logo_geo
ირმა ინაშვილი: პასუხი ღია წერილის ავტორებსა და დაინტერესებულ პირებს!
- +

23 იანვარი. 2017. 10:56


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ღია პასუხი ღია წერილის ავტორებსა და დაინტერესებულ პირებს!

 

„ობიექტივი" არაკომერციული კავშირია და ეს ყველამ იცის. თუ ვინმემ არ იცის, უბრალოდ, არ სურს, რომ იცოდეს!

 

„ობიექტივს" არ ჰყავს კონკრეტული მფლობელები. მას მხოლოდ წევრები ჰყავს. მე და დავით თარხან-მოურავი რამდენიმე წელია აღარ ვართ „ობიექტივის" არც წევრები და არც ხელმძღვანელები. მფლობელები ვერც ვიქნებით, რადგან ეს მედიაორგანიზაცია არაკომერციული კავშირია. ესეც ყველამ იცის და ვინც არ იცის, ე.ი. არ უნდა, რომ იცოდეს!

 

მე და დავით თარხან-მოურავი არც განვსაზღვრავთ და ვერც განვსაზღვრავთ, ვინ წაიყვანს „ობიექტივის" ეთერში გადაცემებს და ვინ - არა. ამ კომპეტენციაში ჩვენ არც ვერევით და ვერც ვერევით. ესეც ყველამ იცის და ვინც არ იცის, ე.ი. არ უნდა, რომ იცოდეს.

 

როცა მე ვხელმძღვანელობდი „ობიექტივს", ეს 3-4 წლის წინ იყო... ყველა გაზეთის მთავარ რედაქტორს ამ არხზე საავტორო, სარედაქციო გადაცემის წაყვანის შესაძლებლობა ჰქონდა. რამდენადაც ვიცი, ეს წესი არც დღეს შეცვლილა. ასე რომ,  გადაცემის წაყვანა „ობიექტივზე" ახლაც შეუძლიათ სხვადასხვა გამოცემებს, მიუხედავად მათი მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური გემოვნებისა... მაგრამ ამ თემაზე გაზეთის რედაქტორი „ობიექტივის" მთავარ რედაქტორს ბონდო მძინარაშვილს უნდა ესაუბრებოდეს. მე და დავით თარხან-მოურავს ამაზე ხელი არ მიგვიწვდება. ესეც ყველამ იცის. ვინც არ იცის, ე.ი. არ უნდა, რომ იცოდეს.

„ობიექტივზე" ნამდვილად მუშაობს და იღვწის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არაერთი მომხრე, მაგრამ ეს მათი თავისუფალი არჩევანია. „ობიექტივი" არ არის „პატრიოტთა ალიანსის" კერძო ტელევიზია. ესეც ყველამ იცის და თუ ვინმემ არ იცის, ე.ი. მას არ უნდა, რომ იცოდეს!

 

არც მე და არც დავით თარხან-მოურავს არ შეგვიძლია და არანაირი ბერკეტი არა გვაქვს, რომ ცალკეულ წამყვანებს ხელი შევუწყოთ ან ხელი შევუშალოთ „ობიექტივზე" გადაცემის წაყვანაში. გადაწყვეტილებას იღებს „ობიექტივის" სარედაქციო გუნდი. ესეც ადვილი მისახვედრია და თუ ვინმე ვერ ხვდება, ე.ი. არ უნდა, რომ მიხვდეს.

 

ადვილი მისახვედრია, ასევე, რომ ელისო კილაძის გადაცემის გაუქმების მოთხოვნა და ჩემთვის ღია წერილით მომართვა დაკავშირებულია მცდელობასთან,- რატომღაც ჩაგვაბან მრავალწლიან და მრავალმხრივ დაპირისპირებაში. პირდაპირ ვამბობ: ამ დაპირისპირებასთან არანაირი შეხება არა მაქვს არც მე... და არანაირი შეხება არა აქვს არც დავით თარხან- მოურავს. არც პირდაპირი შეხება და არც ირიბი.

 

ამიტომ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ: ნუ ცდილობთ ჩემი და თარხან- მოურავის ჩათრევას ამბავში, რომელთანაც არანაირი თანხვედრა, თანაკვეთა და შეხებაც კი არა გვაქვს.

 

P.S. სხვა თემა. ვიღაცა ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოსდა შევხვდი კეზერაშვილს. დღეს რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელშიც მომწერა. გპასუხობთ: არც მე და არც თარხან- მოურავი კეზერაშვილს პირადად არ ვიცნობთ. ცოცხლად არასდროს შევხვედრივართ. მხოლოდ ფოტოსურათი და ვიდეო თუ გვინახავს მისი. არც ის ვიცით, ინგლისშია თუ არა და მეტიც, დიდ ბრიტანეთში 10 წელზე მეტია საერთოდ არ ვყოფილვართ. ვიზაც არა გვაქვს, რისი გადამოწმებაც რთული არაა. ამას რატომ ვწერ, დაინტერესებული პირები მიხვდებიან", - წერს ირმა ინაშვილი.




 

big_banner
არქივი