logo_geo
კახა შალამბერიძე: ძაღლია ადამიანიო, ნათქვამია და მართლაც ასეა...
- +

12 იანვარი. 2019. 15:43

 

„ძაღლია ადამიანიო, ნათქვამია და მართლაც ასეა“, - წერს სოციალურ ქსელში პოეტი კახა შალამბერიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობარი რომ აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის, აქეთ კიდევ დედა იმ მდგომარეობაში გყავს, რომ ექიმი გეუბნება, ხვალ-ზეგ შეიძლება აპარატზე შევაერთოთო და მამაზე აღარაფერს ვიტყვი, ამ დროს რომ მაინც სტატუსის წერა მოგინდება კაცს და ჭამა რომ გახსოვს და ჭამის შემდეგ რომ შენი მისაღები წამალი გახსოვს, და მტკვარი რომ აქვეა და ამ ცივ მტკვარში თავს არ იხრჩობ, არ ვიცი რას ვერჩი ამ კეთილშობილ ცხოველს, მაგრამ ძაღლი ხარ, მა რა ხარ...

 

თუმცა, აბა წამალი როგორ არ უნდა გახსოვდეს კაცს, ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ამ ბოლოს სულ კლინიკები და აფთიაქებია ჩემი კინოც, თეატრიც, ოპერაც და რესტორანიც...

 

საქართველოში დღეს ხომ ფარმაბიზნესი (ფარმამაფია) ყვავის მარტო (და ბანკები)...

მილიონრები გაჭირვების ხარჯზე!..

მარა რა გინდა, კაცია, მაყუთი აქვს. ხელგაშლილია, ვიღაცებს ალბათ ეხმარება კიდეც, მკვდარს, ცოცხალს.. მოკლედ, კაი ტიპია...

შვილს ლონდონში ასწავლის, ისიც კაი ტიპია...

შენ კიდევ რამდენი რამის კეთება გინდა კარგის, მაგრამ ცრემლიანი ბურთების ყლაპვის მეტს ვერ ახერხებ ვერასფერს და ბოლოს, რომ დაავადდები ამ ბურთების ყლაპვით, მაინც იმ კაი ტიპთან მიხვალ წამალზე...

 

მეც მივედი და „ომეპრაზოლი“ მომეცით-მეთქი.

3 ლარი და რაღაცაო, კი მარა იაფი არ ღირდა-მეთქი? მართლა გამიკვირდა, ეგო ინდურიო, 70 თეთრი ღირსო...

 

ჰო, ინდურს რომ უფრო აქებენ, ესეც ვიცი, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ჯანდაბას რომ ვამბობთ, ამ სახელის მიმსგავსებული სახელის მქონე ქალაქი ინდოეთშია. იმდენად შორად მიგვაჩნდა რომ კაცს, როცა გადასაკარგავად ვიმეტებდით წყევლაში, ჯანდაბაში წადიო და, შე მართლა ახვარო, რას აწარმოებ ასეთს, ამ ღარიბ ქვეყანაში, მე შენ გეტყვი მუშახელი ძვირი გიჯდება და დიდ ხელფასებს უხდი, მონებად გყავს ხალხი, კაპიკებზე ამუშავებ, რომ იმ ჯანდაბიდან ჩამოტანილი ამდენად იაფი ღირს აქ წარმოებულთან შედარებით?!

 

თან ამათი ასთავიანი დევის მადა რომ ვიცი, იმ შემოტანილს რამდენ მოგებას დაამატებდნენ...

ან ეს „ტამიფლუ“!..

დავწერდი ამაზეც, მაგრამ არ მყოფნის ნერვები...

 

P.S. როცა სახელმწიფო დაფინანსება ამოიწურა, ერთერთმა ფარმა კომპანიის კლინიკამ „სასწაული“ მოახდინა და აპარატზე შეერთებული მეგობრისთვის ნებაყოფლობითი დონორებისგან გაღებული და ნაჩუქარი სისხლები უანგარიშა, ანუ მიყიდა პაციენტს!

მიხვდით ხომ?

ხო მაგარი ბიზნესია?! ნიჭიერები...

 

მე იმ თაობისა ვარ მართლა თავისუფლებაში რომ ვიცხოვრე, რადგან დეკლარირება კი არაა თავისუფლება, ეს შენი სულიერი მდგომარეობაა და არ დამიწყოთ ახლა...

 

დიახ, ღრუზინი ვარ და 37 მანეთად წავყოლილვარ ჩვენს დინამოს მოსკოვში (და არამარტო) საქომაგოდ და იმხელაზე გავყვიროდით მთელი რუსეთის ხმას ვფარავდით, ბუზს ვერ აგვიფრენდა ვერავინ, მონებს...

 

მონა ახლა ვარ, შიშით რომ ვკანკალებ, როდის მომკიდებენ დედაჩემს ზურგზე და მეტყვიან: „აღარ გეკუთვნით დაფინანსება“, - წერს შალამბერიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი