logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: ძველით ახალი წელი - ბავშვობის გახსენება...
- +

15 იანვარი. 2019. 14:35

 

 

ისტორიკოსი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძველთ ახალი წელი ...

 

ბავშვობაში, იმერეთში ძველით ახალი წლისათვის განსაკუთრებული მზადება იყო, ყველა ოჯახში საცივი და ღორის მწვადები კეთდებოდა, მეკვლეს - მეფეხეს უმეტესად ბავშვებს საგულდაგულოდ არჩევდნენ იმ ოჯახებიდან, რომელნიც სათნოებით, სიყვარულით, თავმდაბლობით, უშურველობით გამოირჩეოდნენ...

 

13 იანვარს უკვე ვიცოდი ვისთან, რომელ საათზე უნდა მივსულიყავი... მოუთმენლად ველოდი ახალი წლის დადგომას, განთიადის მაუწყებელი პირველი მამლის ყივილზე (3 საათსა და 30 წუთზე) უკვე ვემზადებოდი, „ჯერ ადრეა შვილო“-მეუბნებოდა დედაჩემი, მაგრამ მაინც წამოდგებოდა, მომილოცავდა ახალი წლის დადგომას და მიმზადებდა მოსაკითხებს, მეორე მამლის ყივილზე (4 საათსა და 50 წუთზე) უკვე ვიწყებდი...

 

ახალ წელს უმეტესად თოვლი და ყინვა იყო, ზოგჯერ ახალ ნათოვზე გაუკვალავ გზაზე მივდიოდი, როგორც წესი, ოჯახში ავი ძაღლი დაბმული ჰყავდათ და მისი მრისხანე ხმა აღვიძებდა მასპინძელს, რომელიც კარის ზღურბლზე მეგებებოდა, მეფერებოდა და მიმიძღოდა ჩემთვის განკუთვნილ გაშლილ სუფრაზე. იყო სადღეგრძელოები, სურვილები: ოჯახის სიუხვეზე, ჯანმრთელობაზე, სიკეთეზე. დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთებდი ამას, ხუმრობა ხომ არ იყო, ის წელი მე მეკუთვნოდა და მე ვაგებდი პასუხს მათ ქონებაზე, დასაქორწინებელ ქალ-ვაჟზე, ფრინველსა და ცხვარ-ძროხაზე, ვაზისა და სიმინდის მოსავალზე... იმედმიცემული მასპინძელი გულუხვად მასაჩუქრებდა ტკბილეულით („ბურჟუიკის“ ნამცხვარი), ფულით... ძღვენით დატვირთული სახლში ვბრუნდებოდი და ახლა მეორე ოჯახში წასასვლელად ვემზადებოდი, მიხაროდა, რომ ჩემს მეზობლებს, ბიძა-ბიცოლებს ჩემი კეთილი მეკვლეობის (მეფეხეობის) სჯეროდათ...

 

ეს იყო დიდი ხნის წინ, ახლა მათი უმრავლესობა მარადისობაშია, ძველით ახალი წელი კი ბავშვობის გახსენება.

 

გილოცავთ...

 

P.S. ფანქრით შესრულებული ნახატების ავტორია ქუთაისელი მხატვარი ბატონი გურამ დოლენჯაშვილი“, - წერს ვარდოსანიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი