logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: სოფელს მივხედოთ, სოფელს და გლეხს!
- +

31 დეკემბერი. 2018. 16:53

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ჩემი პატარა ბაზარი...

 

ეს თბილისში შემორჩენილი, ერთ-ერთი და ალბათ, მალე ერთადერთი ადგილი გახდება, სადაც მხოლოდ შაბათობით ახლო-მახლო სოფლებიდან გლეხები ჩამოდიან და საკუთარი ხელით მოწეულ პროდუქტებს ყიდიან. რაც დიღმის მასივი გაშენდა, აქ ბაზარი გაცილებით დიდი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ როგორც ყველაფერი, რამდენიმე წლის წინ ეს ადგილიც გაიყიდა, ბაზრის შენობა დაანგრიეს და ახალი „ცათამბჯენი“ წამოჭიმეს, ბაზარი კი იქვე, მტკვრის მხარეს, კერძო მესაკუთრეებმა გადაიბარეს... ბაზარში გლეხები წლიდან წლამდე მცირდება და მის ადგილს უცხოურწარწერებიან ყუთებში ჩალაგებული ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეები იკავებენ. უკვე ამ ბაზარშიც გაჩნდა ტერმინები - სოფლის ქათამი, სახლის ღორი, ბოსტნის მწვანილი, თესლის ხახვი, ქართული კომბოსტო, ქართული კაკალი, ქართული ბროწეული, ნაღდი ფქვილი, ნამუსიანი ჩურჩხელა, მაგრამ მძიმე სურათია ყველთან დაკავშირებით, თუ ძალიან გამოცდილი და რეცეპტორებგამახვილებული არ ბრძანდებით, ხელოვნური ყველის ამოცნობა ნამდვილისაგან გაგიჭირდებათ.

 

„პატიოსანი“ ყველი მართლაც ძვირი უნდა ღირდეს, როგორც ჩემი სუფთახელება და ფართუკაფარებული მარინა ამბობს, აბა დილის 5 საათზე ადექი, ბაგა გაალაგე, გარეცხე, საქონელი ჩამობანე, მერე მოწველე, რძეს უპატრონე როგორც საჭიროა, მერე საქონელი დააპურე, მერე ყველი შეადედე, მერე ამოიყვანე და თან მთელი წელი საქონლის გამოზამთრებაზე იფიქრე, მერე ზაფხულის საძოვარზე, იცი, როგორი ჯანი უნდა ამ ყველაფერს??? ჰოდა, ადგნენ ეს გლეხებიც, საქონლები დაყიდეს და იმ ფულით რაღაც უბედური ფხვნილით ყველის კეთება დაიწყეს, პლასტმასივით ყველი ამოდის, ხაჭაპურში რომ ჩადებ, სტრუქტურას არც კი იცვლის, ჰოდა აი, ასე...

 

მოკლედ, ამ საახალწლოდ ჯერ კიდევ ჩამოვიდნენ ჩემი გლეხები და ჩამოიტანეს „პატიოსანი“, პროდუქტები. ფასები არც წინა წელთან და არც იმის წინასთან და არც იმის წინის წინასთან შედარებით არ გაუძვირებიათ, იმის მიუხედავად, რომ დოლარიც გარბის და პურიც და ბევრი სხვაც გაუძვირეს, გოჭი 13-15 ლარია, ინდაურის ფასი 40-დან 120-ლარამდეა, საქონლის ხორცი 14-16, ნიგოზი 10-დან 25-მდე, ვაშლი 70 თეთრიდან ლარნახევრამდე, ყველი - 8-10 ლარამდეა, წელს ხილის კარგი მოსავალი იყო და არის ყველაფერი, ყურძენი, კომში, მსხალი, ბროწეული, ციტრუსი, იყიდება ბადაგი, ნიგვზის და თხილის ჩურჩხელები...

 

მშვიდობა და სიკეთე ჩვენს ქვეყანს, ხვავი და ბარაქა, ღვთის ძალით, მრავალი ბედნიერი დღე და დღესასწაული არ მოშლოდეს, ბედნიერი ახალი წელიწადი გათენებოდეს! სოფელს მივხედოთ, სოფელს და გლეხს!!!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი