logo_geo
თეა ფირცხალავა: იგი მრავალმხრივი „გიჟი“ იყო...
- +

10 იანვარი. 2019. 01:00

 

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„მთელი ცხოვრება შური მამოძრავებს. მშურდა ლამაზების - გავხდი მომზიდველი, მშურდა ჭკვიანების - გავხდი არაპროგნოზირებადი, მშურდა ნიჭიერების - გავხდი გენიალური.“

1924 წლის 9 იანვარს უმდიდრესი თბილისელი ანტიკვარის ოჯახში დაიბადა ეპატაჟური ხელოვანი, უნიკალური რეჟისორი და მართლაც არაპროგნოზირებადი ადამიანი სერგო ფარაჯანოვი. იგი მრავალმხრივი "გიჟი" იყო... ამიტომ სხვადასხვა მიმართულების ინსტიტუტებში სწავლობდა, მაგალითად თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიებში - ვოკალის განხრით (მოსკოვში მისი პედაგოგი იყო პროფესორი ნინა დორლიაკი), ეუფლებოდა ცეკვის ხელოვნებას თბილისის ოპერის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სწავლობდა „ვგიკ“-ის სარეჟისორო ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგი იყო ალექსანდრე დოვჟენკო, გატაცებული იყო ხატვით და ა.შ.

ფარაჯანოვზე უამრავი სტატუსი მაქვს დაწერილი. ერთგან მას სომეხი ქართველიც კი ვუწოდე, რადგან მასში ქართულ ნიჭსა და გემოვნებას ვხედავდი, ან მინდოდა, რომ მხოლოდ ქართველი ყოფილიყო... საერთოდ ასე მემართება ხოლმე ნიჭიერ ხელოვანთან შეხებისას, რაც წმინდა ქართული ფენომენია (და არა „გოიმობა“, როგორც ზოგიერთი ვითომდა „პრადვინუტი“ ამბობს). მოკლედ, სწორედ ფარაჯანოვის საოცარი გემოვნება მხიბლავდა მის ფილმებსა და კოლაჟებში, რომლებშიც, ჩემი დილეტანტური აზრით, სიურეალიზმის ელემენტებიც შეინიშნებოდა. მასზე ამბობენ, საშიშად თავისუფალი ადამიანი იყოო... დიახ იყო, ნამდვილი „გიჟი“ იყო და გიჟურ შედევრებსაც ქმნიდა... გიჟი კი, როგორც იცით, თავისუფალია... ზედმეტად თავისუფლება კი სასტიკად ისჯებოდა, განსაკუთრებით „იმ“ დროს...

სერგო ფარაჯანოვი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. პირველად 1973 წელს დააკავეს. ციხეში საშინელ პირობებში იყო და მხსნელად მოევლინა მასავით ზეეპატაჟური ლილია ბრიკი, დიდი ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა, რომელიც მუდმივად უგზავნიდა საჩუქრებს, საჭმელსა და ტკბილეულს. 80 წლის ლილია ბრიკი ყველაფერს აკეთებდა, რომ ფარაჯანოვი ციხიდან დაეხსნა. მას დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთში, ამიტომ უცხოელებს მოუწოდა, რომ ხმა ამოეღოთ ფარაჯანოვის დასაცავად, ხოლო პარიზში, მაიაკოვსკისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, ლუი არაგონს თხოვა, მოსკოვში ჩასულიყო და ბრეჟნევისთვის ფარაჯანოვის შეწყალება ეთხოვა. ბრეჟნევს არც კი სმენოდა ფარაჯანოვის გვარი, მაგრამ იმდენად დიდ პატივს სცემდა კომუნისტ მწერალს, რომ 1977 წელს ფარაჯანოვი გაათავისუფელეს. სერგო მეორედ 1982 წელს დააკავეს და რომ არა ბელლა ახმადულინას წერილი ედუარდ შევარდნაძისადმი, ციხეს ვერ გადაურჩებოდა. მოგეწონებათ ეს ვინმეს, თუ არა - ცნობილი ფაქტია, რომ შევარდნაძე ხელოვნების დიდი ქომაგი იყო და ფარაჯანოვიც „შეიწყალა“ და ციხეს გადაარჩინა. ფარაჯანოვის შედევრებს აღარ შევეხები, მასზე ბევრია დაწერილი და მეც ბევრჯერ გავიხსენე...

სერგო ფარაჯანოვი გარდაიცვალა 1990 წელს. სამწუხაროა, რომ იგი ერევანში დაკრძალეს და არა თბილისში, ქალაქში, რომელიც საოცრად უყვარდა“ , - წერს თეა ფირცხალავა.

 

big_banner
არქივი