logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მე და კომუნისტური პარტია, ანუ სურათიანი ნეკროლოგი...
- +

19 ნოემბერი. 2018. 17:59

 

ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მე და კომუნისტური პარტია, ანუ სურათიანი ნეკროლოგი...

 

პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე... ერთი გამოცდით ჩავაბარე თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე...

 

ვსწავლობდი 5-ებზე და, როგორ გგონიათ, რა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის?

 

რა თქმა უნდა, მიხვდით, სკკპ რიგებში შესვლა... გულწრფელად დავწერე განცხადება...

 

არავის სჯეროდა, რომ მიმიღებდნენ, თანაც პირველ კურსზე...

 

ახლა ნურავინ ნუ იპრანჭება, ვინც დაახლოებით ჩემი ხნისაა... მაშინ ბევრი ოცნებობდა ამაზე...

 

ახლა გახდა ყველა დისიდენტი...

 

ჰოდა... მოვიდა ერთი ლიმიტი...

 

მდედრობით სქესზე, პირველკურსელზე და ხუთოსანზე...

 

შემოვიდა აუდიტორიაში პარტკომი და მკაცრად გამომიცხადა: „ანჯაფარიძე, წადი სახლში, მაგ შარვალი გაიხადე, კაბა ჩაიცვი!!! პარტიაში გიღებთო“...

 

ძალიან ბედნიერი ვიყავი (მართლა...)

 

დღეს ვისაც არ ჰკითხავ, ოქტომბრელებიც კი არ ყოფილა...

 

თვალითაც არ უნახავს მკერდზე მიმაგრებული ქერათმიანი პატარა ლენინი...

ვისგან შედგებოდა მაშინ ეს ამხელა პარტია, ვერ გავიგე...

ზოგჯერ მგონია, მარტო ლენინი, კრუპსკაია და მე ვიყავით...

 

მე კიდევ არ ვიტყუები...

ჰოდა, პირველ კურსზე მიმიღეს პარტიის წევრობის კანდიდატად...

მერე ძალიან ფრთხილად უნდა გეცხოვრა 1 წელი, პარტიის წევრად რომ მიეღეთ...

 

პარტბილეთი სახლში მქონდა შენახული...

როგორც პარტიზანს, ლეიბის ქვეშ...

და, რომ დადგა წევრად მიღების დღე, წინა დღეს წამოვიღე უნივერსიტეტში, გადახდილი საწევროები რომ ბეჭდით დაეფიქსირებინათ...

 

სულ 5 წუთით გავედი შესვენებაზე და რომ დავბრუნდი... კანდიდატის წიგნაკი ჩანთაში აღარ იყო...

 

ბევრი რამე გადავიტანე ამის შემდეგ... საყვედურიც კი შემიტანეს პირად საქმეში... მეორე კურსიდან, დენიკინის ჯინაზე, მაინც გავხდი კომუნისტური პარტიის წევრი...

 

ზურიკოც პარტიული იყო... ჯემალიც...

 

სხვათაშორის, საქართველოში პირველი თანამდებობაზე დანიშნული უპარტიო იყო კოტე გაბაშვილი - განათლების მინისტრის მოადგილე... და მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა...

 

პარტიაში გაწევრიანებას რომ მილოცავდა, ზურიკომ, როგორც ყოველთვის გაიშაყირა - რაღა გიჭირსო... 100 წლის შემდეგ რომ მოკვდები, იმხელა სტაჟს შეაგროვებ, გაზეთ „თბილისის“ ბოლო გვერდზე სურათიანი ნეკროლოგი გექნებაო...

 

მართლაც, ასე იყო... პარტიული სტაჟი ხელს თუ უწყობდა, სურათიან ნეკროლოგს აქვეყნებდნენ...

 

...არ დამცალდა... სურათიანი“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი