logo_geo
თეა ფირცხალავა: 28 დეკემბერს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მშვენება დოდო ჭიჭინაძე დაიბადა!
- +

28 დეკემბერი. 2018. 23:59

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1924 წლის 28 დეკემბერს ჩვენს სავარდო და სამაისო ქუთაისში დაიბადა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მშვენება, საქართველოს სახალხო არტისტი დოდო ჭიჭინაძე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა შარმსა და სილამაზეს და ისეთ ნაპერწკლებს აფრქვევდა თვალებიდან, რომ ახალგაზრდა ვნებიან ქალსაც კი შეშურდებოდა. ალბათ, სწორედ ამ ნაპერწკლებმა „დაწვეს“ გიორგი შავგულიძის დავით გურამიშვილი, ან ჩვენი ბავშვობის ზღაპრული გმირები ცისკარა და ბაში–ჩუკი.... მაგრამ იყო ერთი ქუთაისელი ბიჭი, რომელსაც დოდო „ქვეყანას“ ერჩივნა – ჩემი მამამთილი - ირაკლი ჭუმბურიძე, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა დოდოს ღვთაებრივი სილამაზე. სიმართლე თუ გნებავთ, დიდ სამამულო ომში წასვლამდე, მათ ერთმანეთი უყვარდათ. 1943 წელს კი ჩემი მამამთილი ტყვედ ჩავარდა და... „გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა….“ მიუხედავად ამისა, დოდო და ირაკლი მეგობრებად დარჩნენ. მახსოვს, როდესაც რამეს შევეკითხებოდი დოდოზე, ირაკლის თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე და მორცხვად გადახედავდა ჩემს დედამთილს, რომელიც ასევე მეგობრობდა ულამაზეს „მეტოქესთან“... დოდო ჩვენი ოჯახის საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო და სწორედ მისგან გავიგე პირველად ბიძინა ივანიშვილის სახელი, რომელსაც ძალზე ემადლიერებოდა, ამბობდა, რომ არა ბიძინა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა მე და ჩემს ახლობლებს, რადგან მიღებულ თანხას მათაც ვუნაწილებო. ტყუილად კი არ უწოდა პატრიარქმა ილია II-მ დოდო ჭიჭინაძეს „საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი“.

ზოგადად, მადლიერება ამაღლებული გრძნობაა, ძალზე ამშვენებს ნებისმიერ ადამიანს და მის ღირსებაზე მეტყველებს. აი, ასეთი ადამიანი იყო სულით და ხორცით ლამაზი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე, რომელიც ყოველთვის ფორმაში იყო და ყოველთვის „ეპრანჭებოდა“ ირგვლივ მყოფებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის ქალურობას, რაც ასაკის მიუხედავად, ჭარბად ჰქონდა შემორჩენილი.

85 წლის დოდო ჭიჭინაძე გარდაიცვალა 2009 წელს. ნათელში ყოფილიყოს მისი სული.

ეს სამი ფოტო ჩემს არქივში ინახება და სხვაგან არსად. ჩემს მამამთილს სამხედრო ფორმა აცვია, დოდოს კი მისი ქუდი ახურავს“, - წერს ფირცხალავა და ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი