე, რასაც ზოგიერთი პოლიციელი ჯერ კიდევ დილის ათის ნახევარზე უწოდებდა მშვიდობიან თხოვნას, ადექით და წადითო და ისინიც ადგნენ და წავიდნენო). „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ოპერატორებს ამ დილის დარბევისას კამერები წაართვეს, რომლებიც შემდეგ დაუბრუნეს. ამას აჩვენებდა როგორც „იმედი“, ასევე „რუსთავი 2“. მადლობა „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის თანამშრომლებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს. და „იმედმა“ მოუწოდაო ხალხს, გამოდით ქუჩაშიო - ამ დროს როგორც „იმედი“, ისე ყველა სხვა არხი აჩვენებდა პირდაპირ ჩართვებს „რესპუბლიკელების“ თუ როგორ მივიდა ხალხი პარლამენტთან.

 

ბატონი ნიკა რურუა პირდაპირი ჩართვისას აცხადებდა, მე გავიგონე, რომ „იმედის“ ჟურნალისტი 13 საათზე დარბევის (მათი სიტყვებით, ევროპული სტანდარტებით მიტინგის დაშლის) დროს მოუწოდებდაო, პარლამენტში შევვარდეთო. მერე მთელი საათის განმავლობაში პირდაპირი ჩართვების დროს „იმედის“ ჟურნალისტი ლიკა ბერაია ეკითხებოდა და სთხოვდა უმრავლესობის წევრებს, დაესახელებინათ ეს ჟურნალისტი, სქესი მაინც, თუ არა და, ბოდიში მოეხადათ ტელეკომპანიისთვის - ვერავინ ვერ დაასახელა - მაია ნადირაძემ კი აღნიშნა რადიო „იმედში“ ვუსმენდიო მოწოდებებს, ხალხო, გამოდით ქუჩაშიო.

 

ბატონი გივი თარგამაძე (ასევე ბატონი გიგა ბოკერია) აცხადებდნენ, რომ „იმედმა“ მოუწოდა ხალხს, რიყეზე შეიკრიბეთო - პირველად პირდაპირი ჩართვები რიყიდან განახორციელეს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „რუსთავი 2“-მა - „იმედს“ ამ დროს 2 სარელეო გადამცემი დაზიანებული ჰქონდა რუსთაველზე მომხდარი ამბების გამო - წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა გამოაცხადა მხოლოდ, რომ ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები რიყეზე იკრიბებიანო - ეს არ იყო მოწოდება - სატელეფონო ჩართვაში გოგა ხაინდრავამ მოუწოდა ხალხს, იქ მისულიყო - გოგა ხაინდრავა „იმედის“ თანამშრომელი არ არის.

 

ბატონი გივი თარგამაძე აცხადებდა, რომ „იმედმა“ არ გაუშვა შეგნებულად ეთერში და უარს აცხადებს სატელეფონო ჩანაწერების - ცნობილი ოპერატიული მასალის - ეთერში გაშვებაზეო. კორესპოდენტი ეკითხებოდა -კონკრეტულად დამისახელეთო, ვინ უთხრა ვის უარიო - თარგამაძემ და ქალბატონმა ნადირაძემ ვერ დაასახელეს - არ ვიცითო, ასე გვითხრესო და პასუხად თქვეს, აბა, რატომ არ უშვებთო? რაზეც იმავე ლიკა ბერაიამ უპასუხა და სავსებით მართებულად, რომ ტელეკომპანიაში მასალა გვიან მოვიდა და აი რატომ - ყველა ტელეკომპანიას მასალა გადასცეს შსს-ს შენობაში - სხვა ტელევიზიებმა მოახერხეს მასალის გადმოგორება. „იმედს“ იმ დროს იქ გადამცემი არ ჰქონდა უკვე ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო. კორესპოდენტმა ეკა ადეიშვილმა კასეტა წამოიღო და მასალა ეთერში გავიდა მას შემდეგ, რაც ფირმა მანქანით მოაღწია ორთაჭალიდან დიღომში და რა დროც მოუნდა მასალის კომპიუტერში შეგორებას - მასალა ერთი საათის განმავლობაში ეთერში გავიდა 2-ჯერ - 13-წუთიანი მასალა! ბატონმა გივი თარგამაძემ იქვე აღნიშნა, რომ მასალა თუ „იმედის“ ეთერში გავიდოდა, ის ბოდიშს მოიხდიდა - დღეს უკვე 10 ნოემბერია - ბოდიში მას ჯერ არ მოუხდია -ამ კონკრეტული ფაქტის გამო.

 

ბატონმა გივი თარგამაძემ (ასევე ბატონმა გიგა ბოკერიამ) აღნიშნეს, რომ „იმედის“ ეთერიდან ბადრი პატარკაციშვილის განცხადება იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდება. ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და მაგდა ანიკაშვილმა წაიკითხა სააგენტოს ინფორმაცია - ეს არ იყო „იმედის“ განცხადება ან „იმედის“ მოწოდება.

 

ბატონმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ბოლო წვეთი იყო „იმედის“ მიერ გამოცხადებული ამაზრზენი ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმი აპირებდა სამების საკათედრო ტაძრის დარბევას - საიტებზე არის 20-საათიანი „ქრონიკის“ გამოშვება - იქ არც წამყვანი სოფო მოსიძე და არც პირდაპირი ჩართვისას კორესპოდენტი ნათია მიქიაშვილი მსგავსს არაფერს ამბობენ - ისინი ამბობენ, რომ სამებასთან ქუჩაზე არის მობილიზებული სპეცრაზმი და რომ არსებობს ინფორმაცია მათი სამებასთან მოახლოების შესახებ - მერე პირდაპირში მიდიოდა ხალხის სინქრონების სამებასთან თავისი ინტერხმით, სადაც ხალხი ამბობს, რომ გაზის სუნია ტაძრის ეზოშიც და ქვევით დგას სპეცრაზმიო.

 

* * *

„იმედი“ შესაძლოა „სულ ცოტა სამი თვე“ დარჩეს გათიშული other » News «

/ სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-11-10 12:30:16

 

„News Corporation“-ის განცხადებით, სპეცრაზმის შეჭრამ ტელეკომპანიის ოფისში უზარმაზარი ზარალი მიაყენა მის აღჭურვილობას, რის შედეგადაც ტელევიზია სულ ცოტა სამი თვე ვერ შეძლებს ამოქმედებას, იტყობინება „Associated Press“.

 

ტელეკომპანია „იმედის“ დახურვა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, 5 იანვარს გაიმართება, დიდ დარტყმას მიაყენებს ოპოზიციის კანდიდატებს.

 

„Associated Press“-სთან სატელეფონო საუბრისას რუპერტ მერდოკმა განაცხადა: „ჩვენ შოკირებული და აღშფოთებული ვართ იმით, რომ თითქოსდა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ შესაძლოა მომხდარიყო... რომ ტელეკომპანიებს რეალურად ხურავენ“.

 

მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელია ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბრალს სდებს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში. გასულ თვეს ბიზნესმენმა „იმედის“ აქციები „News Corporation“-ს გადასცა ერთწლიანი ვადით მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება, ოპოზიციის კამპანია დაეფინანსებინა.

 

„ჩვენ მითითებას ვაძლევდით და ვაკონტროლებდით, რომ თითოეული გადაცემა ყოფილიყო აბსოლუტურად სამართლიანი, დაბალანსებული და ზომიერი“, - განაცხადა მან, „თუმცა, ალბათ ისინი [ხელისუფლება] არ უყურებდნენ. ჩვენ ვთავაზობდით მათ პირდაპირ ეთერში მოსვლას და თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ 200 ჯალათი მოვიდა და ყველაფერი დაანგრია. ასევე მოექცა ხალხს“, - განუცხადა მერდოკმა „Associated Press“-ს.

 

9 ნოემბერს გავრცელდა ხმები, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიას ლიცენზიის ჩამორთმევას უპირებს. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს ხმები უარყო“, - წერს მეფარიშვილი.

 

გია აბდალაძის ფოტო

 

 

 

big_banner
არქივი