logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: მინდა გულით მივულოცო, რამეთუ თვითონაც გულიანი ადამიანია
- +

12 იანვარი. 2019. 02:05

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ოლეგ გველესიანს მწერალთა და ჟურნალისტთა წრეში დიდი წარდგენა არ სჭირდება. 11 იანვარს მისი დაბადების დღეა და მინდა გულით მივულოცო, რამეთუ თვითონაც გულიანი ადამიანია. გილოცავ, ოლეგ და ბედნიერებას გისურვებ შენს დიდ ოჯახში.

 

ოლეგ გველესიანი

 

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

დაიბადა 1947 წლის 11 იანვარს, სოფელ ცხრუკვეთში (ჭიათურის რაიონი). დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

 

მუშობდა გაზეთ „ჭიათურის მაღაროელის" ლიტმუშაკად; გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში" სპეციალურ კორესპონდენტად; 30 წელი იმუშვა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში" რიგითი ლიტმუშაკიდან გაზეთის ერთ-ერთი განყოფილების გამგის თანამდებობამდე; პარალელურად მუშაობდა გაზეთ „ქართულ ფეხბურთში" ფოტოკორესპოდენტად და თბილისის „დინამოს" სტადიონის პრესცენტრში, სადაც შეადგინა 1978-1989 წლამდე გამართულ 200-ზე მეტი საფეხბურთო მატჩის პროგრამები; 1965 წლიდან მისი ლექსები რეგულარულად იბეჭდებოდა გაზეთებში: „ჭიათურის მაღაროელი", „ახალი ცხოვრება" და „ნორჩი ლენინელი"; ჟურნალებში: „პიონერი" და „დილა"; სტუდენტობის პერიოდში დაწერილი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ცისკარი", „პირველი სხივი", „დროშა"; 1989 წელს გამომცემლობა „მერანმა" გამოსცა მისი პირველი კრებული „საძალიხევი"; კრებულში შევიდა ოთხ ციკლში გაერთიანებული ასი ლექსი; მისი პირველი საბავშვო წიგნი „ზოოპარკი მიყიდეთ", გამოსცა გამომცემლობა „ნაკადულმა" 1991 წელს; მომდევნო წიგნი „ეს გოგონა ვისია“ 1992 წელს გამოსცა გამომცემლობა „სამშობლომ", 1994 წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მისი ლექსების კრებულს „ეს გოგონა ვისია", როგორც I-II კლასებში კლასგარეშე საკითხავ წიგნს; 1999-2007 წწლებში ოლეგ გველესიანი იყო გაზეთ „ზაჰესის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; 2016 წლიდან არის გაზეთ „არაგვიანის" მთავარი რედაქტორი, პარალელურად მოღვაწეობს საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულში"; ავტორის წიგნების ნაწილი დაიბეჭდა „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგიაში"; მის ლექსებზე კომპოზიტორებს: ვ. აზარაშვილს, მ. დავითაშვილს, ზ. მანაგაძეს, მ. ელოშვილს და სხვებს დაწერილი აქვთ სიმღერები. ოლეგ გველესიანი ცნობილი ფოტოჟურნალისტია. მისი ფოტოები დაცულია მის პირად არქივში, საჯარო ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოარქივში და სხვა.

 

***

ოლეგ გველესიანი

 

მელაპარაკე,

სიყვარულზე მელაპარაკე,

ხვალინდელი დღის ოცნებაზე მელაპარაკე...

ნუ მომიყვები იმ ძველ დღეთა განვლილ მომპარავს

აღტკინებაზე, სიმღერაზე მელაპარაკე.

 

რა იქნებოდა ჩვენი ყოფა

ჩვენი სიცოცხლე -

ამ სილამაზის, არდანხვის

თვალთვალთ გარეშე,რადგან მოხვედი შენი ვალი უნდა იცოდე,

სანამ მწვერვალზე არ ასულხარ ძირს არ დაეშვე...

 

არა არ მითხრა, სიჭაბუკე შორს რომ წასულა...

სისხლის ყივილი, მღელვარება რომ დაოკდება,

რომ არ მექნება შეხვედრები კვლავ მზის ასულთან

დიდი აღმართის - გზა შორსაა, ჯერ არ მოკლდება...

. . . . . . . . . .

მელაპარაკე, ან მომწერე ან დამირეკე,

ოღონდაც, მხოლოდ სიყვარულზე მელაპარაკე!..

12 იანვარი, 2018

 

***

ორი ლექსი ციკლიდან „იმერეთი''

 

უნდა წამომყვე ჩემს იმერეთში

 

მივუახლოვდი უკვე საჩვენოს,

მზის შუქი იწვის ყვავილთფერეთში...

ჩემი ვარდები უნდა გაჩვენო,

უნდა წამომყვე ჩემს იმერეთში.

 

გადარეული საძალიხევი

შენს რძლობას, ვიცი, რომ შეიფერებს

ხავსიან ცაცხვებს კვლავ ჩავეხვევი,

ხევში ჩავხედოთ ჩანისლულ შქერებს.

 

როგორ გრიალებს თეთრი ჩანჩქერი

ათინათების თეთრ სიმღერებში...

სხვა არაფერი, სხვა არაფერი,

უნდა წამომყვე ჩემს იმერეთში!..

1970 წელი

 

 

აქ სიმყუდროვეს, დიდ სიმყუდროვეს

აღარ არღვევენ ხმები ურმების...

და ამ ღამეში რაღაც უდროეს

წინაპრის აჩრდილს ვესაუბრები

 

სად გაპარულა ნამგალთ წკრიალი?

სიცარიელე სურვილს ჩაგალეწს..

ხანდახან ქარი რია-რიათი

ჩაუშრიალებს დაკუნწლულ ანწლებს

 

ოცნება სურვილს ვეღარ აღავსებს,

მაინც წარსულზე ფიქრით ვინთებით...

ფოთოლგაძარცულ ცაცხვის მაღალ ხეს

უჭირავს მთვარე სუსტი თითებით.

 

***

ორი ლექსი ციკლიდან „ძველი რვეული"

 

დიოსკურია

 

ბედმა გაგწირა,ბედმა გაგწირა,

ზღვა შენს ცრემლებად მონაპკურია...

და მჯერა...მჯერა!მაინც არ გძინავს,

დიოსკურია...

 

ძველი ოცნებით მოვდივარ შენთან,

ჩაძირულ ფრესკებს სულში შევახვევ,

მოვედი, მსურდა რაიმე მეთქვა,

გნახე? ვერ გნახე... მაინც ვერ გნახე.

 

ულურჯეს ტალღებს ქარი აქანებს,

თითქოს მზეს წყლული განუკურნია,

მწამს, სიჭაბუკე შენში ფართქალებს,

დიოსკურია...

 

შენ არ იდარდო მაინც ამაზე,

რა ვუყოთ, არ ხარ მზეზე მბრწყინავი.

ბევრის სიცოცხლე და სილამაზე

არის ხილულიც და უხილავიც.

 

გაუქმებული ბაქანი

 

თეთრ ფიქრში წარსულს გაიმეორებს,

როცა ოცნებას ააბალახებს...

ის მოიგონებს თბილ განშორებებს

და შეხვედრების ცისფერ ზამბახებს.

 

მოენატრება ხალხი და სითბო,

ვეღარ აიტანს დღეებს ქარიანს,

მას სადგურების ბედი შურს თითქოს,

ისინი ხალხით სავსე არიან.

 

...და გვიან, როცა ღამის მთეველი,

მთის კენწეროზე მთვარე ჩაღდება,

იკივლებს სადღაც მატარებელი

და ბაქანს გული აუჩუყდება“ , - წერს ბუთურიშვილი.

big_banner
არქივი