logo_geo
ირაკლი შონია: მხოლოდ 9 აპრილის ნუ გაგვახსენდებიან ეს ადამიანები!
- +

21 იანვარი. 2017. 12:43


 

 

მხოლოდ 9 აპრილის ნუ გაგვახსენდებიან ეს ადამიანები!" - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია „facebook"-გვერდზე.


ისინი ოთხნი იყვნენ ზაირა გელაშვილი, დონარა ცხადიაშვილი, თინა ბირკაძე და ლელა ვეფხვაძე... ხალხმა მათ 9 აპრილის უსინათლო მომღერლები შეარქვა, რადგან შეუძლებელია იმ ღამის ტრაგედიაზე ისაუბრო და არ ახსენო ეს უშიშარი ქალბატონები. ალბათ მთელი მსოფლიო ქვეყნების ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი ამაღლებული მოვლენა, რომ სადამსჯელო მძიმე ტექნიკის პირისპირ, რომელსაც სიკვდილი მოჰქონდა შეგებებოდი სიმღერით... მათმა სალაღობომ" თითქოს ცა გაჰკვეთა, ერთ სხეულად და სულად აქცია გმირად შემდგარი სამიტინგო... მოგვიანებით ჩემთან საუბარში ლელა ვეფხვაძე იხსენებდა: როდესაც ტანკები დაიძრნენ რუსთაველისკენ, ჩვენ უსინათლოები კიდევ უფრო მეტად შევიგრძნობდით სმენით მძიმე მანქანების მუხლუხების ხმას და ჯარისკაცთა მწყობრად მომავალ ნაბიჯებს, ჩექმებით ბრახუნს, სწორედ მაშინ გვითხრა მერაბ კოსტავამ: გოგოებო დასცხეთ სალაღობო" მტერს როგორც შეჰფერის უშიშრად სიმღერით შევხვდეთო! ბევრს ჰგონია რომ სიმღერა ვერ დავასრულეთ, სიმღერა ბოლომდე ვიმღერეთ მაგრამ უკვე გაწყვეტილი იყო მიკროფონი და მოედანზე ხმა უკვე აღარ ისმოდა... როცა დარბევა დაიწყო, ზედა კიბიდან მომესმა ზვიად გამსახურდიას ხმა: პირველ რიგში უსინათლოები გავიყვანოთ მოედნიდანო... ჩვენ ალყაში მოგვაქციეს და კიბეებზე ადამიანთა მასის ქვეშ მოვყევით, მაგრამ უფლის წყალობით გადავრჩით, როცა დარბეულ ხალხს ფილარმონიამდე მოვყევით მხურვალე ტაშით გვხვდებოდა თვითოეული ადამიანი... ასე იხსენებს ლელა... მერე კი მოხდა დიდი უბედურება რუსთაველის გამზირი ქვემეხების და ჰაუბიცების მიერ ცეცხლის ალში გაეხვია და დასრულდა კიდეც დამოუკიდებელი საქართველო... ერთმანეთისთვის აღარავის ეცალა, არავის აღარ მოუკითხია ეს თავდადებული ქალბატონები. ჯერ დონარა წავიდა ამ ქვეყნიდან ნაადრევად ძალიან ახალგაზრდა, მერე ზაირა, ბოლოს თინა ბირკაძე. წავიდნენ ისე არავინ შეუწუხებიათ, როგორც ღირსეულ ადამიანებს და დიდ მამულიშვილებს სჩვევიათ... თინა ბირკაძესაც ვიცნობდი, რომელიც თავის ბიჭთან ერთად მეტროების წინ მღეროდა და ამით ირჩენდა თავს... ვიცნობ ლელას რომელიც ასევე სიმღერით ირჩენს თავს, სულ ახლახან მეუღლე გარდაეცვალა, ძნელია როცა არ გემღერება და უნდა იმღერო, არ გაქვს განწყობა და იძულებული ხარ.. დამხმარე კი ისევ უბრალო ქართველობაა, ვინც საზოგადო  ტრანპორტით გადაადგილდება. სხვა ვერავინ მოიცალა ლელა ვეფხვაძესთვის... მე მას გამძლეობას ვუსურვებ, ჯანმრთელობას, მის შვილებს ესახელებინოს მისთვის და მათაც გაცნობიერებული ჰქონდეთ რა საამაყო დედა ჰყავთ... ალბათ სიტყვები არ მეყოფა რასაც მე ამ საოცრად კარგად ადამიანს ვუსურვებ... ამ ოთხი ადამიანის ნამღერი სალაღობო" ანუ დაუკარით" უკვე საქართველოს გმირული ისტორიის ნაწილი გახდა! ჩვენ კი მხოლოდ 9 აპრილის ნუ გაგვახსენდებიან ეს ადამიანები!" - წერს შონია.



 

 

 

big_banner
არქივი