logo_geo
ლევან მამალაძე: დააკვირდით მის გამოსვლებს და ფრაზებს, ეს პირი ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს
- +

13 ნოემბერი. 2018. 16:28

 

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის! მოძრაობა „არა ნაციზმს“ არ კმარა ამომრჩეველთა პოზიციის გამოსაკვეთად!

 

მოსახლეობის უმრავლესობა არანაირ ნათქვამს აღარ იჯერებს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი დაფიქრებულია. როგორც 2012 წელს დაუჭირეს მხარი „ოცნებას“, ისევ ენდონ თუ არა მას? აქ არჩევანი აღარ დგას, თუ ვინ იყრის კენჭს პრეზიდენტად, არჩევანი უკვე ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის უნდა გაკეთდეს. „ოცნებას“ ნაციზმის საწინააღმდეგოდ თავის დროზე რომ დაერაზმა ხალხი, ჩამოეყალიბებინა სტრუქტურირებული სახალხო მოძრაობა და აქტივისტები ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო, დიდი შედეგი ექნებოდა. ამის შესაძლებლობა „ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ მრავალჯერ ჰქონდა, მაგრამ მათ ცხონებული ვაზაგაშვილის და ხარძიანის გულისშემძვრელი მკვლელობებიც კი ვერ გამოიყენეს სააკაშვილის აღზევების აღსაკვეთად. სანაცვლოდ „შარლი ებდოს“ დასაცავად ატარეს ხალხი ქუჩაში და მხარდამჭერები უყურადღებოდ მიატოვეს. ამჟამად ელექტორატის განწყობა სხვანაირია. სააკაშვილის რევანშის შესაჩერებლად საზოგადოების მობილიზება აუცილებელია, მაგრამ ძირითადი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, თუ რას გააკეთებს „ოცნება“ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ივანიშვილმა გამოსვლაში ნაკლები ყურადღება დაუთმო გაჭირვებული ადამიანების დახმარებას, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს გაუმჯობესებას. თუ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გადავხედავთ, ის ხალხი, რომელიც ცალსახად სააკაშვილის მოწინააღმდეგეა და არანაირად არ უნდა სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება, 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირებულია. მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ის ამომრჩევლები, ვისაც „ოცნების“ მიმართ გულაცრუება აქვს და თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების გარემო გაუუარესდათ. „ოცნებამ“ თავისი მიღწევების საზოგადოებამდე მიტანა ვერ მოახერხა და მაღალფარდოვანი სიტყვებით დანაპირებს ხალხი აღარ მიიღებს. ახლა ის ხალხი მაინც გამოაჩინონ, რომლებმაც დადებითი შედეგი მიიღეს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში და შესაძლებელია, მისაბაძი გახდეს სხვებისთვისაც. უახლოეს დღეებში „ოცნებამ“ თავის დანიშნულ პრემიერთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ეკონომიკის და სოციალური სფეროს გაუმჯობესების, პენსია-ხელფასების და დახმარების ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თითოეულმა ადამიანმა, ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებმა თვალნათლივ უნდა დაინახოს თავისი ადგილი შემოთავაზებულ და დროში გაწერილ გეგმაში. ამომრჩევლებს უნდა მიეცეთ მოტივაცია, მივიდნენ არჩევნებზე და თავის კეთილდღეობას მისცენ ხმა. როგორც ანალიზი ცხადყოფს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირებები ხალხის გაღიზიანებას იწვევს!

 

გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის 54%-ს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ეს რაოდენობა „ოცნების“ რეალურ რეზერვს წარმოადგენს. თითოეული უბნის მიხედვით ადგილობრივი ლიდერები  და გავლენიანი პირები არსებობენ, ვისაც შეუძლიათ ამომრჩეველთა მობილიზება. „ოცნების“ სოციალურ-ეკონომიკური სამოქმედო გეგმის გახმოვანებით, მათ კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, დაელაპარაკონ ხალხს და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დარაზმონ. „ნაციონალები“ გააქტიურდნენ სწორედ ამომრჩეველთა ამ ნაწილში, აწარმოებენ ლიდერების დაინტერესებას და გადმობირებას. „ოცნებამ“ პარტიული და საარჩევნო სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა აამოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო პროგრამული მოტივაცია არ გამოიღებს სასურველ შედეგს. დღეს ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ან ისევ უნდა ვენდოთ „ოცნებას“, ან უნდა დავიჯეროთ, რომ სააკაშვილი განიკურნა და აღარ იქნება ის გაუგონარი ძალადობა, რაც დაატეხა ქართველ საზოგადოებას. დააკვირდით მის გამოსვლებს და ფრაზებს, ეს პირი ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. არავის ეგონოს, რომ  სააკაშვილი არ ჩამოვა და ვერაფერს გააკეთებს. მის შეჩერებას საქართველოში ვერავინ შეძლებს, მოარღვევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სისხლიანი ანგარიშსწორება გარდაუვალი იქნება!“ - წერს ლევან მამალაძე.

 

 

 

big_banner
არქივი