logo_geo
17 იანვარს რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა
- +

17 იანვარი. 2019. 20:18

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში რობერტ ბარძიმაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არაფერი არ მებადა, სიმღერის და ლექსის გარდა...“ ანუ, რობერტი სრული სვლით...

 

1934 წლის 17 იანვარს დაიბადა განუმეორებელი ენერგიის, უსაზღვრო ნიჭის და ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილი. მოგონებებში ამოვიკითხე, რომ მისი აღმოჩენა ინოლა გურგულიას დამსახურება ყოფილა, რომელსაც, როგორც ქართული ნიჭის საუკეთესო მაგალითს, არასოდეს ღალატობდა გუმანი და გემოვნება... ინოლამ რობერტი ტრიოში ჩართო და... აქედან დაიწყო რობერტის სრული სვლა... პირველი ანსამბლი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა, რომელმაც უცებ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ამაზე გაჩერდებოდა? რომელი ერთი გავიხსენო? „ორერა“, „ვია-75“, ჯგუფი „ჯორჯია“, ბავშვთა ანსამბლი და სკოლა-სტუდია „ლახტი“. მარტო ამ ანსამბლების სახელები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს კაცი თავდაუზოგავად შრომობდა და ბოლომდე იხარჯებოდა, რასაც ხშირად არ უფასებდნენ... ავიღოთ ანსამბლი „ორერა“ და მისი მეშვეობით აღმოჩენილი ვარსკვლავები: ბუბა, ნანი, თემურ დავითაია, გენო ნადირაშვილი, ზურაბ იაშვილი, თეიმურაზ (მეღვინეთ)უხუცესი... ჩემი თაობის ახალგაზრდობა მათი სიმღერებით იზრდებოდა, ერთობოდა, ყვარობდა, ხარობდა და... რომ არა რობერტის დიდი ტალანტი, არა მგონია, ასეთი ანსამბლი შეკრებილიყო... ჯერ მარტო „ორერა სრული სვლით“ რად ღირს? რამდენი სიამოვნება მიანიჭა ამ ფილმმა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ კარგი და ნიჭიერი მუსიკის მოყვარულებს - მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

და ბოლოს იყო რობერტის ბენდი „ბარძიმი“. ამ სახელის დარქმევა, თურმე, საკუთარი გვარიდან გამომდინარე უნდოდა. მსმენია, რომ ოდესღაც არაეკლესიური რობერტი (ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი) საქართველოს პატრიარქთან წასულა, რომ „ბარძიმის“ დარქმევის უფლება მოეპოვებინა. პატრიარქს ნება დაურთავს და საჩუქრად პატარა ბარძიმიც უჩუქებია. არ ვიცი, სახლში ამ ბარძიმიდან დალეულმა წყალმა იმოქმედა თუ პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ, მაგრამ რობერტი საოცრად ეკლესიური გამხდარა და სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეუღლესთან ჯვრისწერაზეც დაფიქრებულა, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოუსწრია.

 

რობერტის მეუღლეს - ვანდა ანთიძეს - სტუდენტობიდანვე კარგად ვიცნობ. იგი ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტია და რობერტს მუდამ დაჰყვებოდა მსოფლიოს გარშემო ანსამბლების მოგზაურობისას.

 

მახსოვს, ერთხელ მე და მურაზი ნიუ-იორკის გავლით ლოს-ანჯელესში მივფრინავდით. ვინაიდან რობერტის და ვანდას ვაჟი - ზურაბ ბარძიმაშვილი - ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ცხოვრობს, ვანდამ საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვარი გამატანა, ესაოდა, გიჟდება, ისე უყვარს და გაუხარდებაო. 1 კვირა ზურაბის ოჯახში დავრჩით და მან და მისმა მეუღლემ, ულამაზესმა ელენე აბულაძემ, საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც დღემდე მათი მადლიერი ვარ. აქვე გეტყვით, რომ რობერტის სახელს მისი შვილიშვილი ატარებს.

 

69 წლის რობერტ ბარძიმაშვილი გარდაიცვალა 2003 წელს, გულის შეტევით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

და ამ სტატუსს კვლავ მისი ცნობილი სიმღერის ტექსტით დავასრულებ:

„იქნებ ვერ ვთქვი, რაც მინდოდა,

მაგრამ გული მქონდა წრფელი,

ვინც გამიგებს, მე ვარ მისი მადლობელი...“

მადლობელი ჩვენ ვართ, რობერტ, რომ იყავი და უამრავი სიხარული და სიამოვნება მოგვანიჭე.

ნათელში ყოფილიყოს შენი სული“, - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი