logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ეს სილამაზე ჩემი ბავშვობა იყო...
- +

10 იანვარი. 2019. 15:17

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სკოლის მოწაფე ვარ. ალბათ მე-8 კლასში. ჩემს მეზობელ ერთ-ერთ ეზოში კარბიტის ქვები ვნახე და წყალში ვყრით. ბუტბუტებს წყალი და ვხალისობთ. ერთი ახალგაზრდა ლამაზი, მაღალი ქალი მოვიდა და დაგვიშალა, რას აკეთებთ არ შეიძლებაო. თუ არ გაანებებთ თავს, დედაშენს ვეტყვი და ეზოში აღარ ჩამოგიშვებსო. მისი შვილიც იქ იყო. ჩემზე გაცილებით პატარა. მე მაინც არ მოვეშვი. დამემუქრა, ჩემს შვილს გეფიცები, დედაშენს ვეტყვიო. არ იცნობთ-მეთქი. წავიდა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით შემხვდა პურის მაღაზიაში. შემეშინდა. დედაჩემი გაიცნო და შემომხედა და მითხრა: ვუთხრაო? გავწითლდი. დედაჩემი დაინტერესდა. რა უნდა მითხრათო: არაფერი, ჩემი შვილი ცუდად იქცეოდა, კარბიტს აფეთქებდა და ამან გადაარჩინა. მადლობელი ვარო. დედას გაუხარდა. იმის შემდეგ ეს ქალი შემიყვარდა. ჩემთვის ულამაზესი გახდა. მის შვილს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი.

 

ქმარს გაცილებული იყო ეს ქალი. ერთხელ ერთმა მისმა მეზობელმა ქურთის ბიჭმა მითხრა, ეს ქალი მამაჩემის მეგობრის საყვარელიაო, გავმწარდი და ვუყვირე, ტყუი, პატიოსანია და აბრალებ-მეთქი. მაშინ მარკებს ვაგროვებდი და ამ ქურთის ბიჭს ერთი მარკა უნდოდა ჩემი. გამიცვალეო, მითხრა. არ მინდა, გაჩუქებ, ოღონდ ზუსტად მითხარი, დამიმტკიცე იმ ქალის ამბავი-მეთქი. პირდაპირ გეტყვიო, მითხრა, იმ მამაჩემის ძმაკაცმა უთხრა მამაჩემს ჩვენს სახლში რომ იყო, გავაბახეო. მამაჩემმაც არ დაუჯერა, იმან კი უთხრა, მარჯვენა ძუძუზე ხალი აქვს დიდიო. მე მას შემდეგ იმ ქურთი მამის ძმაკაცს ვერ ვიტანდი. შემდგომში გავიგე, რომ ის მოკვდა, არ შემცოდებია.

 

გავიდა დრო და ამ ქალის შვილი კინო გაზაფხულთან შემხვდა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ. მაშინ ბავშვები ერთმანეთს ვატყუებდით, ვტრაბახობდით. ლამაზ ქალებზე დამიწყო ლაპარაკი. მეც ვუთხარი, წიგნში წავიკითხე, ყოველ 10000 ქალში ერთს აქვს დიდი ხალი მარჯვენა ძუძუზე და ის არის ყველაზე ლამაზი-მეთქი და თვალი გავაპარე, მისი რეაქცია მაინტერესებდა. გაუხარდა და მითხრა, დედაჩემს აქვს მარჯვენა ძუძუზე დიდი ხალიო. გული დამეწვა. მან არ იცოდა, ამით რა მითხრა. მე კი იმ დღეს დიდი ტკივილი მივიღე. იმდენად დიდი ემოცია მქონდა, რომ დღესაც გუშინდელივით მახსოვს, თითქოს ჩემთან იყო პასუხისმგებელი... სახლში რომ მოვედი, გული ამერია. ბებიაჩემი მივლიდა. წელს ვნახე ეს ქალი არჩევნებზე, ძალზე დაბერებული, მაგრამ რაღაც სილამაზე მაინც ჰქონდა. უფრო სწორედ, ეს სილამაზე ჩემი ბავშვობა იყო, რომელსაც ის მილამაზებს“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი