logo_geo
დავით იაკობიძე: რუსული კრეატიული დესანტი ზის თბილისში და ეწევა პიარ-კამპანიას გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ
- +

16 ნოემბერი. 2018. 13:49

 

ეკონომისტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. ზვიად გამსახურდიას მთავარი კონკურენტები იყვნენ ნოდარ ნათაძე და ვალერიან ადვაძე.

 

ვისაც ახსოვს, არჩევნებს საფუძვლიანად და აკადემიურად აშუქებდა პრესა და ტელევიზია. ქუჩაში ბობოქრობდა ვნებები, მაგრამ ისიც ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში, არავინ არ გამოსულა მორალის მიღებულ ჩარჩოებიდან.

 

პირველი კონფლიქტური სიტუაცია მაშინ შეიქმნა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვალერიან ადვაძის პირადი დაცვა მოსკოვიდან ჰყავდა ჩამოყვანილი. ხალხის (თვით ვალერიანის მხარდამჭერებისაც) მოთხოვნით მოსკოველები სამშობლოში დაბრუნდნენ. ასეთი მოთხოვნის არავითარი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ ხალხის ხმა იყო კატეგორიული და მას დამორჩილდა პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

დღეს რა მოცემულობა გვაქვს, რუსული კრეატიული დესანტი ზის თბილისში და ეწევა პიარ-კამპანიას გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. რუსულ მედიაში მიცემულ ინტერვიუებში კი წინასწარმეტყველებენ საქართველოში მორიგი რევოლუციის შესახებ. ღიად ამბობენ, რომ საქართველოში შეიქმნება „ახალი სტარტაპ-სახელმწიფო“, რომელიც იქნება მომავალი სახელმწიფოებრიობის მოდელი.

 

ეს ხდება საქართველოში დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ყველა აუცილებელი ატრიბუტით. და ჩვენს ქვეყანაში ახალი სახელმწიფოს შესაქმნელად ჩამოვიდნენ გადამთიელი პროფესიონალები და ატარებენ ექსპერიმენტს ჩვენზე. ყოველივე ამას კი მშვიდად უყურებენ ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოები.

 

როგორც ჩანს, ის დრო დგება, როდესაც ჩვენ თითონ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე და არ დავუშვათ ასეთი მოსალოდნელობა, რომელიც არსებობს, თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ფორმით. რა შესაძლებლობა გვაქვს ამისათვის? ყველაზე მთავარია ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რა კეთილშობილური მიზნებისთაც არ უნდა იყოს შენიღბული და არჩევნებში მტკიცედ ვუთხრათ უარი „ახალ სტარტაპ-სახელმწიფოს“ მშენებლობას.

 

არჩევნების პირველ ტურში ღიად ვუჭერდი მხარს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურის მიღმა დარჩა. მქონდა არგუმენტები, რატომ არ მივეცი ხმა მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს, მაგრამ ახლა ანგარიშსწორების დრო არაა. ქვეყანაა გადასარჩენი და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანის გადაწყვეტას.

 

ყველამ უნდა დავთრგუნოთ საკუთარი ამბიციები. გვერდზე გადავდოთ ის წყენები, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ მოგვაყენა. მოვთოკოთ ის სიბრაზე, რომელიც გაგვიჩინა ცრუ დაპირებებმა სამართლიანობის აღდგენაზე და დილეტანტურმა საკადრო პოლიტიკამ. უნდა გავიაზროთ, რომ ამ არჩევნებზე გადის საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობის გზა. ასეთი გზის გარანტიას კი დღეს სალომე ზურაბიშვილი იძლევა“, - წერს იაკობიძე.

 

 

big_banner
არქივი