logo_geo
„გავა დრო და დათო ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩნდება... ქეთევან ხაბულიანი კი ეროვნული ხელისუფლების დამცველთა ავანგარდში ჩადგება!“
- +

11 იანვარი. 2019. 12:35

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დათო ტურაშვილის ნაწარმოები „ტიბეტი არ არის შორს“ - იხსენებს თავის სკოლის ასაკს - „თავისუფლების სკოლა“, სადაც ძალიან გულთბილად იგონებს სკოლის მასწავლებელს ქეთევან ხაბულიანს, რაც მთავარია აღნიშნავს თუ როგორ ასწავლიდა მოსწავლეებს ქეთევანი ის რასაც სხვა მასწავლებლებისგან ვერ გაიგონებდი, რაც მთავარია სამშობლოს ცნებას... გავა დრო დათო ტურაშვილი ცნობილი გახდება... კიდევ გავა დრო და დათო ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩნდება... ქეთევან ხაბულიანი კი ეროვნული ხელისუფლების დამცველთა ავანგარდში ჩადგება! გავა კიდევ დრო და დათოს მიერ ასე გულთბილად მოხსენიებულ მასწავლებელს დააპატიმრებენ. სამხედრო კომენდატურაში, ჰაუპტვახტში და კპზ-ში გაამწესებენ!

 

ცხადია კარგად ვიცნობ ქეთევან ხაბულიანს, მინდა ჯანმრთელობა და დიდ ხანს სიცოცხლე ვუსურვო. ვიცნობდი მის უწესიერეს, განათლებულ მეუღლეს, რომელიც უკვე ცოცხალი აღარაა, ვიცნობ მათ შვილებს, მინდა სიკეთე და წარმატებები ვუსურვო!

 

ქეთევან ხაბულიანი ცხადია ეროვნული მოძრაობის რიგებში გავიცანი“, - წერს შონია.

 

„...ჩვენ კი (ჩემს კლასელებსა და მე), ამ მხრივ, საკმაოდ გაგვიმართლა და უპირველესი მიზეზი გამართლებისა, ჩვენი კლასის დამრიგებელი გახლდათ-კლასის ხელმძღვანელი-ქალი, რომელმაც იმ საბჭოთა ეპოქასა და იმ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაში უპრეცედენტო გამონაკლისი შექმნა-გვასწავლა სწორედ ის, რასაც ასეთის მონდომებით, მართლაც გულმოდგინედ უმალავდნენ საბჭოთა მასწავლებლები საკუთარ მოწაფეებს. ჩვენ კი მისი წყალობით ,ათი-თორმეტი წლის ასაკში უკვე ვიცოდით რა იყო სამშობლო და საიდან იწყებოდა იგი, ხოლო მოგვიანებით, ისევ მისი დამსახურებით, აღმოვაჩინეთ უმთავრესი, რაზეც ადამიანები ოცნებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებაზე ოცნებაც კი აკრძალული ჰქონდათ. მისთვის კი უპირველესი, ჩვენი ადამიანებად აღზრდა იყო და არა ტიპიურ საბჭოთა მოწაფეებად და ამიტომაც ფიქრი თავისუფლების ხიბლზედ, სხვებთან შედარებით, ადრე დავიწყეთ და პირველმა, თავისუფალი აზროვნებისაკენ, სწორედ მან გვიბიძგა. მანვე შეგვასწავლა საქართველო ბილიკ-ბილიკ და გვაჩვენა ის, რაც ყოველი ქართველისათვის ასე ძვირფასი და საამაყოა.

 

ჩვენ კი ვრჩებოდით, ვრჩებოდით ჩვენს საყვარელ სკოლაში, რომელიც გვიყვარდა, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ არათუ საქართველოში, მთელს საბჭოთა კავშირშიც კი, შეუძლებელი იყო ისეთი კლასის ხელმძღვანელის მოძიება, ჩვენ რომ გვყავდა-ქალი, რომელმაც ჩვენს ცნობიერებასა და ბავშვურ ფანტაზიებში ანტისაბჭოური გადატრიალება ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში მოახდინა და პირველი იატაკქვეშა ჯგუფიც ჩვენს კლასში სწორედ მაშინ აღმოცენდა. სწორედ მაშინ დავიწყეთ პირველი არალეგალური გაზეთის გამოცემაც, რასაკვირველია ხელნაწერი სახით და ჯერ კიდევ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ საყოველთაოდ მიღებული, ოფიციალური სამართლის გარდა, არსებობდა ნამდვილი, სხვა სიმართლე, მაგრამ მაშინ უბრალოდ ის არ ვიცოდით, რომ „ნამდვილი სიმართლე“ ისეთივე ტრაგიკული ფენომენი იყო, როგორც ილიას „კაცური კაცი“...

 

ამონარიდი დათო ტურაშვილის „ტიბეტი არ არის შორს“

„თავისუფლების სკოლა“

big_banner
არქივი