logo_geo
თეა ფირცხალავა: 1908 წლის 13 იანვარს „მისი უდიდებულესობა“ სოლიკო ვირსალაძე დაიბადა
- +

13 იანვარი. 2019. 16:56

 

„1908 წლის 13 იანვარს დაიბადა რაღაც სხვანაირი, მართლაც თავადური გარეგნობის ქართველი თეატრალური მხატვარი და სცენოგრაფი, თითქმის ყველა უმაღლესი წოდების, ჯილდოს და პრემიის ლაურეატი, „მოლაპარაკე“ სასცენო კოსტიუმების შემქმნელი ჯადოქარი, „მისი უდიდებულესობა“ სოლიკო ვირსალაძე“, - ამის შესახებ თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„თქვენ ხომ ყოფილი თავადი ხართ? - მოკრძალებით ჰკითხა ერთმა ხელოვნებათმცოდნემ. კითხვას კითხვითვე უპასუხა: „განა არსებობს ყოფილი სენბერნარი?“

1908 წლის 13 იანვარს ქ. თბილისში, ბაგრატ ვირსალაძისა და ელენე მუსხელიშვილის ოჯახში, დაიბადა რაღაც სხვანაირი, მართლაც თავადური გარეგნობის ქართველი თეატრალური მხატვარი და სცენოგრაფი, თითქმის ყველა უმაღლესი წოდების, ჯილდოს და პრემიის ლაურეატი, „მოლაპარაკე“ სასცენო კოსტიუმების შემქმნელი ჯადოქარი, „მისი უდიდებულესობა“ სოლიკო ვირსალაძე. განათლება თბილისსა და ლენინგრადში მიიღო. გახდა თბილისის და ლენინგრადის (დღევანდელი მარიას) ოპერის და ბალეტის თეატრების მთავარი მხატვარი. 1931 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე შექმნა შედევრალური კოსტიუმები ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლისთვის. იმავე პერიოდში ქმნიდა კოსტიუმებს მოსკოვის დიდი თეატრის სპექტაკლებისთვის, სადაც 1957 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე გააფორმა გენიალური იური გრიგაროვიჩის ყველა ბალეტი.

„ჩემთვის მთავარია - სცენა. აი სცენაზე კი ვცდილობ საოცრება შევქმნა“, - ამბობდა სოლიკო ვირსალაძე და ქმნიდა მართლაც საოცრებებს - „მოლაპარაკე“ დიზაინსა და „მოსაუბრე“ კოსტიუმებს.

ბალეტ „ივანე მრისხანეს“ ესკიზი, რომელიც ხატწერის სტილშია შესრულებული, დღეს იური გრიგაროვიჩის კერძო კოლექციაშია დაცული.

სოლიკო ვირსალაძეს შესახედაობაც თავადური ჰქონდა და ელეგანტურად და მოხდენილადაც იცვამდა. მოგონებაში ამოვიკითხე, თურმე ძალიან ყვარებია ერთი ძვირფასი ბუკლეს პიჯაკი, რომელსაც იმდენად ხშირად იცვამდა, რომ იდაყვები გახუნებია... „ბოლშოის“ მკერავებს დაუკემსავთ და იმ ადგილზე სხვა ფერის ნაჭერი დაუკერებიათ, რაც იმ დროს ძალზე მოდური ყოფილა...

სოლიკო ვირსალაძემ აღადგინა თამარ მეფის გამოსასვლელი კაბაც, რისთვისაც მთელი საქართველო შემოიარა, რათა შემორჩენილი ფრესკებიდან შეესწავლა დიდი თამარის ჩაცმულობა. შეჩერდა ბეთანიის ფრესკაზე. იგი ვარაუდობდა, რომ თამარის კაბა, რომელიც ძვირფასი თვლებით იყო მორთული, უნდა ყოფილიყო მძიმე. ამბობენ, რომ იმ კაბას თამარს მხოლოდ საზეიმო დღეებში, მაგალითად ელჩების მიღებისას, აცმევდნენ. თამარის კაბა შეიკერა ნატურალური ატლასისა და აბრეშუმისგან. იგი გაწყობილი უნდა ყოფილიყო ძვირფასი თვლებით, მაგრამ მხატვრის არაერთი თხოვნის მიუხედავად, საბჭოთა სახელმწიფომ თანხა არ გამოყო, ესაოდა მონარქის კაბაზე თანხებს ვერ დავხარჯავთო. ამიტომ თამარის კაბა ხელოვნური თვლებით გააწყვეს. მოგვიანებით, სოლიკო ვირსალაძის შექმნილი კაბის რესტავრაციისას, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთა თანხებითაც შეძენილი იქნა კაბის გასაწყობი 5,000-მდე ანდალუსიური მარგალიტი, რომელიც, თურმე, მე-12 საუკუნის საქართველოშიც შემოჰქონდათ. დღეს ეს კაბა თბილისის ხელოვნების სასახლეშია დაცული.

აქვე გეტყვით, რომ სოლიკო ვირსალაძეს ოჯახი არასოდეს შეუქმნია, ამბობდა, ხელოვნებაზე ვარ დაქორწინებულიო. სამაგიეროდ ზრდიდა დისშვილებსა და შვილიშვილებს. გამორჩეულად უყვარდა განუმეორებელი შარმის მატარებელი მსახიობი ლევან აბაშიძე, სულით ხორცამდე ქართველი ვაჟკაცი, რომელიც აფხაზეთში ომისას დაიღუპა.

სოლიკო ვირსალაძე გარდაიცვალა 1989 წელს - თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მისი გარდაცვალების შემდგომ იური გრიგაროვიჩი იტყვის: „მისი წასვლით ბევრი დავკარგეთ მეც, თეატრმაც და მთლიანად ხელოვნებამ...“, - წერს ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი