logo_geo
მაია კახიძე: ერთი ლექსის კონკურსში ჩემმა ლექსმაც გაიმარჯვა!
- +

13 დეკემბერი. 2018. 11:37

 

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ერთი ლექსის კონკურსში ჩემმა ლექსმაც გაიმარჯვა!

 

დღეს მწერალთა სახლში ერთი ლექსის კონკურსის ფინალი „ერთი ლექსითაც გქვია პოეტი“ გაიმართა. მეც გავაგზანე ამ კონკურსზე ჩემი ლექსი - „მე იმიტომაც ღამიღამ ვწერ დეკემბრის სიზმრებს“ და აი, ჟიურის გადაწყვეტილებით, მწერალთა კავშირის მხარდაჭერით ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველადგილოსნები გახდნენ შესანიშნავი პოეტები ჯუბა ღებელი და მაია ხოფერია, მეორე ადგილზე აღმოვჩნდით მე და ირინა ტაბაღუა, მესამეზე კი ნუგზარ კობერიძე და თამარ კინწურია. გამარჯვებულების ლექსები წაიკითხა შეუდარებელმა მსახიობმა იოანე ქართველმა და უღრმესი მადლობა მას თანადგომისთვის.

 

დიდი მადლობა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ თემურ ჩალაბაშვილს, პროექტის ორგანიზატორს, გერმანე საზანოველს, ჟიურის წევრებს, აგრეთვე „სახალხო განათლების“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეს - ზურაბ ქობალიას და ამ საღამოს წამყვანს - ვერონიკა ვერულაშვილს.

 

ვულოცავ გამარჯვებულებს, მონაწილეებს და, რა თქმა უნდა, ჩემს თავსაც. ახლო მომავალში კი ორგანიზატორები ანთოლოგიის გამოცემასაც დაგვპირდნენ.

 

ერთი სიტყვით, ამდენი საფიქრალის და საზრუნავის მიუხედავად, ლექსებიც იწერება, წიგნებიც იბეჭდება და ნურც მოგვიშალოს ღმერთმა. ვფიქრობ, რომ პოეზია და ლიტერატურა ნამდვილად გადაგვარჩენს და ჩვენც უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ენა ქართული და ერთმანეთი.

 

ესეც ჩემი გამარჯვებული ლექსი:

 

მე იმიტომაც ღამიღამ ვწერ დეკემბრის სიზმრებს

 

ჩამოაბარდნა ჭაღარა ფიქრმა დეკემბერს მკერდი,

თეთრი კვიცივით შემოასკდა ანჯამებს ფარდა,

სიცივისაგან იბუზება კრამიტზე მტრედი

და აპრილამდე ჩაითვლიმა თოვაში ვარდმა.

შემოეფიფქა ფანჯრებს იქით ეზოს კალთები,

მერე კი თოვლმა ძილ-ღვიძილში ბევრი იარა,

და ზამთრის ფიქრმა, თან ძალიან ღამენათევმა,

ფანტელებივით რა დიდი გზა გამოიარა...

მე იმიტომაც ღამიღამ ვწერ დეკემბრის სიზმრებს,

გულში მადნება ხეში წყალის თრობა და თოვა,

ისე მეხვევა, რომ მავიწყებს თოვლიან ფიქრებს,

მე ზუსტად ვიცი, დღეკეთილი ჩემთანაც მოვა.

ფიფქები თითქოს ახლა წერენ მუსიკას ვერდის,

შეღამებულზე რა ლამაზად ბარდნა და ბარდნა,

ვიჯექი ჩუმად, ძველებურად წერილებს ვწერდი,

არავინ მსურდა ამ ზამთარში იმ მტრედის გარდა.

 

მე იმიტომაც ღამიღამ ვწერ დეკემბრის სიზმრებს“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი