logo_geo
თეა ფირცხალავა: ილია ჭავჭავაძემ 1894 წელს საახალწლო სალაღობოც კი მიუძღვნა ნიკო ცხვედაძეს...
- +

9 იანვარი. 2019. 02:23

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ცოდნა - ძალაა“. ფრენსის ბეკონის ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ამ ღვაწლმოსილი ადამიანის არა მხოლოდ ფუნდამენტურ ნაშრომს, არამედ მთელ მის მოღვაწეობასაც. იგი მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა კეთილი საქმეების შესახებ აუცილებლად უნდა მოვუყვეთ ახალგაზრდა თაობას. ასეთ მოღვაწეთა შორის საპატიო ადგილს იკავებს ქართული პედაგოგიკის უდიდესი წარმომადგენელი, მწერალი და პუბლიცისტი ნიკო ცხვედაძე. იგი დაიბადა 1845 წლის 8 იანვარს სოფელ სოჭინში, ადგილობრივი მღვდლის ზებედე ცხვედაძის ოჯახში. მიუხედავად გაჭირვებისა, ნიკომ განათლება ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო. იმავე პერიოდში დაუმეგობრდა იაკობ გოგებაშვილს, რომლისგანაც წიგნები მიჰქონდა და წამყვანი მეცნიერების ნაშრომებს ეცნობოდა. სემინარიის დასრულების შემდგომ სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1869 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მისი კოლეგები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და გიორგი იოსელიანი. 1879 წელს იაკობ გოგებაშვილმა დაიწყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ შექმნა. საზოგადოების წესდება მოამზადეს ნიკო ცხვედაძემ და დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც მისი პირველი თავმჯდომარე გახდა, ხოლო მოადგილედ დაინიშნა ილია ჭავჭავაძე. 1885 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე დიდი ილია ამ საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია ნიკო ცხვედაძის წვლილი ქართული სკოლების გახსნის საქმეში. მისი ინიციატივით სკოლები გაიხსნა ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ძველ სენაკში... იგი ასევე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკების გახსნას და ქართულ ენაზე წიგნების გამოცემას. ცნობილი ფაქტია, რომ ილია ჭავჭავაძემ 1894 წელს საახალწლო სალაღობოც კი მიუძღვნა ნიკო ცხვედაძეს:

"საჭირო არის წვრთნა, სწავლა,

ვითა ფარ-ხმალი ბრძოლასა,

სჯობს ყოლა უწვრთნის ძაღლისა

უწვრთნელი შვილის ყოლასა".

ნიკო ცხვედაძის უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობა, რისთვისაც 1898 წელს მან მოიწვია ახალგაზრდა არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და შეიძინა გიმნაზიის ასაშენებელი მიწა ვარაზისხევთან. მშენებლობისთვის თანხები გამოყვეს დავით სარაჯიშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა. კონსტანტინე მუხრან-ბატონმა და სხვა თვალსაჩინო მოღვაწეებმა. 1900 წელს დაიწყო მშენებლობა და მის კომისიას ხელმძღვანელობდა ნიკო ცხვედაძე, ხოლო მისი ერთ-ერთი წევრი იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ეს უნდა ყოფილიყო შენობა, რომელშიც მომავალში ქართული უნივერსიტეტი განთავსდებოდა.

ნიკო ცხვედაძე გარდაიცვალა 1911 წელს. იგი დაკრძალეს დიდუბის პანთენში, სადაც სიტყვით გამოვიდა აკაკი წერეთელი: "ნეტავ იმას, ვინც საზოგადო მოღვაწის სახელი სიცოცხლეშივე მოიპოვა და სიკვდილის შემდეგაც კვალი დასტოვა!“ 1918 წელს სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გაიხნსა თბილისი უნივერსიტეტი და ნიკოლოზ ცხვედაძის სანუკვარი ოცნებაც ასრულდა.

2008 წელს ნიკო ცხვედაძის ცხედარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს“ , - წერს ფირცხალავა.

 

 

 

big_banner
არქივი