logo_geo
ეკატერინე ლომიძე: დარეკა ტელეფონმა, ბავშვი იყო, ვიცი, რომ დედაჩემი არ ხარ და შემეშალა, მაგრამ მელაპარაკეო...
- +

24 დეკემბერი. 2018. 13:23

Facebook-მომხმარებელი ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დარეკა ტელეფონმა, ვუპასუხე. ბავშვი იყო, ნომერი შეეშალა. დედა, შენ ხარო? არა, პატარა, შეგეშალა-მეთქი. გათიშა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ დამირეკა, ვიცი, რომ დედაჩემი არ ხარ და შემეშალა, მაგრამ მელაპარაკეო. ვილაპარაკეთ. ათასი საქმე რომ მქონოდა, ყველაფერს გადავდებდი, ისეთი ხმა ჰქონდა და იმ წამს საშინელი ინტერნეტ-თამაშების მსხვერპლი ბავშვები გამახსენდა. ბიჭი 12 წლის არის, მამა უცხოეთშია, იქ სხვა ოჯახი ჰყავს. ინტერნეტის საშუალებით ეხმიანება, ხშირად არ სცალიაო. თვითონ არასდროს მირეკავს, სულ მე ვურეკავო. დედა მუშაობსო, არ ვიტყვი, სად, არ მინდა, ვინმემ ამოიცნოს ეს ბავშვი. ყოველ შემთხვევისთვის, ქალს კარგი სამსახური ჰქონია, მაგრამ სავარაუდოდ, სამსახურის მერე ისვენებს, ერთობა და შაბათ-კვირასაც არ იკლებს ამ სიამოვნებას. როგორც ბავშვის ნაამბობიდან ირკვევა, მისთვის არც დედას სცალია. ბიჭუნა საოცრად ჭკვიანი და კომუნიკაბელურია. იმის გამო, რომ გარეთ ბევრი საფრთხეა, მარტო გასვლა მეკრძალებაო, მე კი ურთიერთობები მინდა, ცოცხალ ადამიანებთან შეხვედრები და საუბრებიო, დავიღალე ინტერნეტითო. შევთანხმდით, რომ ტელეფონით ვიმეგობრებთ და არა ინტერნეტით და ერთ დღეს, თუ შესაძლებელი გახდება, იქნებ შევხვდეთ კიდეც.

 

მადლობა, რომ გამიგე და მელაპარაკეო.

 

დაახლოებით ერთი საათი გავიდა მას შემდეგ. რაღაცნაირად მოვწყდი, გუნება გამიფუჭდა. ვერაფრით გამოვკეთდი.

 

შენ რატომ არ გყავს შვილები, შეგეშინდა, რომ დედაჩემივით არ გეცლებოდა მათთვისო? არა, მე სულ მეცლებოდა მათთვის-მეთქი. ალბათ ლაპარაკიც არ დაგეზარებოდა და არ ეტყოდი, დაღლილი ვარ, ახლა შენთვის არ მცალიაო. წარმოვიდგინე, როგორ მიდის შინ დაბრუნებულ დედასთან, ეხუტება, ელაპარაკება, დედა თავიდან იშორებს და ისიც წელათრეული მიჩანჩალებს თავის ოთახში და საერთოდ ამ სამყაროდან გაქრობა მომინდა. თუ არ გცალია, ხომ ჯობია, შვილები არ გყავდესო?

 

არ ვიცი, როგორია გველის კბენა, არ ვიცი, რას გრძნობენ, როცა მდუღარეს გადაისხამენ, რადგან არც ერთი გამომიცდია და არც მეორე, მაგრამ ამ ბავშვის ნათქვამზე ისე გავხდი, არ მგონია, გველი ან მდუღარე უარეს ემოციას იწვევდეს“, - წერს ეკატერინე ლომიძე.

 

 

 

big_banner
არქივი