logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: გინდ წაიკითხეთ, გინდ - არა!
- +

16 ნოემბერი. 2018. 16:24

 

„გინდ წაიკითხეთ, გინდ - არა! მე ჩემსას ვიტყვი, თქვენი საქმისა თქვენ იცით...“ - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში:

 

„პირველად როცა ვნახე ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოს (არ დაიჯეროთ, რომ სახელი და გვარი ზეპირად ვიცი, ამჯერადაც დავგუგლე. ისე, ჩემთვის კი, გუგლის გარეშე „ჩემი მოხუცი ხოსე“-ს ვეძახი), ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტის, ფოტო წარწერით - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი - ისევე, როგორც, გეოგრაფიიდან (ეკონომიკიდანაც) შორს მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა, მეც გავიფიქრე - რაც ქვეყანაა, ისაა პრეზიდენტი. იმდენჯერ შემხვდა ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოს ფოტო, ბოლოს ვიკადრე და ურუგვაის შესახებაც წავიკითხე ინფორმაცია... ჰოდა, ასე გახდა ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოსი ჩემთვის „ჩემი მოხუცი ხოსე“.

რამ გამახსენა ახლა „ჩემი მოხუცი ხოსე“? ისევ და ისევ „ჩვენმა მაღალმა“, როგორც მას ხალხი დღემდე უწოდებს, მე კი მას ყოველთვის „გრძელ მიხოს“ ვეძახდი (ნაპოლეონი გახსოვთ? „თქვენ ჩემზე მაღალი კი არა, გრძელი ხართ“), მაშინაც, როცა ე.წ. სასამართლო რეფორმების მამად მონათლა თავისმა გამზრდელ-აღმზრდელმა ედუარდ შევარდნაძემ, მაშინაც, როცა პარლამენტმა „ვარსკვლავთბიჭუნად“ გამოაცხადა, მაშინაც, როცა იუსტიციის მინისტრი ან საკრებულოს თავმჯდომარე იყო და იმ დროსაც, როცა პრეზიდენტად მოგვევლინა ე.წ. ვარდების რევოლუციით.

2013 წლის 27 ოქტომბრიდან „გრძელი მიხო“ საქართველოს პრეზიდენტი აღარაა და წესით, ახლა, 2018 წელს, „გაგანია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ისევე როგორც იმ დღიდან, როცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, სააკაშვილის „თემა“ ქართველთათვის „უნდა დახურულიყო“, მაგრამ გამოცხადებულმა ე.წ. კოჰაბიტაციამ (კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის ხასიათს. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა“ მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი), კოჰაბიტაციის დამახინჯებულმა ფორმამ, რაც ძირითადად გამოიხატა ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე ჩინოსნებისადმი კანონის მოქმედების შეჩერებით და საბოლოოდ მოგვცა შერჩევითი სამართალი, სააკაშვილი ვერ დაგვავიწყა! მითუმეტეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე (თავისი „ასკოლკებითურთ“, რომლებთაც, ასევე, კანონის წინაშე პასუხი არ აგებინეს) ყოველდღე გვახსენებს თავს - ხან ერს ლანძღავს, ხან ჩვენს ისტორიას, ხშირად კი გვემუქრება და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.

კანონით, სააკაშვილის ეს და სხვა ქმედებები დასჯადია, მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ, ეს ისედაც ვიცით და პასუხსაც რომ არავინ მოსთხოვს, ისიც ვიცით. მშვენიერი მდგომარეობაა, ხალხს დაშორებულ ხელისუფლებას საკუთარი „ზოზღალი“ და მოლაპარაკე „პირსახოცი“ ჰყავს!

და რაკი ყველაზე ღარიბით, მაგრამ მდიდარი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტით დავიწყე, ღარიბი, მაგრამ მდიდარი პრეზიდენტით გავაგრძელებ და ერთ-ერთი კვლევის შედეგებს (დასკვნას) გაგაცნობთ, რომელიც 2014 წლითაა დათარიღებული და რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველა შესაბამის სტრუქტურას ოფიციალურად გადაუგზავნეს კვლევის ავტორებმა. დაგუგლეთ და იხილეთ, ვინ იყო ამ დროს (2014 წელს) სამართალდამცველი სტრუქტურების „ნაჩალნიკები“ და ჰკითხეთ მათ - რატომ შემოდეს თაროზე დასკვნა, რომელიც მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდით (არადა, ამდაგვარი რამდენია...) იძლეოდა სააკაშვილის დაკავების საფუძველს? ჰკითხეთ მათ, თქვენ ამ უწყებების სკამებიდან გამქრალ ჩინოვკებს (მშვენივრად რომ მოეწყვნენ „მეორე ცხოვრებაში“) დღემდე მისტირით?!

მაშ ასე: 2011 წლის 14 სექტემბერს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება N14/09/10 – „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ნორმის დანამატი განსაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

საყვარელი, მხოლოდ დოლარებში ანგარიშობდა. ალბათ დღეს მისი მომხრეები იტყვიან, რა ექნა, შტატებში ლარზე „არ მუშაობენო“ და მართალიც იქნებიან, ლარი მხოლოდ საქართველოში ჭრის, ისიც ბაზარსა და მაღაზიებში, თორემ „ოცნების“ „თვალისჩინები“ მოსვლის დღიდან მხოლოდ დოლარზე რომ „ისვრიან ხელს“, ვიცით, ბატონო, ვიცით! და იმაზე მეტიც ვიცით, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, ისიც ვიცით, თქვენც რომ იცით და „კოლექტიური ზარდიაშვილების“ არ იყოს, როცა გინდათ ამბობთ (ნახევრად), როცა გინდათ ჩუმდებით. რატომ, ბაბაია, რატომ?

მოკლედ, სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება და დაიწყოოოო...

2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი.

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 533 222.35 ლარი.

სააკაშვილს დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის - დაახლოებით 87 500 დოლარი.

მთავარი: 87 500 დოლარის ნაცვლად, სააკაშვილს, კანონით უნდა დაეხარჯა მხოლოდ 5300 დოლარი. სააკაშვილმა დაახლოებით 82 200 დოლარი აიღო მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით.

აღარ განვავრცობ, იმედი მაქვს, ისედაც მიხვდით, რატომ გამოსცა სააკაშვილმა 2011 წლის 14 სექტემბერს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, განკარგულება N14/09/10.

„კითხვის“ - 2011 წლამდე ვერ გამოსცემდა ამ განკარგულებას? პასუხი - პასუხის ღირსად არ გთვლით, იცით, რატომაც!

ცნობისთვის: საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსაზღვრულია თითოეული ქვეყნის შესაბამისად: სინგაპურის შემთხვევაში დღიური ნორმა შეადგენს 64 სინგაპურულ დოლარს, საბერძნეთში – 39 ევროს, ავსტრიაში – 49 ევროს და ა.შ. ყველა ქვეყანაში თავისი ვალუტის და შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოში სააკაშვილი მხოლოდ დოლარებში ანგარიშობდა! ასევე, დანამატი ვრცელდება მაღალ თანამდებობის პირების სადღეღამისო ნორმაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა. ამასთან, ბრძანებულების თანახმად, შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის განსხვავებული ოდენობა.

სწორედ სააკაშვილის განკარგულებით დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატი 2013 წლის ვიზიტების უმეტესობისთვის, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულად ძვირადღირებული ვიზიტისას – საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (20-24 ივლისი), სინგაპურში, აშშ-სა და იტალიაში.

ცნობისთვის: სადღეღამისო ხარჯი არ იბეგრება და არ აისახება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. მივლინებების დროს გამოყოფილი სადღეღამისო ხარჯი დარიცხვის ნაცვლად გაიცემა ხელზე. მე ვფიქრობ აქ არაფრის დამატება არაა საჭირო!

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება აშშ-ში ცხრადღიანი ვიზიტის მანძილზე.

აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა იყო სასტუმრო „Peninsula New York“-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა.

სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).

აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. ამას გარდა „Peninsula New York“-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმრო „Peninsula New York“-ში ორი გაჩერებისას – 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს – პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი, შეხვედრების ოთახის ხარჯების ჩათვლით.

მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. ხაზგასმით - ერთი დღე! შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები დაახლოებით 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი.

განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას „Enchantment Resort“-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი – 9 899,35 დოლარი.

2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ვიზიტი შედგა 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაჩერდა სასტუმრო „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში. 2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. ორი ღამის საფასურმა (ხაზგასმით - ორი!) „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში შეადგინა 7 000-მდე დოლარი.

რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯები იყო დაახლოებით 12 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში 2 ღამის (ხაზგასმით - ორი!) საფასურის გარდა შედის 4 000 დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და 2 800 დოლარი ნომრიდან გვიან გამოსვლისთვის.

დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 41 000 დოლარი.

სინგაპურში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა სასტუმროში გაჩერდა – „Marina Bay Sands Singapore“-სა და „Mandarin Oriental Singapore“-ში. „Marina Bay Sands Singapore“-ში ნომრის ერთი ღამის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 3000 დოლარი გადასახადების ჩათვლით. ამას გარდა დაახლოებით 2400 დოლარი გადაიხადა ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ სასტუმროში გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. რაც შეეხება „Mandarin Oriental Singapore“-ს, ერთ ღამეში ქვეყნის პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 2500 დოლარი გადასახადების ჩათვლით, ხოლო გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა დამატებით 2100 დოლარი შეადგინა. სულ სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა.

რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა „Jumeirah Grand Hotel Via Veneto“-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის.

ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში (!!) სასტუმრო „Hotel Sacher Wien“-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა.

რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო „Divani Apollon Palace & SPA“ აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა.

ესე იგი: 2013 წლის 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში სასტუმროს ნომრის ღირებულების 64% დამატებით იქნა გადახდილი.

და ეს ადამიანი დღეს საქართველოს ემუქრება, რატომ?

იმიტომ, რომ ის არავინ დასაჯა!

იმიტომ, რომ მის (და მისი დამნაშევე თანაგუნდელების) წინააღმდეგ კანონის მოქმედება შეაჩერეს!

იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან გარიგდა და ამიტომ: ნუ გამოვარდებით დღეს, ჩვილი ხბოს თვალების ფაფხურით, ყოფილი მთ. პროკურორები და მათი მოადგილეები, ნურც ყოფილი შს მინისტრები და მათი მოადგილეები ეცდებით წარმოგვიდგეთ წმინდანებად ჯოჯოხეთში! დიახ, თქვენ ჩაფარცხეთ და დაალაგეთ საქმეები ისე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ამ თანამდებობებზე, ვერაფერს გააკეთებს! დიახ! დიახ, თქვენ დაუსვით წერტილი ქართველი ხალხის სიმშვიდეს!

და, დიახ, თქვენც ისევე დამნაშავეები ხართ, როგორც სააკაშვილი და მისი გუნდი! არა, თქვენ უფრო მეტად დამნაშავეები ხართ - დაფარეთ უმძიმესი დანაშაული და ჩაიდინეთ უმძიმესი დანაშაული!

წერტილი!“ - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი