logo_geo
„ესე ამბავნი პეკინის ქუჩის ეზოისა, სადაცა ყოველი შეიძლება მომხდარიყო, სიკეთეცა, სიბინძურეცა, საოცრებაცა და მისტიურიც“
- +

12 იანვარი. 2019. 14:40

 

„ესე ამბავნი პეკინის ქუჩის ეზოისა, სადაცა ყოველი შეიძლება მომხდარიყო, სიკეთეცა, სიბინძურეცა, საოცრებაცა და მისტიურიც“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რომ გადმოვედით ამ სახლში, ტელეფონის ხაზი გამოუყვანეს პაპაშენს, მაშინ თითოოროლა კაცს ჰქონდა ჩვენს სადარბაზოში ტელეფონი... ხაზი გადამიჭრეს, აღვადგენინე, ისევ გადამიჭრეს, კვლავ აღვადგენინე. მაინც გადაჭრეს, მილში ჩავასმენინე, ამოუგლეჯია ვიღაცას. კარგა ხანი მაწვალა და მერე დამანება ვიღაცამ თავიო, მომიყვა ბებიაჩემმა. ვერ დავადგინე, ეჭვი კი მაქვს, მაგრამ ასე ხელს ვერავის დავადებდიო“.

პეკინის ქუჩა 33.

 

- „შვილო, შენზე ვიყავი ფეხმძიმედ და საშინელი ამბავი მოხდაო, მითხრა დედამ. გვერდით სადარბაზოს მეოთხე სართულიდან ჩვენი მეზობლის სიძე გადმოვარდაო. ყველაზე შემზარავი, რაც არასდროს დამავიწყდება, დაცემის ხმა იყოო, თითქოს რაღაც გასკდაო. ჩვენ მეორე სართულიდან გადავიხედეთ ხმის გაგონებისას, მთელი ეზო გამოვიდა აივნებზე, ამ გადმოვარდნილის ცოლის დედ-მამა და დებიც გამოსულან ჩვენი სადარბაზოს მეოთხე სართულზე მცხოვრებნი“.

მე ეს არ მინახავს, 1971 წელი იყო დაწყებული. რამდენიმე თვეში დავიბადე შვიდთვიანი.

 

1982 წელი. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის დღეები. ეზოში შემოდის ბოშათა ჯგუფი ყვირილით: პედრო, დონალდო, პედრო... ჩვენც მივვარდით და გვინდა, ვიყიდოთ პედრო, რომელიც 1 მანეთი ღირს. აღმოჩნდა ახალი ალტერნატივა „ბაზუკა“, რომელშიც საღეჭ რეზინასთან ერთად დროებით ტატუს გასაკეთებელ „ნაკლეიკაც“ იყო. ის 2 მანეთი ღირდა. მე კი 1 მანეთი მქონდა, რომელიც ჩემთვის საზიზღრობად მიჩნეული ბორშის თვალდახუჭვით ათვისების გამო ბებიასგან ძღვნად მქონდა მიღებული. ავვარდი სახლში და ავტეხე ერთი ამბავი: ხვალ კიდევ შევჭამ ბორშს და წინასწარ მომეცით მანეთი, „ჟუაჩკა“ მინდა ვიყიდო-მეთქი. ნურას უკაცრავადო, შენ სულ გაირყვენიო, ვიყვირე; ვაბაკუნე ფეხები, მაგრამ არაო. ეს მანეთიც არ უნდა მოგვეცაო. ჩემს დასაც უნდოდა თავისთვის, მაგრამ მიხვდა, რომ არარეალური იყო ბებიაჩემთან ჩხუბი და არ დამიდგა გვერდში. მაინც ვიყიდი-მეთქი. გამოვირახუნე კარი და ჰოი, საოცრებავ, კარის წინ ქაღალდის მანეთიანი ეგდო... ღმერთო, შენ გაიხარე მეთქი და 10 წუთში ბაზუკას ვღეჭავდი, თან მარცხენა ხელზე ნაკლეიკა მქონდა დაკრული ინდიელის გამოსახულებით.

 

1999 წელი. მოვდივარ სახლში საღამოს და ასეთი ამბავი მხვდება: ეზოში ჩემი სადარბაზოს წინ პოლიციის მანქანა დგას. თურმე შუადღისას მეოთხე სართულიდან ვიღაც გადმოვარდნილა. ვინ იყო მეთქი, არ ვიცით, სახე დაზიანებული იყო და წაასვენეს. აღმოჩნდა ბ-ძე, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენს ეზოში. იმავე დღეს დაუკითხავთ ეზოში მყოფნი. სახლში რომ ავედი, დედა და მამა დამხვდნენ. დედაჩემთან ჩემი დისშვილი ბუბუ იყო დატოვებული 4 წლის. თურმე გამომძიებლები მოსულან ჩვენთან და დაუკითხავთ ისინი. მამაჩემი თურმე ბანაობდა, დედაჩემი პურზე ჩასულა, ესე იგი არავის დაგინახავთ, ეზოში რა მოხდაო? არაო, უთქვამთ. ამ დროს ბუბუს უთქვამს: მე ვიყავი აივანზეო, რა მოხდაო? უკითხავს გამომძიებელს... კაცი დავარდაო, მერეო, უკითხავს გამომძიებელს, დავარდა და დასვარა ეზოო. როგორ დავარდაო? როგორ და ასეო_-გამოუტანია თავისი ხმალი ბუბუს დაუჭერია ჰორიზონტალურად და ხელები გაუშვია, აი ასეო, გაიგეთო? ჩაუწერიათ და წასულან უნიჭიერესი გამომძიებლები...

 

2000 წელი. ეზოში ქეიფობენ ჩემი მეზობლები. ღმერთის სადღეგრძელო იყოსო, თქვა გელამ, რომლის სიძე იყო 1971 წელს რომ გადმოვარდა გვერდითი სადარბაზოდან, გელა ჩემს სადარბაზოში მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, ის ბ-ძე კი რომელიც ჩემი სადარბაზოდან გადავარდა 1999 წელს, მისი ამხანაგი.

აბა ლევან დაგვილიეო... გაუმარჯოს მეთქი, და ჩემი ამბავი მოვყევი, მანეთიანი გამომიგზავნა ღმერთმა-მეთქი. გაეცინა და რომ დამთავრდა სუფრა, მითხრა: ღმერთმა კი არა, მაშინ შენი ყვირილი გავიგე, სადარბაზოში ჩამოვდიოდი და დაგიდეო. მერე ეზოში გელოდებოდი, შენი სიხარული რომ დამენახა ყიდვისასო. ბებიაშენი ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო და ერთი წელი ჩამტოვა, 2 გამომაყოლაო. დედაჩემს დაუმეგობრდა ამ სახლში რომ გადმოვიდაო - მითხრა გელამ.

 

რამდენიმე წელიწადი გავიდა და გავიგე, რომ ჩემი გამხარებელი და ბებიაჩემის მიერ გამწარებული გელა ქუჩაში ცუდად გამხდარა და უცბად გარდაცვლილა...“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი